აორტის და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები
აორტის და პერიფერიული არტერიების დაავადებები გულისა და სისხლძარღვთა სისტემის იმ პათოლოგიებს განეკუთვნება, რომლებიც არღვევს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას ორგანიზმში. აორტა წარმოადგენს ადამიანის სხეულის ყველაზე დიდ არტერიას, რომლის მეშვეობითაც სისხლი გულიდან გადის და აღწევს ყველა ორგანომდე. მისი სტრუქტურული ან ფუნქციური დაზიანება პირდაპირ აისახება მთლიან სისხლის მიმოქცევაზე. პერიფერიული არტერიები კი უზრუნველყოფენ ჟანგბადის და საკვები ნივთიერებების მიწოდებას ქსოვილებში. როცა ეს სისტემა ზიანდება, ირღვევა სისხლის ნაკადის თანაბარი განაწილება და ორგანიზმი კარგავს უნარს ოპტიმალურად მოამარაგოს ყველა ორგანო საჭირო ნივთიერებებით.
ორივე დაავადებათა ჯგუფი მიეკუთვნება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ფართო სპექტრს, რომელიც თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან გამოწვევად ითვლება.
აორტისა და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების ძირითადი ფორმები
აორტისა და პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები მოიცავს სხვადასხვა პათოლოგიას, რომლებიც განსხვავდებიან გამომწვევი მიზეზით, მიმდინარეობით და კლინიკური გამოვლინებებით.
აორტის ძირითადი პათოლოგიებია:
- აორტის ათეროსკლეროზი;
- აორტის ანევრიზმა;
- აორტის განშრევება;
- აორტის სარქველის სტენოზი;
- აორტის სარქველის რეგურგიტაცია;
- აორტის კოარქტაცია;
- აორტის ანთება (აორტიტი).
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები მოიცავს როგორც არტერიულ, ისე ვენურ დაზიანებებს, როგორიცაა:
- პერიფერიული არტერიების დაავადება (PAD);
- პერიფერიული არტერიების ანევრიზმა;
- ვენების ვარიკოზული დაავადება;
- ვასკულიტი;
- ბიურგერის დაავადება;
- პერიფერიული არტერიების თრომბოემბოლია;
- ლიმფური სისტემის პათოლოგიები.
აორტიტი
აორტიტი წარმოადგენს აორტის ანთებით დაავადებას, რომლის დროსაც სისხლძარღვის კედლები კარგავენ ელასტიურობას და სიძლიერეს, რაც შეიძლება გამოიწვიოს სანათურის შევიწროვება ან გაფართოება. აორტიტი შეიძლება იყოს ქრონიკული, თანდაყოლილი, ინფექციური ან ავტომუნური წარმოშობის. დაავადება ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში იწვევს ათეროსკლეროზს, კედლის სისუსტეს ან ანევრიზმის განვითარებას.
აორტიტის სიმპტომები ხშირად არასპეციფიკურია და მოიცავს გულმკერდის ან ზურგის ტკივილს, სუნთქვის გაძნელებას, საერთო სისუსტეს და ცხელებას. დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ულტრაბგერა, დოპლერის ულტრასონოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ანგიოგრაფია და ლაბორატორიული კვლევები.
აორტის ანევრიზმა
აორტის ანევრიზმის ფორმირება ხდება მაშინ, როდესაც აორტის კედელი სუსტდება, სისხლის ზეწოლის შედეგად თანდათან ფართოვდება და ქმნის ბუშტის ან მილაკის ფორმის გამობერილობას. არსებობს აორტის ანევრიზმის შემდეგი ტიპები:
- მუცლის აორტის ანევრიზმა - წარმოადგენს სისხლძარღვის პათოლოგიურ გაფართოებას მუცლის არეში.
- გულმკერდის აორტის ანევრიზმა - წარმოიქმნება აორტის იმ ნაწილში, რომელიც გულ-მკერდის ღრუში მდებარეობს.
- თორაკო-აბდომინალური ანევრიზმა - როცა ანევრიზმა მოიცავს აორტის ორივე ნაწილს, როგორც მუცლის ასევე გულმკერდის აორტას.
