„ნიუ ჰოსპიტალსს“ „მეიოს კლინიკის“ და „არპაჟონის საავადმყოფოს“ დელეგაციები ეწვივნენ
„ნიუ ჰოსპიტალსს“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გახსნასთან დაკავშირებით, ამერიკის საუკეთესო ჰოსპიტალის - „მეიოს კლინიკის“ დელეგაცია და „არპაჟონის ცენტრალური ჰოსპიტალის“ გენერალური დირექტორი, სედრიქ ლუსიე ეწვივნენ. ვიზიტის მიზანია მსოფლიოს წამყვანი კლინიკების ექიმებმა მონაწილეობა მიიღონ „ნიუ ჰოსპიტალსის“ მულტიდისციპლინური პედიატრიული სამსახურის ჩამოყალიბებაში და სამედიცინო პერსონალს გაუზიარონ მნიშვნელოვანი გამოცდილება.
29 ნოემბერს, „მეიოს კლინიკის“ დელეგაციამ „ნიუ ჰოსპიტალსში“ კონფერენცია გამართა რომელიც პედიატრიის აქტუალური საკითხების განხილვას მიეძღვნა და „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების და სხვადასხვა დარგის მოწვეული პედიატრებისთვის ლექციების ჩატარებას გულისხმობდა. კონფერენცია მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან თემებს, როგორიცაა უცნობი ეტიოლოგიის ცხელება, სეფსისი და გასტროენტერიტი ბავშვებში.
ამავე ვიზიტის ფარგლებში, „ნიუ ჰოსპიტალსს“ და „არპაჟონის ცენტრალურ ჰოსპიტალს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს საზეიმოდ მოეწერა ხელი „ნიუ ჰოსპიტალსის“ დირექტორის, გიორგი რამიშვილისა და „არპაჟონის ჰოსპიტალის“ დირექტორის, ღონისძიების საპატიო სტუმრის, სედრიქ ლუსიეს მიერ. მემორანდუმის თანახმად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ პედიატრიული მიმართულების ექიმები კვალიფიკაციის ასამაღლებლად საფრანგეთში გაემგზავრებიან, ხოლო ფრანგი სპეციალისტები „ნიუ ჰოსპიტალსს“ ეწვევიან.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრი ახალი, გაზრდილი ფორმატით, პაციენტებს 2019 წლის იანვრიდან მიიღებს და მასში ფუნქციონირებას დაიწყებს ბავშვთა კრიტიკული და გადაუდებელი მედიცინის ცენტრი. ასევე, ამოქმედდება ბავშვთა ორთოპედიული, კარდიოლოგიური, ნეიროქირურგიული, ჰემატოლოგიური და ლაპარასკოპიული ქირურგიის მიმართულებები; გაიხსნება ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ცენტრი და ახალშობილთა ქირურგიის განყოფილება. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრის გუნდი დარგის საუკეთესო სპეციალისტებით იქნება დაკომპლექტებული და პაციენტებს 24 საათის მანძილზე გაუწევს ქვეყნის მასშტაბით საუკეთესო პედიატრიულ მომსახურებას.