არითმია
რა არის არითმია?
არითმია - ეს მდგომარეობაა როდესაც გული არარეგულარულად (არარიტმულად), ძალიან სწრაფად ან ძალიან ნელა სცემს.
არსებობს არითმიის რამდენიმე კატეგორია:
- ბრადიკარდია, იგივე ნელი გულისცემა.
- ტაქიკარდია, იგივე სწრაფი გულისცემა.
- არარიტმული არითმია: ექსტრასისტოლური არითმია ანუ პულსის გამოტოვება („ამოვარდნა“), წინაგულთა ფიბრილაცია - მოციმციმე არითმია.
არითმიების უმეტესობა არ არის მძიმე და არ იწვევს გართულებებს. თუმცა არსებობს სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარობებიც: პარკუჭოვანი ტაქიკარდია (განსაკუთრებით თუ საფუძვლად გულის სტრუქტურული პათოლოგია აქვს), პარკუჭთა ფიბრილაცია, ზოგიერთი გენეტიკური არითმოგენული სინდრომი. ზოგიერთ არითმიას (წინაგულთა ფიბრილაცია ანუ მოციმციმე არითმია, წინაგულთა თრთოლვა) ახლავს ინსულტის გაზრდილი რისკი და საჭიროებს სათანადო მკურნალობას.
როგორია ნორმალური გულისცემა?
ექიმები ჯანმრთელ გულისცემას წუთში მისი რაოდენობით განსაზღვრავენ. ხშირად ინდივიდთა შორის გულისცემის სიხშირე განსხვავებულია. ნორმალურად ითვლება როცა გულისცემა წუთში 60-დან 100-მდეა.
ყოველდღე საშუალოდ გული სცემს (ფართოვდება და იკუმშება) 100 000 ჯერ და ტუმბავს დაახლოებით 7200 ლიტრ სისხლს სხეულში. 70 წლის მანძილზე ადამიანის გული სცემს საშუალოდ 2,5 მილიარდჯერ.
როგორია არითმიის სიმპტომები:
- გამოტოვებული გულისცემის შეგრძნება.
- მკერდში ჩხვლეტა
- თავბრუსხვევა ან გაბრუების შეგრძნება
- Ჰაერის უკმარისობა
- გულმკერდის ტკივილი/დისკომფორტი ან შებოჭილობა
- სისუსტე ან დაღლილობა (ძლიერი დაღლილობის შეგრძნება)
- შფოთვა
- ბუნდოვანი ხედვა
ზოგჯერ შესაძლებელია არითმიის სიმპტომები ვერ შეამჩნიოთ და მხოლოდ ექიმის მიერ დამიშნული კვლევების შედეგად გამოვლინდეს მისი არსებობა.
რა იწვევს არითმიას?
- გულის დაავადებები
- სისხლში ელექტროლიტების (მაგალითად, მაგნიუმის ან კალიუმის) დონის დარღვევა
- გულის დაზიანება (დაქვეითებული განდევნის ფრაქცია, ნაწიბურის არსებობა გულში)
- გულის ოპერაციის შემდგომი მდგომარეობა
- ზოგიერთი მედიკამენტი
- ძლიერი ემოციები, სტრესი
- ალკოჰოლი, თამბაქო, კოფეინი ან ზედმეტი ვარჯიში
- ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევა
რისკ-ფაქტორები
- ასაკი - არითმიის ჩამოყალიბების შანსი იზრდება ასაკის მატებასთან ერთად.
- გენები - თქვენი შანსები შეიძლება უფრო მაღალი იყოს, თუ ახლო ნათესავს არითმია ჰქონდა. გულის დაავადებების ზოგიერთი ტიპი ოჯახებშიც შეიძლება გავრცელდეს.
- ცხოვრების წესი - ალკოჰოლმა, თამბაქომ და ნარკოტიკებმა შეიძლება გაზარდოს რისკი.
- ჰაერის დაბინძურება.
- ჯანმრთელობის მდგომარეობა - მაღალი არტერიული წნევა, დიაბეტი, დაბალი შაქარი სისხლში, სიმსუქნე, ძილის აპნოე და აუტოიმუნური დარღვევები იმ დაავადებებს შორისაა, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გულის რითმის პრობლემები.
დიაგნოსტიკა
- ელექტროკარდიოგრამა - აფიქსირებს თქვენი გულის ელექტრულ აქტივობას.
- ჰოლტერის მონიტორინგი - ეს არის პორტატული აპარატი, რომელსაც შეუძლია გულისცემის (კარდიოგრამის) ჩაწერა 24, 48სთ-ის ან უფრო ხანგრძლივი დროის განმავლობაში
- იმპლანტირებადი მარყუჟოვანი ჩამწერი - ეს მცირე ზომის მოწყობილობა ინერგება კანქვეშ და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ახდენს გულისცემის ჩაწერას
- ექოკარდიოსკოპია - გულის ექოსკოპია
- ფიზიკური დატვირთვის ტესტი
- ლაბორატორიული (სისხლის) ანალიზები
- ელექტროფიზიოლოგიის კვლევა - ეს არითმიების კვლევის ოქროს სტანდარტია და გარკვეულ შემთხვევებში შეუცვლელი მეთოდია. ეს დაგეხმარებათ გაარკვიოთ რა იწვევს გულის რითმის პრობლემებს.
როგორ ხდება მკურნალობა?
არითმიების სამკურნალოდ აუცილებელია არითმოლოგთან ვიზიტი. მკურნალობა შეიძლება იყოს როგორც მედიკამენტური, ისე ინვაზიური ჩარევით. მკურნალობის ინვაზიური მეთოდებია:
- პეისმეიკერის (ანუ გულის სტიმულატორის) ჩანერგვა - გამოიყენება მკვეთრად შენელებული გულისცემის სამკურნალოდ.
- კარდიოვერტერ დეფიბრილატორის ჩანერგვა - გამოიყენება სიცოცხლისთვის სახიფათო არითმიების დროს.
- აბლაცია - არითმიის კერის მოშორება. ეს პროცედურა კეთდება ბარძაყიდენ ჩხვლეტით და ამ დროს ხდება გულში არსებული არითმიის კერის „მოწვა“ ან „გაყინვა“ (კრიო აბლაცია). აბლაციით შეიძლება მოხდეს ისეთი არითმიების მკურნალობა როგორიცაა: წინაგულთა ფიბრილაცია (მოციმციმე არითმია), სუპრავენტრიკულური პაროქსიზმული ტაქიკარდია, WPW სინდრომი, წინაგულთა თრთოლვა, წინაგულოვანი ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ტაქიკარდია, ექსტრასისტოლური არითმიები და ა.შ.
"ნიუ ჰოსპიტალსში" ფუნქციონირებს სრულყოფილად აღჭურვილი არითმიების ცენტრი, სადაც ტარდება ნებისმიერი სირთულის არითმოლოგიური პროცედურა და ოპერაცია. ცენტრის ხელმძღვანელია ევროპის გულის რითმის ასოციაციის (EHRA) მიერ სრულად სერტიფიცირებული პირველი ქართველი ექიმი ზვიად მათოშვილი. სწორედ მისი გუნდის მიერ განხორციელდა ამიერკავკასიაში პირველი კრიო აბლაცია. ნიუ ჰოსპიტალსის არითმიების ცენტრი ყოველწლიურად კონსულტაციას უწევს 4000-მდე პაციენტს და აკეთებს 400-ზე მეტ ოპერაციას/აბლაციას.