ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

19 ოქტომბერი 2022

„ნიუ ჰოსპიტალსის“ არითმიების ცენტრში მე-100 მაღალტექნოლოგიური აბლაცია ჩატარდა

„ნიუ ჰოსპიტალსის“ არითმიების ცენტრში მიმდინარე, 2022 წელს მე-100 მაღალტექნოლოგიური აბლაცია წარმატებით დასრულდა. პროცედურა ზვიად მათოშვილის ხელმძღვანელობით მოციმციმე არითმიის მქონე პაციენტს გულის ნორმალური რითმის აღსადგენად და თრომბის წარმოქმნის რისკის შესამცირებლად ჩაუტარდა.


აბლაცია წარმოადგენს არითმიის კერების მოშორების თანამედროვე პროცედურას, რომელიც ადგილობრივი ანესთეზიით, ბარძაყიდან ჩხვლეტით კეთდება და მისი საშუალებით გულში არსებული არითმიის კერის „მოწვა“ ან „გაყინვა“ ხდება. აბლაციით შესაძლებელია ისეთი არითმიების მკურნალობა როგორიცაა წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია), სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია, წინაგულთა თრთოლვა, წინაგულოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმიები და ა.შ.

პროცედურა რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომელთა მკურნალობის პროცესში მედიკამენტური მკურნალობა არ არის საკმარისი. „ნიუ ჰოსპიტალსში“ სრულყოფილად აღჭურვილი არითმიების ცენტრი ფუნქციონირებს, სადაც ნებისმიერი სირთულის არითმოლოგიური პროცედურა და ოპერაცია ტარდება. ცენტრის ხელმძღვანელია ევროპის გულის რითმის ასოციაციის (EHRA) მიერ სრულად სერტიფიცირებული პირველი ქართველი ექიმი, ზვიად მათოშვილი. სწორედ მისი გუნდის მიერ განხორციელდა ამიერკავკასიაში პირველი კრიო აბლაცია. აღსანიშნავია, რომ მილიონ მოსახლეზე გადაანგარიშებით „ნიუ ჰოსპიტალსის“ არითმიების ცენტრის მიერ ჩატარებული მაღალტექნოლოგიური აბლაციების რაოდენობა ახლოსაა დასავლით ევროპის ცენტრების საშუალო მაჩვენებელთან და აღემატება აღმოსავლეთ ევროპის ცენტრების საშუალო მაჩვენებელს.