ელისო ბრეგვაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ოკულოპლასტიკის ასოციაციის პირველ კონგრესში
ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის წამყვანმა სპეციალისტმა, ოფთალმოლოგმა, ელისო ბრეგვაძემ მონაწილეობა მიიღო მსოფლიო ოკულოპლასტიკის, რეკონსტრუქციული და ესთეტიკური ქირურგიის ასოციაციის მიერ ჩატარებულ პირველ მსოფლიო კონგრესში, WSOPRAS2023, რომელიც 5-7 მაისს ქალაქ დუბაიში ჩატარდა. ელისო ბრეგვაძის მიერ წარდგენილი მასალა ნეიროფიბრომატოზი ტიპი 1-ის (რეკლინგ ჰაუზენის სინდრომი) მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს ეხებოდა.
ღონისძიებას, რომლის მიზანი მსოფლიოში რეკონსტრუქციული ქირურგიის პრაქტიკის გაუმჯობესებაა, სწავლის, ინფორმაციის გაზიარების და ინოვაციური ტექნიკების გამოცდის მიზნით 400-ზე მეტი ოკულოპლასტიკის ექსპერტი ესწრებოდა. კონგრესი გახსნისთანავე მსოფლიო მედიის და საინფორმაციო სააგენტოების ყურადღების ცენტრში მოექცა.
ოკულოპლასტიკა და რეკონსტრუქციული ქირურგია ოფთალმოლოგიის ერთ-ერთი სწრაფად მზარდი დარგია, რომლის თანამედროვე შესაძლებლობებს ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები მუდმივად სწავლობენ და ნერგავენ პაციენტთა მკურნალობის პროცესებისა და შედეგების გაუმჯობესებისთვის. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი, რომელსაც თვალის დაავადებათა მკურნალობის 130 წლიანი ტრადიცია გააჩნია, აღჭურვილია ულტრათანამედროვე აპარატურით და დაკომპლექტებულია პროფესიონალი ოფთალმოლოგებითა და ქირურგებით, რომლებიც მუდმივად სთავაზობენ პაციენტებს მკურნალობის უახლეს მეთოდებს.