"> ნიუ ჰოსპიტალსში უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატის, „დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა - ნიუ ჰოსპიტალსი
ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

16 მარტი 2019

ნიუ ჰოსპიტალსში უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატის, „დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა

მსოფლიო გლაუკომის კვირეულთან დაკავშირებით ნიუ ჰოსპიტალსში უახლესი სადიაგნოსტიკო აპარატის, „დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფის პრეზენტაცია გაიმართა. მოხსენება წარადგინა ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სასწავლო-სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელმა, ოლეგ გოლოვაჩოვმა, რომელმაც გლაუკომის ადრეული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე შესაძლებლობების შესახებ ისაუბრა.

„დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფი გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირების ულტრათანამედროვე საშუალებას წარმოადგენს და ნიუ ჰოსპიტალსის ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში უკვე ხელმისაწვდომია. ეს უახლესი ტექნოლოგია წარმატებით გამოიყენება ბადურის, მხედველობის ტრაქტის და თავის ტვინის დაავადებების დიაგნოსტირებისა და მართვის პროცესშიც.

„დიოფსისის“ ელექტრორეტინოგრაფი არის მხედველობის სადიაგნოსტიკო არაინვაზიური, თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ელექტრორეტინოგრაფიის საშუალებით ახდენს გლაუკომის ადრეულ ეტაპზე დიაგნოსტირებას და იძლევა დეტალურ ინფორმაციას პაციენტის მხედველობის შესახებ.

დანადგარი ზომავს მხედველობის სისტემის ელექტრო აქტივობას, რაც აქამდე შეუძლებელი იყო სხვა ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკის ტექნოლოგიებით. თვალში მოხვედრილი სინათლე გარდაიქმნება ელექტროენერგიად და ოპტიკური ნერვის გავლით ხვდება ტვინის იმ ნაწილში, რომელიც მხედველობაზეა პასუხისმგებელი. დანადგარი ზომავს სიგნალის სიჩქარეს და სიძლიერეს მთელი გზის მანძილზე, რომელსაც სინათლე გაივლის. შესაბამისად, დანადგარის საშუალებით შესაძლებელია დადგინდეს რამდენად მყარი კავშირია თვალებსა და ტვინს შორის.

ეს ტექნოლოგია ხელსაყრელია მხედველობის სხვადასხვა დარღვევის დასადგენად და მისი საშუალებით უკვე შესაძლებელია დავაკვირდეთ როგორც დაავადების პროცესის დინამიკას, ასევე მკურნალობის კორელაციას.

გლაუკომის კვირეულთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც კომპანია „სანტენის“ საქართველოს წარმომადგენლობის მხარდაჭერით ჩატარდა, ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის ოფთალმოლოგებმა და მოწვეულმა სპეციალისტებმა ასევე მოისმინეს პროფესორ ხ. უუსიტალოს (ფინეთი) ლექცია გლაუკომის მკურნალობის ინდივიდუალურ მიდგომებზე. მარტში მსოფლიო გლაუკომის კვირეულს აღნიშნავს და მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა სამეცნიერო და საზოგადოებრივი ღონისძიება იმართება.