ცერებრული სინუსის თრომბოზი
რა არის ცერებრული სინუსის თრომბოზი?
ცერებრული სინუსის თრომბოზი არის თავის ტვინის სინუსების დახშობა. ტვინის ვენურ სინუსურ სისტემაში სისხლი დედდება, წარმოიქმნება თრომბები და ვეღარ ხდება მისი გადინება თავის ტვინიდან, რაც სისხლის ქსოვილებში გაჟონვას იწვევს. მოცემულ შემთხვევაში ვითარდება ინსულტის მსგავსი მდგომარეობა.
ცერებრული სინუსის თრომბოზის სიმპტომები
ცერებრული სინუსის თრომბოზის სიმპტომებს მიეკუთვნება:
- კომა;
- სისუსტე;
- კრუნჩხვები;
- დაბნეულობა;
- გულის წასვლა;
- ტკივილი თავის არეში;
- მხედველობის დაბინდვა;
- მეტყველების პრობლემები;
- ფეხებისა და ხელების დაბუჟება;
- მოძრაობის კონტროლის დაკარგვა სხეულის გარკვეულ არეში.
ცერებრული სინუსის თრომბოზის გამომწვევი რისკ-ფაქტორები
ცერებრული სინუსის თრომბოზის გამომწვევ რისკ-ფაქტორებს მიეკუთვნება სიმსუქნე, გადატანილი თრომბი, სისხლძარღვთა დაავადებები, როგორიც არის: ვეგენერის გრანულომატოზი (სისხლძარღვების ანთება), წითელი მგლურა, ბეხჩეტის სინდრომი (მთელ ორგანიზმში სისხლძარღვთა ანთება), დაბალი არტერიული წნევა (თავის ტვინში), ასევე ორსულობა, ორსულობის შემდგომ ესტროგენების მაღალი დონე, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მოხმარება, ნაწლავური დაავადებები.
ცერებრული სინუსის თრომბოზის მკურნალობა
ცერებრული სინუსის თრომბოზის პირველადი მკურნალობა მედიკამენტოზურია. პირველადი მკურნალობის დროს ინიშნება ანტიკოაგულანტები და იმ შემთხვევაში თუ აღნიშნულ პრეპარატებს პირველი ორი დღის შემდგომ არ ექნება ეფექტი (მსგავსი შემთხვევა იშვიათია) - ენდოვასკულარული მეთოდი გამოიყენება, რომლის დროსაც ვენოზურ სისტემაში ხდება კათეტერით შესვლა და დახშული სინუსის თრომბოზის მექანიკური დამუშავება და დაშლა ან სპეციფიკური პრეპარატების შეყვანა, რომელიც თრომბის დაშლას გამოიწვევს. ცერებრული სინუსის თრომბოზის დროული მკურნალობის შემთხვევაში აღნიშნული დაავადების მქონე პაციენტების 80%-ის სრულად გამოჯანმრთელება შესაძლებელია. ხოლა გამოჯანმრთელების ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმეზე.
პრევენციული ზომები ცერებრული სინუსის თრომბოზის თავიდან ასაცილებლად
მთავარ რისკ-ჯგუფს წარმოადგენენ ქალები. ქალებისთვის, რომლებიც ინტენსიურად იღებენ ჩასახვის საწინააღმდეგო აბებს, მოწევა დამატებით რისკფაქტორს წარმოადგენს. ამიტომაც, მთავარ პრევენციულ ზომად შეიძლება მიჩნეულ იქნას მავნე ჩვევებზე უარის თქმა. ასევე პრევენციულ ზომებად მიიჩნევა ალკოჰოლსა და ნარკოტიკულ საშუალებებზე უარის თქმა.