აორტის ანევრიზმა ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სიმპტომები გამოიხატება მაშინ, როდესაც ანევრიზმა ზომით დიდია, იწვევს აორტის განშრევებს ან სკდება. აორტის განშრევება და ანევრიზმის გასკდომა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობაა და საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას.
აორტის განშრევება
აორტის განშრევება (აორტის დისექცია) სიცოცხლისთვის საშიში პათოლოგიაა, რომლის დროსაც ხდება აორტის შიდა შრის გახევა და სისხლი ექცევა სისხლძარღვთა კედლის შრეებს შორის.
აორტის დისექცია შეიძლება განვითარდეს როგორც გულმკერდის, ასევე მუცლის ღრუში, თუმცა ყველაზე ხშირად გვხვდება გულმკერდის მონაკვეთში. დაავადება იწყება უეცრად და ხასიათდება მკვეთრი, გაუსაძლისი ტკივილით. დისექციის განვითარების მთავარი გამომწვევი ფაქტორებია მაღალი არტერიული წნევა, ათეროსკლეროზი, აორტის ანევრიზმა, მემკვიდრეობითი შემაერთებელი ქსოვილის დარღვევები (მაგალითად, მარფანის სინდრომი) და ტრავმები.
აორტის განშრევება მოითხოვს გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას, რადგან შესაძლოა გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა ან ორგანოთა სისხლით მომარაგების შეწყვეტა.
აორტის სარქველის შევიწროვება
აორტის სარქველის შევიწროვება (სტენოზი) გულის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პათოლოგიაა და გულისხმობს აორტის სარქველის შევიწროვებას, რაც დროთა განმავლობაში იწვევს გულის კუნთის გადატვირთვას და ჰიპერტროფიას.
სტენოზი შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს დროთა განმავლობაში კალციუმის დაგროვების ან რევმატიზმის შედეგად. ზოგჯერ დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს. სხვა შემთხვევებში შესაძლებელია გამოვლინდეს ისეთი ჩივილები, როგორიცაა: ტკივილი გულმკერდის არეში, სუნთქვის უკმარისობა და თავბრუსხვევა დატვირთვის შემდეგ, ქოშინი და სხვ. აორტის სარქველის სტენოზი საჭიროებს რეგულარულ მონიტორინგს და რთულ შემთხვევებში ქირურგიულ ჩარევას.
აორტის სარქველის რეგურგიტაცია
აორტის სარქველის უკმარისობა ანუ რეგურგიტაცია აორტის სარქვლოვანი დაავადებაა, რომლის დროსაც აორტის სარქველი სრულად არ იხურება და სისხლი ბრუნდება მარცხენა პარკუჭში. ეს პროცესი იწვევს გულის ზედმეტ დატვირთვას, კუნთის სისუსტეს და ჰიპერტროფიას.
დაავადება შეიძლება იყოს მწვავე ან ქრონიკული. მწვავე აორტის რეგურგიტაცია ხშირად ვითარდება ბაქტერიული ენდოკარდიტის ან აორტის დისექციის შედეგად და სწრაფად იწვევს გულის უკმარისობის სიმპტომებს. დაავადების ქრონიკული ფორმა უმეტესად თანდაყოლილი ბიკუსპიდური სარქვლის ანომალიითაა განპირობებული და ხშირად წლების განმავლობაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს.
აორტის რეგურგიტაციის რთულ შემთხვევებში აუცილებელია ქირურგიული მკურნალობა — აორტის სარქვლის შეცვლა.
აორტის კოარქტაცია
აორტის კოარქტაცია აორტის თანდაყოლილი პათოლოგიაა და გულისხმობს აორტის სანათურის ლოკალურ შევიწროვებას. დაავადება ზოგჯერ უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა დროთა განმავლობაში აორტის კოარქტაცია იწვევს გულის გადატვირთვას, თავბრუსხვევას, ცხვირიდან სისხლდენას, მარცხენა პარკუჭის ჰიპერტენზიას, მაღალ არტერიულ წნევას და სხვ.
მკურნალობა ძირითადად ქირურგიულია და მოიცავს შევიწროვებული მონაკვეთის გაფართოებას სტენტირებით, რაც აღადგენს სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და ამცირებს გართულებების რისკს.
