რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის - COVID-19 შესახებ?
რა უნდა ვიცოდეთ კორონავირუსის - COVID-19 შესახებ?
დღევანდელი მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების რისკი გაზრდილია. რისკის თავიდან აცილების მიზნით, სახელმწიფოში მიღებულია შესაბამისი ზომები და უწყვეტ რეჟიმში ხდება საზოგადოების ინფორმირება ვირუსის გავრცელების და პრევენციის ნორმების შესახებ. დეტალური ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ იხილოთ სპეციალური გვერდი StopCov.ge, რომელიც შეიქმნა საქართველოს მთავრობის მიერ საზოგადოების ინფორმირებისა და კორონავირუსის საქართველოში გავრცელების პრევენციის მიზნით. ასევე, შეგიძლიათ ეწვიოთ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გვერდს.
რა უნდა გავითვალისწინოთ ვირუსის გავრცელების პირობებში?
კორონავირუსის COVID-19 გავრცელებასთან ერთად, მნიშვნელოვანია დავიცვათ თავი დაინფიცირებისგან და ასევე არ შევუწყოთ ხელი ვირუსის გავრცელებას.
თუ ბოლო 14 დღის მანძილზე იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ან გქონდათ კონტაქტი ადამიანთან, რომელსაც დადგენილი აქვს კორონავირუსული ინფქცია ან შესაძლოა დაინფიცირებული იყოს კორონავირუსით, გთხოვთ დარჩეთ სახლში და დაუკავშირდეთ ჯანდაცვის სამინისტროს ნომერზე 1505 ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს ნომერზე 116001.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ ექიმთან გეგმიური ვიზიტის განსახორციელებლად, აუციელებალია წინასწარ ჩაწერა. დაუკავშირდით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცენტრს ნომერზე 2 190 190, ჩაეწერეთ ვიზიტზე და გაიარეთ სატელეფონი ტრიაჟი. „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცენტრი ფუნქციონირებს ყოველდღე 09:00-დან 21:00 საათამდე.
როგორ დავიცვათ ვირუსებისგან საკუთარი თავი და გარშემომყოფები?
დაიცავით რესპირატორული ეტიკეტი - ხველების ან ცემინების დროს სახეზე აიფარეთ მოხრილი იდაყვი. ასევე, შეგიძლიათ გამოიყენოთ ერთჯერადი ცხვირსახოცი, რომელსაც მოხმარების შემდეგ ჩააგდებთ ურნაში.
დაიბანეთ ხელი - სისტემატიურად და ხანგრძლივად (მინიმუმ 20 წამის მანძილზე) დაიბანეთ ხელი საპნით და გამდინარე წყლით. გაითვალისწინეთ, რომ ხელების დაბანა ყველაზე მნიშვნელოვანია ჭამის წინ და საპირფარეშოს მოხმარების შემდეგ, ასევე დაცემინების ან დახველების შემდეგ. თუ საპონსა და წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ, გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო ხსნარი, რომელიც შეიცავს 60%-დან 95%-მდე ალკოჰოლს.
გაწმინდეთ ზედაპირები - ხშირად გაასუფთავეთ ის ზედაპირები, რასაც სისტემატიურად ეხებით, მაგალითად ტელეფონი, კლავიატურა, კარის სახელური, სხვ.
ხშირად დასმული შეკითხვები
ახლახანს ვიმოგზაურე დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში, თუმცა არ მაქვს ვირუსის სიმპტომები. შესაძლებელია თუ არა ვისარგებლო სამედიცინო სერვისებით „ნიუ ჰოსპიტალსში“?
თუ უკანასკნელი 14 დღის მანძილზე იმოგზაურეთ ქვეყნის გარეთ, იმ შემთხვევაშიც კი თუ არ გაქვთ ვირუსის სიმპტომები, საჭიროა ექიმთან ვიზიტის ან სამედიცინო პროცედურის ხელახლა დაგეგმვა. თვითიზოლაციის წესები შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე StopCov.ge.
ახლახანს ვიმოგზაურე დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში და მაქვს ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.
თუ უკანასკნელი 14 დღის მანძილზე იმოგზაურეთ ქვეყნის გარეთ ან გქონდათ კონტაქტი ადამიანთან, რომელიც შესაძლოა დაინფიცირებული იყოს კორონავირუსით და გაწუხებთ ხველა, სიცხე ან სუნთქვის გაძნელება, გთხოვთ დაუკავშირეთ ჯანდაცვის სამინისტროს ნომერზე 1505 ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს ნომერზე 116001.
არ მაქვს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, მაგრამ სურვილი მაქვს ჩავიტარო სადიაგნოსტიკო ტესტი. სად კეთდება ანალიზი კორონავირუსზე?
სადიაგნოსტიკო ტესტის უფასოდ ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ეპიდემიოლოგის გადაწყვეტილებით, იმ შემთხვევაში, თუ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება კორონავირუსისთვის დამახასიათებელ კრიტერიუმებს. თუმცა, სადიაგნოსტიკო ტესტები ხელმისაწვდომია კერძო ლაბორატორიებში, სადაც მომსახურება ფასიანია.
ვფიქრობ დაინფიცირებული ვარ კორონავირუსით. შესაძლებელია რომ ვისარგებლო „ნიუ ჰოსპიტალსის“ გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის მომსახურებით?
