28 იანვარი 2019
რა არის გრიპი და როგორ დავიცვათ თავი ინფიცირებისგან
გრიპი არის კონკრეტულად გრიპის ვირუსით გამოწვეული ზემო სასუნთქი გზების ინფექცია. გრიპის ვირუსით ინფიცირება ზრდის სხვა ინფექციების განვითარების რისკს, მაგალითად, ვირუსული ან ბაქტერიული პნევმონია (ფილტვების ანთება), რომელიც აზიანებს ფილტვებს და რომელიც შესაძლებელია გახდეს სიცოცხლისთვის საშიში გართულება. ამგვარი გართულების მაღალი რისკის ქვეშ არიან:
- ასაკოვანი ადამიანები (65 წლის და ზემოთ)
- მცირეწლოვანი ბავშვები
- ფილტვების ან გულის ქრონიკული დაავადებების მქონე პირები
- სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები, რომელთა იმუნური სისტემა დასუსტებულია
- ჯანმრთელი ორსული ქალები, განსაკუთრებით ორსულობის მეორე ნახევრიდან
ხშირად გრიპს უწოდებენ ნებისმიერ რესპირატორულ ვირუსულ ინფექციას, მაგალითად, ე.წ. „გაციებას“ ან „ენტეროვირუსს“. თუმცა, უნდა გვახსოვდეს, რომ ესენი სხვადასხვა დაავადებებია და გრიპისგან განსხვავებით, „გაციების“ ან „ენტეროვირუსის“ როგორც მიმდინარეობა, ასევე გართულებები გაცილებით მსუბუქია. ასევე აღსანიშნავია, რომ მათზე არ არის ეფექტური არც გრიპის ვაქცინა, და არც გრიპის ანტივირუსული თერაპია (მაგ. ტამიფლუ).