„ნიუ ჰოსპიტალსში“ გულმკერდის აორტაზე რთული ქირურგიული ჩარევა წარმატებით ჩატარდა
„ნიუ ჰოსპიტალსში“ რთული ქირურგიული პროცედურა წარმატებით დასრულდა. პაციენტს, რომელსაც აორტის ანევრიზმა აღენიშნებოდა, „ნიუ ჰოსპიტალსის“ სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა, გიგი ბრეგაძემ გულმკერდის და მუცლის აორტის სტენტირება TEVAR და EVAR პროცედურებით ჩაუტარა.
ოპერაციის დროს განხორციელდა ენდოვასკულური ჩარევა მთავარ სისხლძარღვზე - სანათურის მთლიანობის აღდგენა, რადგან მომხდარი იყო სისხლძარღვის შიდა შრის აშრევება და მისგან გამომავალი მნიშვნელოვანი ტოტების დახშობა სხვადასხვა ვარიაციებით. აღნიშნული ოპერაციის ჩატარება სასიცოცხლო მნიშვნელობის იყო პაციენტისთვის, რამდენადაც მას აღენიშნებოდა სისხლის მიმოქცევის და მნიშვნელოვანი ორგანოების სისხლმომარაგების დარღვევა, რაც მისთვის ქმნიდა კიდურების დაკარგვის ან გარდაცვალების მაღალი რისკს.
TEVAR და EVAR პროცედურები, რაც „ნიუ ჰოსპიტალსში“ მე-5 წელია ტარდება, მნიშვნელოვან მიღწევას წარმოადგენს სისხლძარღვთა ქირურგიაში და პაციენტების სიცოცხლის გადარჩენის შესაძლებლობას ქმნის.
„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც 2011 წლიდან უმაღლესი ხარისხის სტაციონარულ და ამბულატორიულ სერვისებს სთავაზობს პაციენტებს. სისხლძარღვთა ქირურგიისა და კარდიოქირურგიული დეპარტამენტების მაღალკვალიფიციური გუნდი უახლესი აპარატურის გამოყენებით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უზრუნველყოფს გულის დაავადებათა სრული სპექტრის დიაგნოსტირებასა და მკურნალობას.