ნიუ ჰოსპიტალსში კისტოზური წარმონაქმნის კიდევ ერთი ურთულესი ოპერაცია წარმატებით დასრულდა
ყბა-სახის არეში განვითარებული კისტოზური და კეთილთვისებიანი წარმონაქმნები თანამედროვე კლინიკურ პრაქტიკაში საკმაოდ ხშირად გვხვდება და მათი მართვა განსაკუთრებულ სიფრთხილეს და გამოცდილებას მოითხოვს. ბოლო პერიოდში მსგავსი პათოლოგიების სიხშირე განსაკუთრებით გაიზარდა ბავშვთა და მოზარდთა ასაკობრივ ჯგუფში, რაც ადრეული დიაგნოსტიკისა და სწორად დაგეგმილი მკურნალობის აუცილებლობას კიდევ უფრო ზრდის.
ამ ტიპის წარმონაქმნები ხშირად ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ტკივილისა და სხვა კლინიკური ნიშნების არარსებობის გამო დიაგნოსტიკა ხშირად ხდება გვიან ეტაპზე, როდესაც წარმონაქმნი უკვე დიდი ზომისაა ან ანთებითი პროცესია დაწყებული.
სწორედ ასეთი რთული კლინიკური შემთხვევა დაფიქსირდა „ნიუ ჰოსპიტალსში“, სადაც მრავალპროფილური გუნდის ჩართულობით პაციენტს კისრის არეში დიდი ზომის, ანთებითად შეცვლილი კისტოზური წარმონაქმნი ქირურგიულად ამოუღეს. შემთხვევის კლინიკურ თავისებურებებსა და ოპერაციის დეტალებზე გვესაუბრება ყბა-სახის ქირურგი ბექა ბაკურაძე.
რა სიმპტომებით გამოვლინდა კისტოზური წარმონაქმნი და რა გახდა ექიმთან მიმართვის მთავარი მიზეზი?
პაციენტმა კლინიკას საერთო სისუსტისა და თავბრუსხვევის ჩივილებით მომართა. აღნიშნული სიმპტომების მიზეზი იყო კისრის არეში არსებული კისტოზური წარმონაქმნი, რომელიც აწვებოდა მაგისტრალურ სისხლძარღვებს და იწვევდა თავის ტვინის სისხლით მომარაგების შეფერხებას.
ოპერაციამდე პაციენტმა გაიარა შესაბამისი წინასაოპერაციო მომზადება, მათ შორის ანტიბიოტიკოთერაპია. ჩატარდა ანგიოქირურგის კონსულტაცია, შესრულდა მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით, რამაც დეტალურად შეაფასა წარმონაქმნის გავრცელება და მისი ურთიერთმიმართება მიმდებარე სტრუქტურებთან. მიღებული მონაცემების საფუძველზე დაიგეგმა ქირურგიული ჩარევის ტაქტიკა და ოპერაცია წარმატებით შესრულდა.
შეგიძლიათ განგვიმარტოთ, რატომ იყო ეს ოპერაცია განსაკუთრებული?
წარმონაქმნი კისრის არეში განსაკუთრებულად დიდი ზომის. ის ღრმად იყო განლაგებული კისრის ქსოვილებში და ძალიან ახლოს მდებარეობდა მნიშვნელოვანი სისხლძარღვების - საძილე არტერიისა და საუღლე ვენის -მიმდებარედ. წარმონაქმნის მოცილების დროს აუცილებელი იყო მნიშვნელოვანი სისხლძარღვებისა და ნერვული სტრუქტურების დაზიანების რისკის მინიმუმამდე დაყვანა. მსგავსი ოპერაციები იშვიათია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიდი ზომის კისტები თითქმის უშუალოდ მიერთებულია მაგისტრალურ სისხლძარღვებთან. ამ შემთხვევაში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ორგანოების დაცვას და ოპერაცია მილიმეტრული სიზუსტით უნდა შესრულდეს. სწორედ ამიტომ ორმა ქირურგმა, ანგიოქირურგმა - გიგი ბრეგაძემ და ყბა-სახის ქირურგმა - ბექა ბაკურაძემ ვიმუშავეთ.
რამდენ ხანს გაგრძელდა და როგორ წარიმართა ოპერაცია?
ოპერაცია დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა. როგორც უკვე აღვნიშნე, რთული მდებარეობის გამო საჭირო იყო ფრთხილი და დეტალური მუშაობა, რათა არცერთი მნიშვნელოვანი სტრუქტურა არ დაზიანებულიყო.
ოპერაცია წარმატებით დასრულდა. ყველა წამყვანი სისხლძარღვი, მათ შორის მათი პერიფერიული ტოტებიც, სრულიად უვნებელი დარჩა. წარმონაქმნი ამოღებული იქნა მთლიანად, ყოველგვარი გართულებების გარეშე.
რა მომსახურებას სთავაზობს “ნიუ ჰოსპიტალსი” პაციენტებს ყბა-სახის ქირურგიის მიმართულებით?
„ნიუ ჰოსპიტალსის“ ყბა-სახის ქირურგიული განყოფილება პაციენტებს სთავაზობს დიაგნოსტიკისა და მკურნალობის სრულ სპექტრს, როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზარდებისთვის. განყოფილებაში ხელმისაწვდომია უახლესი, მაღალი ტექნოლოგიური აპარატურა, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმებს კვლევების დროს მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრონ პრობლემის ბუნება და შეარჩიონ ყველაზე ეფექტური მკურნალობის მეთოდი.
ნიუ ჰოსპიტალსის განახლებული ართროსკოპიული აღჭურვილობა უნიკალურია რეგიონში და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტის ყველა მოთხოვნას. ამ აპარატურის მეშვეობით შესაძლებელია სახსრების ოპერაციები მინიმალურად ინვაზიური მეთოდით — მცირე ჭრილობებით, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს პოსტოპერაციულ რისკებს და აჩქარებს აღდგენას.
განყოფილებაში ხდება ასევე დაზიანებული თვალის მკურნალობაც, რაც მოიცავს ძვლის ნამსხვრევების ამოკვეთას და თვალბუდის ფსკერის იმპლანტაციას, ტიტანის ფირფიტებისა და სხვა თანამედროვე იმპლანტების გამოყენებით. ეს პროცედურები უზრუნველყოფენ მკურნალობის მაღალ ეფექტურობას, უსაფრთხოებას და პაციენტის მაქსიმალურ კომფორტს.