ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

30 მაისი 2022

რა უნდა ვიცოდეთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ჰოსპიტალური სტაციონარული სამედიცინო სერვისების შესახებ

როგორ მოვემზადო ოპერაციისთვის?

ოპერაციისთვის მომზადება რთული არ არის, თუმცა მნიშვნელოვანია რამდენიმე საკითხის გათვალისწინება:


ტანსაცმელი - როგორც ჩავიცვათ ოპერაციის წინ?

ოპერაციის წინ პაციენტი კლინიკაში უნდა მოვიდეს ჩვეულებრივად ჩაცმული, სუფთა, კომფორტული ტანსაცმლით. განსაკუთრებული სამოსი ოპერაციისთვის არ არის საჭირო, რადგან ოპერაციის დროს ჩასაცმელ სპეციალურ ხალათს „ნიუ ჰოსპიტალსი“ უზრუნველყოფს.

თუმცა, მნიშვნელოვანია პაციენტმა იქონიოს ოთახის კომფორტული ფეხსაცმელი, რათა პალატაში მოთავსების შემდეგ გამოიყენოს გადაადგილებისას.

ოპერაციისთვის კლინიკაში მოსვლისას, არ არის რეკომენდებული მაკიაჟის გამოყენება, ასევე დაუშვებელია ხელის და ფეხის თითების ლაქით (განსაკუთრებით გელ-ლაქით) დაფერვა, ვინაიდან აღნიშნული ნივთიერებები ხელს უშლის სასიცოცხლო მონაცემების (პულსი, ჟანგბადის სატურაცია) შესაბამის მეთვალყურეობას.


ჰიგიენა - მივიღოთ თუ არა შხაპი ოპერაციის წინ?

ოპერაციის წინ რეკომენდებულია პაციენტმა მიიღოს შხაპი (არა აბაზანა) და კლინიკაში მოვიდეს მოწესრიგებული.


ჰიგიენური საშუალებები - რა დაგხვდებათ პალატაში?

ოპერაციის შემდეგ პაციენტი მოთავსდება პალატაში, სადაც გამზადებული იქნება პერსონალური სამედიცინო საწოლი, სუფთა თეთრეულით. პალატა აღჭურვილია ხელის ჰიგიენისთვის საჭირო თხევადი საპნით.


საჭირო ნივთები - რა უნდა იქონიოთ თან, ჰოსპიტალში მოთავსებისას:

  • სუფთა კომფორტული ტანსაცმელი
  • ოთახის კომფორტული ფეხსაცმელი („ჩუსტები“)
  • პირის ღრუს ჰიგიენური საშუალებები (ჯაგრისი, კბილის პასტა) და პირსახოცი

პაციენტმა კლინიკაში მოსვლისას არ უნდა იქონიოს სამკაულები და ძვირფასი ნივთები, რადგანაც კლინიკაში არ არის განთავსებული ძვირფასეულობების შესანახი სეიფი. პასუხისმგებლობას ძვირფასეულობის შენახვასა და მეთვალყურეობაზე კლინიკა არ იღებს.


როგორ დავგეგმო ჰოსპიტალიზაცია ან შევათანხმო ოპერაციის დღე?

ოპერაციის თარიღისა და წინასაოპერაციო კვლევების დაგეგმვა ხდება პაციენტის და პირადი ექიმის ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე. ექიმი უშუალოდ ჩართულია ოპერაციისთვის მომზადების ყველა ეტაპზე და ატყობინებს პაციენტს ოპერაციისა და კლინიკაში გამოცხადების დროს. ასევე, ექიმის მიერ ხდება პაციენტის ინფორმირება მიმდინარე ეპიდსიტუაციის შესაბამისი რეგულაციებისა და მოთხოვნების შესახებ.


ოპერაციას წინ უსწრებს პაციენტის ვიზიტი კლინიკაში, რომლის დროსაც პაციენტს შეაფასებს თერაპევტი და ანესთეზიოლოგი. ამ ვიზიტის მიზანია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მაქსიმალური შესწავლა და რისკების ზუსტი განსაზღვრა. წინასაოპერაციო სტანდარტულ კვლევებს, საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლოა დაემატოს სხვა კვლევებიც. საბოლოოდ ოპერაციის დღის დაგეგმვა ხდება ზემოთ აღწერილი ეტაპების გავლის შემდეგ.


