ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

15 დეკემბერი 2021

„ნიუ ჰოსპიტალსში“ აკრედიტებული კურსი - “ბავშვთა გადაუდებელი დაავადებები“ ჩატარდება

27-30 დეკემბერს „ნიუ ჰოსპიტალსში“ გაიმართება ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლების აკრედიტებული კურსი, “ბავშვთა გადაუდებელი დაავადებები“, რომელსაც გაუძღვება „ნიუ ჰოსპიტალსის“ სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი, კახაბერ ჩიხრაძე, ასევე პროფ. დავით ციბაძე და გიორგი კვიცინაძე.


„ბავშვთა გადაუდებელი დაავადებების“ კურსი  განკუთვნილია ბავშვთა გადაუდებელი მედიცინის, ანესთეზიოლოგია-რეანიმაციის, ბავშვთა ქირურგიის და სასწრაფო დახმარების სერტიფიცირებული ექიმებისთვის. კურსს მინიჭებული აქვს აკრედიტაციის 18 ქულა და მისი დასრულების შემდეგ, ყველა მონაწილეს გადაეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.


კურსის ღირებულება 240 ლარია და რეგისტრაციისთვის საჭიროა „ნიუ ჰოსპიტალსთან“ დაკავშირება ნომრებზე 2 190190 ან 577 330700.


აღნიშნული სასწავლო ღონისძიება ტარდება კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით - თითოეული მონაწილე უნდა იყოს აცრილი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ორი დოზით, უნდა ჰქონდეს გადატანილი კოვიდინფექცია ბოლო 6 თვის განმავლობაში ან უნდა წარმოადგინოს ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხი.


„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. ექიმთა უწყვეტი სამედიცინო განათლება - მედიცინის თანამედროვე მიდგომების შესახებ ცოდნითა და უნარებით სამედიცინო პერსონალის მუდმივი უზრუნველყოფა, ხარისხიანი სამედიცინო სერვისების განუყოფელი ნაწილია და უმნიშვნელოვანეს პროცესს წარმოადგენს „ნიუ ჰოსპიტალსისთვის“. კლინიკა შესაძლებლობას აძლევს სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს სხვადასხვა მიმართულებით გაიღრმაონ ცოდნა. კერძოდ, გაიარონ სიცოცხლის გადარჩენის ბაზისური ალგორითმის, გულ-სისხლძარღვთა მწვავე დაავადებების მართვის, მწვავე ტრავმის მართვის და ბავშვთა გადაუდებელი დაავადებების აკრედიტებული კურსები.