„ნიუ ჰოსპიტალსის“ და „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის“ ორგანიზებით საერთაშორისო კონგრესი გაიხსნა
18 ოქტომბერს, „ნიუ ჰოსპიტალსის“, „საქართველოს სისხლისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ასოციაციის (GBMTA)“, „ევროპის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (EHA) და „სომხეთის ჰემატოლოგიის ასოციაციის“ (AHA) ორგანიზებით ჰემატოლოგიის საერთაშორისო კონგრესი, EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial გაიხსნა. ღონისძიება „შერატონ მეტეხი პალასში“ 20 ოქტომბრამდე გაგრძელდება და არაერთ აქტუალურ მოხსენებას უმასპინძლებს.
სამდღიანი საერთაშორისო კონგრესის ფარგლებში ქართველი და უცხოელი ჰემატოლოგები და ექსპერტები ჰემატოლოგიის დარგში არსებულ გამოწვევებსა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე ისაუბრებენ. მომხსენებლები ჰემატოლოგიის ახალი ასპექტების და ავთვისებიანი სიმსივნეების დიაგნოსტიკური და სამკურნალო მეთოდების შესახებ საინტერესო და მნიშვნელოვან გამოცდილებას გაუზიარებენ დამსწრე აუდიტორიას. ღონისძიება გახსნა „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკო-ჰემატოლოგიისა და ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ონკო-ჰემატოლოგმა, თამარ კვაჭაძემ.
EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial ჰემატოლოგებს, ბიოსამედიცინო მეცნიერებს, ექთნებსა და ლაბორატორიის სპეციალისტებს აერთიანებს და შესაძლებლობას აძლევს საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით გაიღრმაონ ცოდნა და გამოცდილება დროული დიაგნოსტიკისა და ჰემატოლოგიური ავთვისებიანი სიმსივნეების მართვის შესახებ.
სამდღიანი კონგრესი, პრეზენტაციებთან ერთად, მოიცავს ინტერაქციულ ლექციებს და რეალური პაციენტების გამორჩეული და ინოვაციური მკურნალობის მეთოდების განხილვას. EHA-GBMTA-AHA Hematology Tutorial პირველი საერთაშორისო კონგრესია, რომელიც აკრედიტებულია ჰემატოლოგიის აკრედიტაციის ევროპული საბჭოს, CME-ის მიერ.