როგორ ხდება პაციენტების კვება?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ პაციენტის კვებას უზრუნველყოფს ISO სერტიფიკატის მქონე, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე კონტრაქტორი ორგანიზაცია.  მენიუ შედგენილია ნუტრიციოლოგიური გაიდლაინებით, სხვადასხვა დაავადების მქონე ჰოსპიტალიზებული პაციენტებისათვის და ითვალისწინებს პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის შესაფერის დიეტას.

მენიუ შემუშავებულია სპეციალურად პაციენტებისთვის, რათა მათთვის უზრუნველყოფილი იყოს მაღალი ხარისხის, სრულფასოვანი კვებითი ღირებულების მქონე, რეგულარული რაციონი. თუმცა, დიეტური კომპონენტის გათვალისწინებით, კლინიკაში არსებული საკვები შესაძლოა განსხვავდებოდეს პაციენტის გემოვნებითი ღირებულებისაგან.


პაციენტებს, მათი საჭიროებიდან და ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, შეუძლიათ კვების სამჯერადი ან ოთხჯერადი (დიაბეტური) მენიუს შეკვეთა. პაციენტებს, ვისაც ექიმის მიერ უწესდებათ ინდივიდუალური კვებითი შეზღუდვები, მიეწოდებათ მათი საჭიროებების მიხედვით შექმნილი მენიუ. საკვები ყოველდღიურად ახალია და უზრუნველყოფილია „ნიუ ჰოსპიტალსის“ პარტნიორი ორგანიზაციის მიერ.


გაითვალისწინეთ, რომ კლინიკაში კვება არის ფასიანი და არ შედის ძირითადი სერვისის (ოპერაციის თუ სხვა მიზეზით ჰოსპიტალიზაციის) ღირებულებაში. სურვილის შემთხვევაში, პაციენტის ახლობლებს აქვთ შესაძლებლობა, რომ ჰოსპიტალიზაციის პერიოდში თვითონ უზრუნველყონ პაციენტის კვება, რაც ნაკლებად სასურველია. თუმცა გასათვალისწინებელია, რომ კლინიკაში არ არის პაციენტის კვების შენახვის საშუალება, ამის გათვალისწინებით საკვები ულუფის კლინიკაში მოტანა უნდა მოხდეს დღეში 3–4-ჯერ, რათა უზრუნველყოფილი იყოს შესაბამისი ტემპერატურა და ვარგისიანობა. კლინიკა ვერ აიღებს პასუხისმგებლობას მოტანილი საკვებით დამდგარი საკვებისმიერი ინტოქსიკაციით გამოწვეულ გართულებებზე. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ კლინიკაში არსებული საკარანტინე პირობების გათვალისწინებით, პაციენტის ახლობლების მიერ მოწოდებული საკვების და ერთჯერადი ჭურჭლის მიმოცვლა, შესაძლოა გართულდეს. კოვიდ სივრცეში საკვებისა და  ჭურჭლის შეტანა შეუძლებელია.


ინფორმაციას ოპერაციამდე საკვების და სითხის ბოლო ულუფის მიღების შესახებ, მოგაწვდით მკურნალი ექიმი და ანესთეზიოლოგი. გაითვალისწინეთ, რომ ანესთეზიიდან გამომდინარე, ოპერაციის შემდეგ რამდენიმე საათის განმავლობაში ვერ მიიღებთ სითხეს და საკვებს, ვინაიდან ამ დროს მაღალია გადაცდენის (ასპირაციის) და მისგან გამოწვეული გართულებების რისკი. თქვენი ექთანი ან/და ექიმი შეგატყობინებენ როდის იქნება შესაძლებელი პოსტოპერაციულად საკვების და სითხის მიღების დაწყება.

new hospitals

როგორ დავუკავშირდე პალატიდან სამედიცინო პერსონალს?