თუ გაქვთ სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით 112-ს. თუ უკანასკნელი 14 დღის მანძილზე იმოგზაურეთ დაინფიცირების მაღალი რისკის მქონე ქვეყანაში ან გქონდათ კონტაქტი ადამიანთან, რომელიც შესაძლოა დაინფიცირებული იყოს კორონავირუსით და გაგივითარდათ ხველა, სიცხე ან სუნთქვის გაძნელება, გთხოვთ დაუკავშირეთ ჯანდაცვის სამინისტროს ნომერზე 1505 ან დაავადებათა კონტროლის ცენტრს ნომერზე 116001.
კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისათვის საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გამოყოფილი აქვს შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებები, სადაც ხდება პაციენტების გადანაწილება დასაკვირვებლად და სამკურნალოდ. მოცემული დროისათვის „ნიუ ჰოსპიტალსი“ არ შედის ამ დაწესებულებების რიცხვში.
უზრუნველმყოფს თუ არა „ნიუ ჰოსპიტალსი“ სპეციალური პირბადით?
პირბადის გამოყენება რეკომენდებულია ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც აღენიშნება ნებისმიერი რესპირატორული ინფექციის სიმპტომები, რათა შეამცირონ ვირუსების გავრცელების რისკი.
„ნიუ ჰოსპიტალსის“ სტაციონარში მოხვედრილ ყველა პაციენტს რესპირატორული სიმპტომებით ეძლევა ნიღაბი. ამბულატორიაში ექიმთან ვიზიტზე, ლაბორატორიულ ან ინსტრუმენტულ კვლევაზე მოსულ ყველა პაციენტს ვთხოვთ ეკეთოს პირბადე. თუ პაციენტს არ აქვს პირბადე, მისი შეძენა შესაძლებელია რეგისტრაციის დროს, კლინიკის რეგისტრატურაში. შეძენისას პირბადე გაიცემა მხოლოდ პაციენტზე და მის ერთ თანმხლებ პირზე, თვითღირებულებით, ფასნამატის გარეშე.
ყველა პაციენტი კლინიკაში შესვლის წინა ვალდებულია ხელი დაიმუშავოს დეზინფექტანტით, რომელიც თავისუფალ წვდომაშია კლინიკის შესასვლელებში.
შესაძლებელია თუ არა „ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტის მონახულება?
ამჟამად არსებული ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სტაციონარულ განყოფილებაში შეზღუდულია პაციენტების პირადად მონახულების შესაძლებლობა. თუმცა, კლინიკაში მოწყობილია ვიდეო კომუნიკაციის შესაძლებლობები და გამოყოფილ დროში კლინიკა უზრუნველყოფს პაციენტებისა და მნახველების ვიდეოზარების განხორციელებას აღნიშნული აპარატურით.
უსაფრთხოა თუ არა ამბულატორიული სერვისებით სარგებლობა „ნიუ ჰოსპიტალსში“?
2019 წელს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგით საქართველოს კლინიკების შესწავლის შედეგად „ნიუ ჰოსპიტალსი“ აღიარებულია პაციენტებისათვის ყველაზე უსაფრთხო საავადმყოფოდ საქართველოში. თუმცა, შექმნილი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ყველა პაციენტს ვურჩევთ დაემორჩილოს საქართველოს მთავრობისა და ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მოწოდებას და აუცილებლობის გარეშე არ გავიდეს სახლიდან. თუკი თქვენი ვიზიტის მიზანი გეგმიური გასინჯვაა და მისი გადადება შესაძლებელია, გირჩევთ ასე მოიქცეთ. თუკი არ ხართ დარწმუნებული - გთხოვთ დაუკავშირდეთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცენტრს ნომერზე 2190190 და შეათანხმოთ ექიმთან დისტანციური კონსულტაცია.
კლინიკაში დანერგილია ჰაერის ნაკადების მართვისა და ფილტრაციის საუკეთესო სისტემები და ამასთანავე, დამატებით ხდება სივრცეების განიავება დადგენილი პერიოდულობით. ასევე, გაორმაგებული სიხშირით ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.
„ნიუ ჰოსპიტალში პაციენტების“ ამბულატორიაში მიღებისა და განყოფილებებში გადამისამართების პროცესში ხდება პაციენტების მდგომარეობის შეფასება და კორონავირუსით დაინფიცირების რისკის არსებობის შემთხვევაში ხდება მათი გადაყვანა შესაბამისი სტანდარტის იზოლირებულ სივრცეში.
შესაძლებელია თუ არა „ნიუ ჰოსპიტალსში“ დაგეგმილი ვიზიტის ან პროცედურის ხელახლა დაგეგმვა?
დიახ, ვიზიტის ხელახლა დასაგეგმად დაუკავშირდით „ნიუ ჰოსპიტალსის“ ქოლცენტრს ნომერზე 2 190 190.
რა შემიძლია გავაკეთო საკუთარი თავის, ოჯახის და საზოგადოების დასაცავად?
დაინფიცირების რისკის შესამცირებლად სასურველია დარჩეთ სახლში და მოერიდოთ მასობრივი თავშეყრის ადგილებს, ასევე დაიცვათ ჰიგიენა და სისტემატიურად გაასუფთაოთ საგნები, რასაც ეხებით (მაგ. ტელეფონი, მაგიდა, სხვ.)
დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ გაცემული ძირითადი რეკომენდაციებია:
- ხელების ხშირი დაბანა
- სახეზე / თვალში / პირზე ხელის შეხებისგან თავი არიდება
- ჰიგიენის დაცვა
- ხველისა და ცემინების ეტიკეტის დაცვა
- ქუჩაში ცხოველებთან ახლო, დაუცველი კონტაქტისგან თავის შეკავება