აორტის ათეროსკლეროზი
აორტის ათეროსკლეროზი წარმოადგენს პროგრესირებად პროცესს, რომლის დროსაც ათეროსკლეროზული ფოლაქი (დაგროვილი ცხიმოვანი და ქოლესტერინის მასა) გროვდება აორტაში და ავიწროვებს მის სანათურს.
ათეროსკლეროზული ფოლაქი შეიძლება წარმოიქმნას აორტის ნებისმიერ მონაკვეთზე, თუმცა მისი ინტენსიური დაგროვება ყველაზე ხშირად აღინიშნება მუცლის ღრუში. ხშირად, აორტის ათეროსკლეროზი უსიმპტომოდ მიმდინარეობს და ჩივილები ჩნდება მაშინ, როდესაც ფოლაქი მნიშვნელოვნად ავიწროვებს სანათურს. გავრცელებული სიმპტომებია: ფეხების ტკივილი გარკვეული მანძილის გავლის შემდეგ - ხანგამოშვებითი კოჭლობა, გულმკერდის ტკივილი, ქოშინი ან თავბრუსხვევა. თუ დაზიანება მოიცავს აორტის მუცლის მონაკვეთს, შესაძლოა განვითარდეს ტკივილი მუცელში ან ზურგის არეში.
აორტის ათეროსკლეროზის მკურნალობა მიზნად ისახავს ქოლესტერინის დონის შემცირებას და სისხლძარღვის ელასტიურობის შენარჩუნებას. გართულებულ შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა სისხლის ნაკადის აღსადგენად.
პერიფერიული სისხლძარღვებისდაავადება (PVD)
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებები (PVD) მოიცავს მდგომარეობათა ჯგუფს, რომლებიც ზიანს აყენებს სისხლძარღვებს გულიდან შორს მდებარე ორგანოებში და კიდურებში. ამ დაავადებების დროს არტერიები ან ვენები შეიძლება შევიწროვდეს, მოხდეს მათი დახშობა ან განვითარდეს ანთება. როცა პრობლემა ძირითადად არტერიებს ეხება, მას პერიფერიული არტერიული დაავადება (PAD) ეწოდება, ხოლო როცა ვენებს — ქრონიკული ვენური უკმარისობა. არტერიების დაზიანება იწვევს ისეთ სერიოზულ გართულებებს, როგორიცაა განგრენა ან ანევრიზმა. ვენურმა უკმარისობამ კი შეიძლება გამოიწვიოს ღრმა ვენების თრომბოზი, ფილტვის ემბოლია, ვენების ანთება (ფლებიტი) ან ვარიკოზული ვენები.
პერიფერიული სისხლძარღვების დაავადების გავრცელებული სიმპტომებია: ფეხების ტკივილი სიარულისას, სიცივე და სიმძიმე კიდურებში, კანის ფერის ცვლილება და ჭრილობების ცუდად შეხორცება. დიაგნოსტირებისათვის მიმართავენ ისეთ გამოკვლევებს, როგორიცაა დოპლერის ულტრასონოგრაფია ან ანგიოგრაფია.
პერიფერიული არტერიების ანევრიზმა
პერიფერიული ანევრიზმა გამოწვეულია პერიფერიული არტერიების კედლების გათხელებითა და დასუსტებით. დროთა განმავლობაში დაზიანებულ უბანზე წარმოიქმნება გამობერილობა, რომელიც შეიძლება დაავადების გარკვეულ ეტაპზე გასკდეს. ყველაზე ხშირად, პერიფერიული ანევრიზმა ვითარდება მუხლის უკან, ბარძაყის, საზარდულის ან მკლავის არტერიებში.
ჩვეულებრივ, პერიფერიული ანევრიზმა უსიმპტომოდ მიმდინარეობს და მისი აღმოჩენა ხდება შემთხვევით, გამოკვლევების დროს. ანევრიზმის დიაგნოსტირება ხდება როგორც არაინვაზიური, ისე ინვაზიური მეთოდებით, მაგალითად, ულტრაბგერით, კომპიუტერული ტომოგრაფიით ან ანგიოგრაფიით. მკურნალობა დამოკიდებულია ანევრიზმის ზომასა და მდებარეობაზე და მოიცავს მონიტორინგს, მედიკამენტურ თერაპიას ან ქირურგიულ ჩარევას რთულ შემთხვევებში.