ყველა პალატაში, ყველა პაციენტისთვის ფუნქციონირებს ექთნის გამოძახების სისტემა. გამოძახების ღილაკის გამოყენების შემდეგ, ექთნის დაყოვნება შეიძლება შეადგენდეს რამდენიმე წუთს, რადგან ის შესაძლოა იყოს დაკავებული სხვა პაციენტთან. თქვენი პალატის ექთანი დღის განმავლობაში პერიოდულად (გეგმიურად) შემოგაკითხვათ, რათა შეაფასოს თქვენი მონაცემები და დანიშნულების მიხედვით გამოიყენოს წამლები.

ჰოსპიტალიზაციის პერიოდში, თქვენთვის შეუმჩნევლად, უწყვეტ რეჟიმში, თქვენი ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციის მიმოცვლა და მონიტორინგი ხდება ექიმებსა და ექთნებს შორის. თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის ყოველდღიური გადაბარება ხდება მორიგე ექიმებისთვის.


რისთვის არის საჭირო ხელზე სპეციალური სამაჯურის ტარება?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული პაციენტების იდენტიფიკაციის სისტემიდან სამაჯური არის იდენტიფიკაციის პროცესის ერთ-ერთი კომპონენტი, რომელიც გარკვეულ შემთხვევებში შეუცვლელია.

პაციენტების სწორი იდენტიფიკაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ყველა პაციენტს პერსონალიზებულად, დანიშნულებისამებრ ჩაუტარდეს სხვადასხვა სამედიცინო მანიპულაცია, ანალიზი, ქირურგიული ჩარევა და სწორად მოხდეს მედიკამენტების მიღება.


როდის უნდა ატარონ პაციენტებმა პირბადე?

ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისას, რაზეც პაციენტებს ეცნობებათ ჰოსპიტალიზაციისას, მათ აუცილებლად უნდა ატარონ სწორად მორგებული პირბადე (ცხვირი ნიღაბში) მაშინ, როდესაც ისინი გადაადგილდებიან საერთო სივრცეში (მაგ. დერეფანი), პალატაში ან მაშინ, როდესაც მათთან პალატაში შედის სამედიცინო პერსონალი. გახსოვდეთ, რომ სამედიცინო პერსონალი - ექიმები, ექთნები და დამხმარეები ინფიცირების მომატებული რისკის მიუხედავად, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად ემსახურებიან პაციენტებს. პერსონალის ინფიცირების თავიდან აცილება ყველა სამედიცინო დაწესებულების უმნიშვნელოვანესი მიზანია, რომლის მიღწევაშიც პაციენტებთან თანამშრომლობაზე ვამყარებთ იმედს.


როგორ ხდება პაციენტის ოჯახთან კომუნიკაცია და პაციენტის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება?

COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული უსაფრთხოების ზომების გამო, ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისას, დაუშვებელია პაციენტების განყოფილებაში მონახულება, თუმცა შესაძლებელია მათთან სატელეფონო კომუნიკაცია. პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მისაღებად, „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტერიტორიაზე მოწყობილია სპეციალური საკომუნიკაციო ოთახი, სადაც განთავსებულია განყოფილებაში ვიდეო ზარის განხორციელებისთვის საჭირო აპარატურა და ხელმისაწვდომია ყველა პაციენტის ახლობლისთვის. განყოფილებაში ზარის განხორციელებისას შესაძლებელია როგორც ექიმთან, ასევე პაციენტთან გასაუბრება.

ქვეყანაში სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დროს, კლინიკაში არ ფუნქციონირებს კარანტინი და პაციენტის მონახულება შეუძლია დღეში 2 ოჯახის წევრს ან ახლობელს, შესაბამის ნახვის საათებში, რომელიც განყოფილებებების მიხედვით ვარირებს.


კარანტინი მოქმედებს მხოლოდ ქვეყანაში დამძიმებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დროს. როგორია კარანტინის წესები?

როდესაც „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტერიტორიაზე მოქმედებს კარანტინის რეჟიმი, კლინიკის ტერიტორიაზე ყველასათვის სავალდებულოა ნიღბის მუდმივი ტარება. კლინიკაში შემოსვლამდე პერსონალს და ყველა პაციენტს, გამონაკლისის გარეშე, უტარდება თერმოსკრინინგი. ასევე, სავალდებულოა ხელების დამუშავება სადეზინფექციო ხსნარით. ყველა პაციენტს ჰოსპიტალიზაციამდე არაუგვიანეს 72 საათისა, უტარდება COVID 19-ის სწრაფი ანტიგენ ტესტი (გარკვეულ დროს კლინიკის შიდა პროტოკოლით შესაძლოა გამოყენებული იყოს PCR ტესტი) და თავსდება კლინიკაში უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.


