ინტერვენციული რადიოლოგიის მიღწევების შესახებ
სასურველი ტექსტი
13 აპრილს, „ნიუ ჰოსპიტალსმა“ და „საქართველოს კარდიოვასკულური და ინტერვენციული რადიოლოგიის ასოციაციამ“ ერთობლივი სხდომა გამართეს, სადაც ინტერვენციული რადიოლოგიის სფეროს უახლესი მიღწევები და სიახლეები იქნა წარმოდგენილი.
სხდომას უძღვებოდა ინტერვენციული რადიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსსუ-ის პროფესორი, „ნიუ ჰოსპიტალსის“ დიაგნოსტიკური და ინტერვენციული რადიოლოგიის სამსახურის ხელმძღვანელი მალხაზ მიზანდარი, რომელმაც ისაუბრა ინტერვენციული რადიოლოგიის შესაძლებლობებზე, კერძოდ საშვილოსნოს მიომის ტრანსარტერიული ემბოლიზაციის შესახებ და მოახდინა წარმატებული კლინიკური შემთხვევის დემონსტრაცია. იმავე დეპარტამენტის გამოცდილება ღვიძლის კიბოს ექსკლუზიური შემთხვევის დემონსტრაციის სახით წარმოადგინა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, თამთა აზრუმელაშვილმა.
სხდომაზე მოხსენებებით წარდგა ანკარის „Hacettepe“ უნივერსიტეტის რადიოლოგიის პროგრამების დირექტორი, პროფესორი ბორა პეინირციოღლუ, რომელმაც სტუმრებს წარუდგინა ტრანსარტერიული ემბოლიზაციის მიღწევები ჰეპატოცელულური კარცინომის, საშვილოსნოს მიომის და წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის მენეჯმენტში. ასევე, ევროპისა და აშშ გაიდლაინების მიხედვით ისაუბრა ინტერვენციული რადიოლოგიის ჩარევების შესახებ ონკოლოგიის პრაქტიკაში, რაც გამოიყენება პაციენტთა სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებისა და გახანგრძლივებისთვის.
თანამედროვე მედიცინის უახლეს მიღწევებზე დაყრდნობით, ინტერვენციული რადიოლოგია, რომელიც გულისხმობს მინიმალურად ინვაზიურ (ჭრილობის გარეშე) სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მანიპულაციებს, პაციენტს საშუალებას აძლევს მიიღოს მაქსიმალური შედეგი მინიმალური ჩარევით და საგრძნობლად გაიუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი. ინტერვენციული რადიოლოგია შესაძლებელს ხდის, რადიოლოგიური გამოსახვის მეთოდთა კონტროლით ისეთი მანიპულაციების ჩატარებას, როგორიცაა ორგანოებისა და ქსოვილების ბიოფსია, სადინრებისა და სითხური კოლექციების დრენირება, სადინრებისა და სისხლძარღვების სტენტირება, სიმსივნეთა ტრანსარტერიული ემბოლიზაცია, აბლაცია და სხვ.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. „ნიუ ჰოსპიტალსის“ გამორჩეული ინფრასტრუქტურა და პროფესიონალი სამედიცინო პერსონალის შეთანხმებული, მულტიდისციპლინარული მიდგომა, პაციენტების მკურნალობის შედეგიანობისა და კმაყოფილების საწინდარია.