ვენების ვარიკოზული დაავადება
ვარიკოზული ვენები პერიფერიული სისხლძარღვების გავრცელებული დაავადებაა. ისინი წარმოიქმნება ვენების სარქველების დაზიანებისა და სისხლის ნორმალური მიმოქცევის დარღვევის შედეგად, რაც იწვევს სისხლძარღვების გაფართოებას და შესივებას.
ვარიკოზული ვენების მკურნალობა დამოკიდებულია სიმძიმის ხარისხზე. მსუბუქ შემთხვევებში ეფექტურია ფიზიკური აქტივობა, ფეხების აწევა დასვენებისას და კომპრესიული წინდების ტარება. უფრო გამოხატული ფორმებისას ტარდება სპეციალური პროცედურები — სკლეროთერაპია, ლაზერული ან რადიოტალღური აბლაცია, ან ქირურგიული მანიპულაცია.
ობობისებური ვენები სისხლის მიმოქცევის დარღვევის უფრო მსუბუქი ფორმაა. ის ძირითადად ზედაპირულად ვლინდება, აზიანებს კაპილარებს და არტერიოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ობობისებური ვენები სერიოზულ გართულებებს იშვიათად იწვევს, ზოგჯერ შეიძლება მოჰყვეს მსუბუქი დისკომფორტი ან ქავილი. მათი დროული გამოვლენა და მართვა ხელს უწყობს უფრო სერიოზული ვენური პრობლემების თავიდან აცილებას.
ვასკულიტი
ვასკულიტი არის სისხლძარღვების ანთებითი პროცესი, რომელიც იწვევს ვენების, არტერიების ან კაპილარების კედლების შეშუპებას და გაღიზიანებას. ვასკულიტის მრავალი ტიპი არსებობს, რომელთა უმეტესობა იშვიათია. დაავადება შეიძლება შეეხოს მხოლოდ ერთ ორგანოს ან რამდენიმე ორგანოს ერთად.
სიმპტომები დამოკიდებულია დაზიანებული სისხლძარღვების ზომაზე და მდებარეობაზე. მათ შორის შეიძლება იყოს კანის ლაქები, შეშუპება, ტკივილი კიდურებში, კრუნჩხვები ან ტემპერატურული ცვლილებები დაზიანებულ ქსოვილებში.
დიაგნოსტიკა მოიცავს სისხლის ანალიზებს, ბიოფსიას, ექოსკოპიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან ანგიოგრაფიას. მკურნალობა დამოკიდებულია ვასკულიტის ტიპსა და სირთულეზე. ხშირად ინიშნება ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები, იმუნოსუპრესიული თერაპია და საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა. დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა მნიშვნელოვანია გართულებების, ქსოვილთა დაზიანებისა და ორგანოთა ფუნქციის დარღვევის თავიდან ასაცილებლად.
ბიურგერის დაავადება
ბიურგერის დაავადება იშვიათი სისხლძარღვთა პათოლოგიაა, რომელიც აზიანებს ხელებისა და ფეხების არტერიებსა და ვენებს. დაავადების დროს სისხლძარღვები ვიწროვდება და/ან იკეტება, რაც იწვევს სისხლის ნაკადის შემცირებას. შედეგად, შეიძლება წარმოიქმნას თრომბები და დაზიანდეს ქსოვილები. დროთა განმავლობაში სისხლის ნაკადის დეფიციტი იწვევს კანის დაზიანებას, ინფექციას და ქსოვილთა კვდომას — განგრენას.
პირველადი ცვლილებები ჩვეულებრივ აღინიშნება ტერფებზე, ხოლო მოგვიანებით შესაძლოა ხელების სისხლძარღვებიც ჩაერთოს პროცესში. დაავადების სიმპტომებია ტკივილი ხელებსა და ფეხებში, დაბუჟება და კანის ფერის შეცვლა.
დაავადების განვითარება მჭიდროდ უკავშირდება თამბაქოს მოხმარებას — თითქმის ყველა პაციენტი მწეველია ან იყენებს თამბაქოს სხვა ფორმებს. ასევე მამრობით სქესს 20-45 წლის ასაკის ჯგუფში. დიაგნოსტირებისას იყენებენ ანგიოგრაფიას, სისხლის ანალიზებს, კომპიუტერულ ტომოგრაფიას და მაგნიტურ-რეზონანსულ ანგიოგრაფიას.