კლინიკის მენეჯმენტისა და შესაბამისი სამსახურების მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შექმნილია „კლინიკაში COVID 19-ის ინფექციის გამოვლენის სამოქმედო გეგმა, თანამშრომლების სკრინინგის ალგორითმი“,  „ინსტრუქცია ახალი კორონავირუსით ინფიცირებაზე საეჭვო პაციენტის შემოსვლის შემთხვევაში“ და სხვა ინსტრუქციები, რომლებიც გათვალისწინებულია პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში.

შიდა საკომუნიკაციო საშუალებით და წინასწარ დადგენილი ინტერვალით კლინიკაში ცხადდება ინფორმაცია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვის, პირბადის ტარების და სივრცეების განიავების აუცილებლობის შესახებ. მიღებულია ყველა ნორმატივით მოთხოვნილი პერსონალის ჰიგიენისა და ზოგადი ანტისეპტიკის ზომები.


როგორ ხდება პალატების დასუფთავება?

კლინიკის დასუფთავება ხდება რისკის არეების კლასიფიკაციის მიხედვით, სპეციალურად შექმნილი, სამედიცინო დაწესებულების დასუფთავების პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად, რომლის მიზანია ბაქტერიული, ვირუსული და სხვა სახის პოტენციურად საშიში ინფექციების გავრცელების პრევენცია.

დასუფთავება ხდება წინასწარ შედგენილი, მკაცრად რეგულირებული გრაფიკით და ინფექციის კონტროლის წესების სრული დაცვით, რათა უზრუნველვყოთ პაციენტებისა და პერსონალის უსაფრთხო სამუშაო გარემო.


დეზინფექცია და სტერილიზაცია

კლინიკაში უწყვეტ რეჟიმში ფუნქციონირებს ცენტრალური სასტერილიზაციო, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო ინვენტარისა და ქირურგიული ინსტრუმენტების ავტომატურ დეზინფექცია-სტერილიზაციას. სასტერილიზაციო აღჭურვილია წინასასტერილიზაციო ავტომატური რეცხვის მანქანებით, თერმული მეთოდით სასტერილიზაციო ავტოკლავებითა და პლაზმური სტერილიზატორით. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს სტერილიზაციის კონტროლი, როგორც ბაქტერიოლოგიური კვლევებით, ასევე ფიზიკური და ქიმიური ინდიკატორების გამოყენებით.


როგორია დაფინანსების მიღების და კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის ღირებულების გაგების პროცედურა?

კლინიკაში ჰოსპიტალიზაციის და მისი ღირებულების შესახებ ინფორმაციას გასცემს ეკონომიკური სამსახური. იგივე სამსახური ექიმისგან დაგეგმილი ქირურგიული ჩარევის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ უზრუნველყოფს პაციენტისთვის საჭირო სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მოთხოვნის გაგზავნას როგორც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის, ისე მუნიციპალური ჯანდაცვის განყოფილებებსა და სადაზღვევო კომპანიებში. ეკონომიკური სამსახური მდებარეობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ II სართულზე, ცენტრალურ ფოიეში, მთავარ შესავლელთან ახლოს.


როგორია ანგარიშსწორების პროცედურა?

„ნიუ ჰოსპიტალსში“ ფუნქციონირებს ბილინგის სამსახური, სადაც ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს შეუძლია მიიღოს დეტალური ინფორმაცია მისთვის ჩატარებული სამედიცინო სერვისების დაზუსტებული ღირებულების შესახებ. ასევე, ბილინგის სამსახურში შესაძლებელია ინვოისის და სხვა დოკუმენტაციის მიღება. ბილინგის სამსახურის წარმომადგენლები განაწილებულნი არიან კლინიკის სართულებზე და პასუხისმგებელნი არიან პაციენტებისთვის ფინანსური ინფორმაციის მიწოდებაზე. ბილინგის განყოფილების ცენტრალური ოფისი მდებარეობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ II სართულზე, მთავარი რეცეფციის ფოიეში.