თრომბოზი
თრომბოზი არის მდგომარეობა, როდესაც სისხლძარღვებში წარმოიქმნება თრომბები — შედედებული სისხლის ნაწილაკები, რომლებიც აფერხებენ სისხლის ნორმალურ მიმოქცევას და შესაძლოა გამოიწვიონ სერიოზული გართულებები. თრომბები ვითარდება როგორც ვენებში, ისე არტერიებში და ზოგჯერ გადაადგილდებიან სხეულის სხვა ნაწილებში, რაც იწვევს ისეთი საშიში მდგომარეობების განვითარებას, როგორიცაა ინსულტი, გულის შეტევა ან ფილტვის ემბოლია.
განსაკუთრებით გავრცელებულია ღრმა ვენური თრომბოზი (DVT), რომელიც ძირითადად ქვედა კიდურების ღრმა ვენებში ვითარდება.
დაავადების სიმპტომები დამოკიდებულია თრომბის მდებარეობასა და ზომაზე — ზოგჯერ თრომბოზი უსიმპტომოდაც მიმდინარეობს. გავრცელებულ ნიშნებს შორისაა კიდურების შეშუპება, ტკივილი, ფერის ცვლილება, დაბუჟება, მკერდის ტკივილი, სუნთქვის გაძნელება ან ნეკროზი.
დიაგნოსტიკა მოიცავს ფიზიკურ გასინჯვას, სისხლის ანალიზებს (მაგალითად D-dimer ტესტს), ულტრაბგერით კვლევას, კომპიუტერულ ტომოგრაფიასა და მაგნიტურ რეზონანსულ ანგიოგრაფიას. საჭიროების შემთხვევაში ინიშნება ანგიოგრაფია ან ფლებოგრაფია, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს თრომბის მდებარეობა და ზომა.
მკურნალობის ძირითადი მეთოდებია მედიკამენტური თერაპია — ანტიკოაგულანტების გამოყენება, რომლებიც ხელს უშლიან თრომბების ზრდასა და ახალი თრომბების წარმოქმნას.
ზოგიერთ შემთხვევაში გამოიყენება ინვაზიური მეთოდები, როგორიცაა კათეტერიზაცია, სტენტირება ან თრომბექტომია, როდესაც თრომბი ქირურგიულად მოიხსნება სისხლძარღვიდან.
ლიმფური სისტემის პათოლოგიები
ლიმფური სისტემის პათოლოგიები პერიფერიული სისხლძარღვების დაავადებების ჯგუფს მიეკუთვნება, რადგან ლიმფური სისტემის დარღვევები, როგორიცაა ლიმფედემა ან ლიმფანგიტი, იწვევს ლიმფის დაგროვებას ქსოვილებში, შეშუპებას და სისხლის მიმოქცევის დარღვევას. განსაკუთრებით ხშირია ქრონიკული ლიმფედემა, რომელიც ვითარდება ლიმფური ძარღვების დაზიანების ან დაბლოკვის შედეგად — ეს შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი, მაგალითად ოპერაციის, ტრავმის, ინფექციის ან სიმსივნური პროცესის შემდეგ.
ლიმფური პათოლოგიების დიაგნოსტიკა მოიცავს დოპლერის ულტრასონოგრაფიას, კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ ანგიოგრაფიას.
აორტის და პერიფერიული დაავადებების გამომწვევი რისკ-ფაქტორები
აორტის და პერიფერიული დაავადებების განვითარებას მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის:
- თამბაქოს მოხმარება;
- მაღალი არტერიული წნევა;
- მაღალი ქოლესტერინი და ათეროსკლეროზი;
- დიაბეტი;
- ასაკი;
- გენეტიკური წინასწარგანწყობა;
- ხანგრძლივი დგომა ან მჯდომარე ცხოვრების წესი;
- ტრავმა, ქირურგიული ოპერაციები ან რადიაციული ჩარევა;
- ინფექციები (ბაქტერიული ან ვირუსული);
- ქრონიკული დაავადებები ან სხვა ანთებითი პროცესები.