მიღებული ინფორმაციის, ინვოისის საფუძველზე ანგარიშსწორება შესაძლებელია „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეკონომიკურ სამსახურში, როგორც ნაღდი, ასევე ნებისმიერი საბანკო ბარათით და გადარიცხვის გზით.


როგორ დავაფიქსირო აზრი - შევაფასო კლინიკაში მიღებული მომსახურება?

პაციენტის აზრი მნიშვნელოვანია! ამიტომაც, „ნიუ ჰოსპიტალსი“ მუდმივად აწარმოებს სტაციონარში განთავსებული პაციენტების გამოკითხვას მათი კმაყოფილების კვლევის მიზნით. გამოკითხვა ხორციელდება სპეციალურად შემუშავებული კითხვარის შევსების გზით, რომელსაც პაციენტი გაწერის დღეს ავსებს ელექტრონულად და მონაცემები ავტომატურად მიეწოდება ხარისხის კონტროლის სამსახურს.

ნებისმიერი პრობლემის ან პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში, პაციენტს შეუძლია მიმართოს უფროს ექთანს ან განყოფილების ხელმძღვანელს.


ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გაუარესებისას რა ზომებს იღებს „ნიუ ჰოსპიტალსი“ COVID-19-ის გავრცელების ასაცილებლად?

  • „ნიუ ჰოსპიტალსის“ ტერიტორიაზე ცხადდება კარანტინის რეჟიმი.
  • კლინიკის ტერიტორიაზე ყველასათვის სავალდებულო ხდება ნიღბის მუდმივი ტარება.
  • კლინიკაში შემოსვლამდე პერსონალს და ყველა პაციენტს, გამონაკლისის გარეშე, უტარდება თერმოსკრინინგი. ასევე, სავალდებულოა ხელების დეზინფექტანტით დამუშავება.
  • პაციენტს ჰოსპიტალიზაციამდე უტარდება COVID 19-ის ტესტი და თავსდება კლინიკაში უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.
  • კლინიკის მენეჯმენტისა და შესაბამისი სამსახურების მიერ, ჯანდაცვის სამინისტროს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციების გათვალისწინებით, შექმნილია „კლინიკაში COVID 19-ის ინფექციის გამოვლენის სამოქმედო გეგმა, თანამშრომლების სკრინინგის ალგორითმი“,  „ინსტრუქცია ახალი კორონავირუსით ინფიცირებაზე საეჭვო პაციენტის შემოსვლის შემთხვევაში“ და სხვა ინსტრუქციები, რომლებიც გათვალისწინებულია პაციენტებისთვის სამედიცინო მომსახურების გაწევის პროცესში.
  • შიდა საკომუნიკაციო საშუალებით და წინასწარ დადგენილი ინტერვალით კლინიკაში ცხადდება ინფორმაცია 2 მეტრიანი დისტანციის დაცვის, პირბადის მუდმივად ტარების და სივრცეების განიავების აუცილებლობის შესახებ. 

რა არის ინფორმირებული თანხმობა და რატომ არის საჭირო მასზე პაციენტის ხელმოწერა?

სამედიცინო მომსახურების გაწევამდე აუცილებელია პაციენტისგან ან/და მისი კანონიერი წარმომადგენლისგან ინფორმირებული თანხმობის მიღება სამედიცინო მომსახურების გაწევაზე, მას შემდეგ რაც პაციენტს მიეწოდება ინფორმაცია შემდეგ საკითხებზე:

  • სამედიცინო მომსახურების არსისა და საჭიროების შესახებ;
  • სამედიცინო მომსახურების მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
  • სამედიცინო მომსახურებასთან დაკავშირებული, პაციენტის ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის მოსალოდნელი რისკის შესახებ;
  • განზრახული სამედიცინო მომსახურების სხვა, ალტერნატიული ვარიანტების, მათი თანმხლები რისკის და შესაძლო ეფექტიანობის შესახებ;
  • სამედიცინო მომსახურებაზე უარის თქმის მოსალოდნელი შედეგების შესახებ;
  • აღნიშნულ ინფორმაციებთან დაკავშირებული ფინანსური და სოციალური საკითხების შესახებ.

კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რიგი სამედიცინო მომსახურების გაწევისას აუცილებელია პაციენტისგან წერილობითი ინფორმირებული თანხმობის მიღება.


როგორ ხდება პაციენტთა მონაცემების დაცვა?

კლინიკაში პაციენტთა პერსონალური მონაცემების დაცვა ხორციელდება საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონისა და საქართველოში მოქმედი სხვა საკანონმდებლო აქტების შესაბამისად. „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავება, შენახვა, გაცემა და დაცვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით. არ ხდება პაციენტების პერსონალური ინფორმაციის გადაცემა მესამე პირებისათვის, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევისა ან/და პაციენტის მიერ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით გაცხადებული თანხმობისა ინფორმაციის გადაცემაზე.


მოლოდინების მართვა

კლინიკაში ყოფნისას სხვადასხვა სერვისების მიღების დროს, შესაძლოა მოგიწიოთ ლოდინი და რიგში მოცდა. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულს, რადგან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეულმა პაციენტმა მიიღოს სრულყოფილი შეფასება და სამედიცინო სერვისები.

კლინიკაში ყოფნისას სხვადასხვა სერვისების (მაგალითად კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია, ულტრაბგერა) მიღების დაგეგმილი დრო შესაძლოა შეიცვალოს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ და გაგებით მოეკიდოთ აღნიშნულს, რადგან ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ თითოეულმა პაციენტმა მიიღოს სრულყოფილი სამედიცინო მომსახურება. თუმცა რიგ შემთხვევებში შესაძლებელია პრიორიტეტი მიენიჭოთ პაციენტებს, რომელთაც გადაუდებლად ესაჭიროებათ კონკრეტული კვლევა.


სად მდებარეობს ლაბორატორია?

ლაბორატორია მდებარეობს „ნიუ ჰოსპიტალსის“ მეოთხე სართულზე, კლინიკის B კორპუსში.

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ლაბორატორია დაკომპლექტებულია გამოცდილი სპეციალისტებით და აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, რაც პაციენტებისთვის ზუსტი და დროული გამოკვლევებით მომსახურების საშუალებას იძლევა. ლაბორატორია RIQAS მიერ არის აკრედიტებული და წელიწადში 12-ჯერ ახდენს აპარატურის ვალიდაციას საერთაშორისოდ აღიარებულ ევროპულ ორგანიზაციაში.


როგორ მივიღო ინფორმაცია მიმდინარე სამედიცინო პროცედურების მიმდინარეობის შესახებ - დასრულდა თუ არა ოპერაცია?

მიმდინარე სამედიცინო პროცედურებისა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პაციენტის ოჯახის წევრებს და ახლობლებს აცნობს მკურნალი ექიმი და/ან ქირურგი.


შემიძლია თუ არა ვისარგებლო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებით?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ჩართულია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, რომლის ფარგლებშიც პაციენტს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პირობებით შემდეგი სერვისების მიღებისას:

  • გეგმიური სტაციონარული მომსახურება
  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება

გამონაკლისს წარმოადგენს გეგმიური ამბულატორია, ვინაიდან „ნიუ ჰოსპტიალსი“ არ მონაწილეობს აღნიშნულ კომპონენტში. საყოველთაო ჯანდაცვის პირობები, დაფინანსების პროცენტები, ინფორმაცია იმის შესახებ გეხებათ თუ არ თქვენ აღნიშნული პროგრამა და პაციენტის გადასახდელი თანხის რა წილს აფინანსებს სახელმწიფო - შეგიძლიათ გაიგოთ „ნიუ ჰოსპიტალსის“ ეკონომიკურ სამსახურში.


შემიძლია თუ არა ვისარგებლო VIP მომსახურებით?

„ნიუ ჰოსპიტალსის“ სტაციონარში განთავსებული პაციენტებისთვის ხელმისაწვდომია VIP მომსახურება, რაც გულისხმობს მაღალი კლასის ინდივიდუალურ პალატას და დამატებით ინდივიდუალურად პაციენტზე მიმაგრებული ექთნის მომსახურების მიღების შესაძლებლობას. VIP მომსახურებით სარგებლობის ღირებულება განსხვავდება განყოფილების მიხედვით და მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარ შეთანხმების საფუძველზე.  


შემიძლია თუ არა ჩავიტარო ჯანმრთელობის სრული კვლევა (Check Up)?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ პაციენტებს სთავაზობს ჯანმრთელობის სრულ გამოკვლევას. ეს არის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფი და უნიკალური კვლევა, რომელიც ემსახურება დიაგნოსტირებას ავადმყოფობის ნიშნების კლინიკურად გამოვლენამდე. კვლევის ჩატარება შესაძლებელია მხოლოდ ამბულატორიულად, კლინიკიდან გაწერის შემდგომ, ან კლინიკაში ჰოსპიტალიზაციამდე.

სრული კვლევა 1,5 - 2 სამუშაო დღეს მოითხოვს და განკუთვნილია იმ ადამიანებისთვის, ვისაც სურს მუდმივად აკონტროლოს საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა.


ვიზიტის დასაგეგმად და თქვენთვის სასურველი დროის შესარჩევად დაუკავშირდით თქვენს მკურნალ ექიმს ელ. ფოსტით: checkup@newhospitals.ge ან ტელეფონის ნომერზე +995 32 2 190 190.


რას გულისხმობს უსაფრთხო სისხლის პროგრამა?

„ნიუ ჰოსპიალსში“ არსებული, ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი, სისხლის ბანკი უზრუნველყოფს უსაფრთხო სისხლის პროგრამას, რაც გულისხმობს უანგარო დონაციის გზით დონორის მიერ ჩაბარებული სისხლის ორმაგ ლაბორატორიულ კონტროლს.

სისხლი მოწმდება ვირუსებზე, როგორც „ნიუ ჰოსპიტალსის“ RIQAS საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაში, ასევე ლუგარის კვლევით ცენტრში. ანალიზები ტარდება სხვადასხვა მეთოდით და შეცდომის ალბათობა მინიმუმამდეა დაყვანილი.  


კლინიკიდან გაწერა

კლინიკიდან გაწერის თარიღს შეგატყობინებთ თქვენი მკურნალი ექიმი. გაწერის დღეს, თქვენი კლინიკიდან გასვლა შესაძლოა მოხდეს დღის მეორე ნახევარში. აღნიშნულ პერიოდში ხდება სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მოწესრიგება და სხვადასხვა სამსახურის მიერ შემოწმება.

გაწერისას თქვენი მკურნალი ექიმი გადმოგცემთ დანიშნულება-რეკომენდაციებს და ცნობას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ (სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა №IV-100/ა), სადაც აღწერილი იქნება ჰოსპიტალიზაციის მნიშვნელოვანი დეტალები ჩატარებული მკურნალობა და გაწერის შემდგომ შესასრულებელი რეკომენდაციები.


რატომ არის „ნიუ ჰოსპიტალსის“ ინფრასტრუქტურა განსაკუთრებული?

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ევროპული სტანდარტების დაცვით აშენებული, მრავალპროფილური კლინიკაა, რომელიც აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის, ულტრათანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიებით, რაც ერთ-ერთი მთავარი პირობაა პაციენტებისთვის ხარისხიანი სადიაგნოსტიკო და სამკურნალო მომსახურების უზრუნველსაყოფად.

კლინიკის ინფრასტრუქტურა (ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების და სტერილური ჰაერის ნაკადების მართვის ავტომატური რეგულირების სისტემები, ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების სისტემა, დაცული ელ. გაყვანილობის სპეციალური ზონალური სისტემა, სამედიცინო პერსონალის გამოძახების სისტემა, პაციენტების ნაკადების შესაბამისი რაოდენობის, ევროპული ხარისხის სამედიცინო ლიფტები და მრავალი სხვა) პაციენტებისთვის კომფორტულ და უსაფრთხო გარემოს ქმნის.


რას გულისხმობს ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა?

სამედიცინო სერვისების ხარისხის მართვა მნიშვნელოვანი პროცესია. სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალში სისტემატურად ხორციელდება მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და მუდმივად მიმდინარეობს მისი გაუმჯობესება.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული ხარისხის უზრუნველყოფის სისტემა გულისხმობს სერვისების შესაბამისობის უზრუნველყოფას როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისოდ მიღებულ სტანდარტებთან კლინიკური და ადმინისტრაციული კუთხით. ევროპის წამყვან კლინიკებთან თანამშრომლობის შედეგად მუდმივად ინერგება უახლესი ევროპული სტანდარტები პაციენტებზე ზრუნვისა და მათი მომსახურების პროცესებში. სისტემის მიზანია პაციენტისთვის მაქსიმალურად ეფექტური და უსაფრთხო სერვისების მიწოდება.


საიდან მოედინება კლინიკის სივრცეებში ჰაერი და როგორ მოწმდება ჰაერის სტერილურობა საოპერაციოში?

ნიუ ჰოსპიტალსში არსებული ვენტილაციის უმაღლესი ხარისხის სისტემა უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადების მართვას და ფილტრაციას, ასევე ტენიანობისა და ტემპერატურის რეგულირებას, რაც უმნიშვნელოვანესია სადიაგნოსტიკო და სამკურნალო წარმატებული ოპერირებისთვის.

ვენტილაციის და სტერილური ნაკადების მართვის ავტომატური სისტემების გამართული ფუნქციონირება, სახელმწიფოს მიერ დადგენილი წესების, ევროკავშირის მკაცრი რეგულაციების და კლინიკის შიდა პროტოკოლების დაცვა, ასევე ბაქტერიოლოგიური სტატუსის მონიტორინგის უმაღლესი ხარისხი უზრუნველყოფს ჰოსპიტალში არსებული ეპიდემიოლოგიური სურათის სიჯანსაღესა და ინფექციების გავრცელების სიმცირეს.


როგორ არის უზრუნველყოფილი უწყვეტი ელექტრომომარაგება?

მაქსიმალური უსაფრთხოებისა და ელექტრობის უწყვეტი მიწოდებისთვის, „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ორი გარე მომარაგების და ორი საკუთარი ელექტრომომარაგების ორი ავტონომიური სისტემა, რაც სრულიად აღმოფხვრის ელექტრომომარაგების შეწყვეტის რისკს.

ჰოსპიტალის ყველა სივრცის ელექტრომომარაგება ხორციელდება ამ სივრცეში განლაგებული  მოწყობილობა-დანადგარების შესაბამისი კვეთისა და ხარისხის დაცული ელექტრო გაყვანილობით, დამიწებითა და პაციენტისა და მისი თავდგმურის უსაფრთხოებისათვის საჭირო სისტემებით.


როგორ მუშაობს ვენტილაცია და წყალმომარაგება?

ჰოსპიტალში არსებული ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სტერილური ჰაერის ნაკადების კონტროლისა და სამედიცინო გამოხდილი წყლის წარმოების საუკეთესო სისტემები უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადების მართვას და ფილტრაციას, ასევე ტენიანობისა და ტემპერატურის ავტომატურ რეგულირებას და სამედიცინო აპარატურის გამართულ მუშაობას.


რა კეთდება პაციენტთა უსაფრთხოებისთვის?

პაციენტების უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა დანერგილია ევროპული სტანდარტების გათვალისწინებით, რაც პაციენტებისა და თანამშრომლების 24 საათიან დაცულობას უზრუნველყოფს.


მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის დროს შეიქმნა ჟანგბადის მიწოდების სირთულეები, როგორ არის ეს პრობლემა დაძლეული „ნიუ ჰოსპიტალსში“?

ჰოსპიტალში დანერგილია ვენტილაციის, გათბობა-გაგრილების, სტერილური ჰაერის ნაკადების კონტროლის, ტემპერატურისა და ტენიანობის, სამედიცინო გამოხდილი წყლის წარმოების, პაციენტების უსაფრთხოებისა და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ევროპული სტანდარტების სრულიად ავტომატიზებული სისტემები. კლინიკაში სამედიცინო ჟანგბადის 3 წყაროა, რომელიც გამორიცხავს ჟანგბადის მოწოდების შეფერხებას: 2019 წლიდან კლინიკაში ინსტალირებულია ავტომატური ჟანგბადის კონცენტრატორი, რომელსაც აზღვევს 2-3 დღის მოხმარების სამყოფი მოცულობის მქონე თხევადი ჟანგბადის ავზი და 2 დღის სამყოფი ჟანგბადის რეზერვუარების სისტემა.