ძილის აპნოე
ძილის აპნოე არის ძილის დარღვევა, რომლის დროსაც ძილში სუნთქვა ეპიზოდურად წყდება. თუ ხვრინავთ და დილით დაღლილი იღვიძებთ, შესაძლოა ძილის აპნოე გქონდეთ.
ძილის აპნოეს ძირითადი ტიპები
- ძილის ობსტრუქციული აპნოე (OSA). ეს არის ყველაზე გავრცელებული ფორმა, რომელიც გამოწვეულია ზედა სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებით და ანატომიური თავისებურებებით.
- ძილის ცენტრალური აპნოე (CSA). ეს ხდება მაშინ, როდესაც ტვინი არასწორ სიგნალებს გადასცემს იმ კუნთებამდე, რომლებიც აკონტროლებენ სუნთქვას.
თუ ფიქრობთ, რომ ძილის აპნოე გაქვთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს. დროული მკურნალობით შესაძლებელია, როგორც სიმპტომების შემსუბუქება, ასევე გულის დაავადებებისა და სხვა გართულებების თავიდან აცილება.
ძილის აპნოეს სიმპტომები
ობსტრუქციული და ცენტრალური აპნოეს სიმპტომები ერთმანეთს ემთხვევა, რაც ხშირად აპნოეს ტიპის დადგენას ართულებს. ობსტრუქციული და ცენტრალური აპნოეს ტიპის ყველაზე ხშირად გავრცელებული სიმპტომებია:
- ხმამაღალი ხვრინვა;
- სუნთქვის შეჩერების ეპიზოდები, რომელსაც სხვა ადამიანი აფიქსირებს;
- სუნთქვის უკმარისობა ძილის დროს;
- პირის სიმშრალით გაღვიძება;
- დილის თავის ტკივილი;
- უძილობა, იგივე ინსომნია;
- ჭარბი ძილიანობა დღისით, იგივე ჰიპერსომნია;
- სიფხიზლის დროს კონცენტრირების უნარის დაქვეითება;
- გაღიზიანება.
როდის მივმართოთ ექიმს
ხმამაღალი ხვრინვა შესაძლოა ჯანმრთელობისთვის პოტენციურად საშიშ დარღვევაზე მიუთითებდეს, თუმცა ძილის აპნოე ყოველთვის არ იწვევს ხვრინვას. მიიღეთ ექიმის კონსულტაცია ძილის აპნოეს სიმპტომების შესახებ, განსაკუთრებით, თუ უძლობის გამო დაღლილი და გაღიზიანებული ხართ.
ძილის აპნოეს გამომწვევი მიზეზი
ძილის ობსტრუქციული აპნოეს გამომწვევი მიზეზები
ძილის ობსტრუქციული აპნოე ვითარდება მაშინ, როდესაც ხახის უკანა კუნთები მოდუნებულია. ეს კუნთები იჭერენ რბილ სასას, სამკუთხედის ფორმის ქსოვილს, რომელიც მოიცავს რბილ სასას- უვულას, ნუშისებრ ჯირკვლებს, ხახის გვერდითა კედლებს და ენას.
როცა კუნთები დუნდება, სასუნთქი გზა ვიწროვდება ან იხშობა ჰაერის ჩასუნთქვისას და ართულებს სუნთქვას, რაც შესაძლოა გახდეს სისხლში ჟანგბადის დონის შემცირების მიზეზი. თავის ტვინი შეიგძნობს, რომ ვერ სუნთქავთ და გაღვიძებთ მცირე ხნით, რათა სასუნთქი გზა გაიხსნას. გაღვიძება ჩვეულებრივ იმდენად ხანმოკლეა, რომ ხშირად არც კი გახსოვთ.
შესაძლოა განვითარდეს ქოშინი, მოხრჩობის ან მოგუდვის შეგრძნება. ეს სიმპტომები შესაძლოა საათში 5–30 ჯერ განმეორდეს, მთელი ღამის განმავლობაში. ამის გამო, ირღვევა ძილის ფაზები.
ძილის ცენტრალური აპნოეს გამომწვევი მიზეზები
ძილის ცენტრალური აპნოე უფრო იშვიათად გავრცელებული ფორმაა და ვითარდება მაშინ, როდესაც ტვინი ვერ გადასცემს სიგნალებს სასუნთქ კუნთებს, შესაბამისად ხდება სუნთქვის შეჩერება დროის მოკლე მონაკვეთში.
დაავადების რისკ ფაქტორები
ძილის აპნოე შესაძლოა განუვითარდეს ნებისმიერ ადამიანს, მათ შორის ბავშვებს; თუმცა არსებობს გარკვეული გარემო ფაქტორები, რომლებიც ზრდიან დაავადების განვითარების რისკს.
ობსტრუქციული ძილის აპნოე
ამ ტიპის აპონოეს შემთხვევაში დაავადების პროვოცირებას ახდენს:
- ჭარბწონიანობა. სიმსუქნე მნიშვნელოვნად ზრდის ობსტრუქციული ძილის აპნოეს განვითარების რისკებს. ცხიმოვანი ფენა გროვდება ზედა სასუნთქი გზების გარშემო, რაც ხელს უშლის ჰაერის თავისუფალ მოძრაობას.
- კისრის გარშემოწერილობა. სქელი კისრის მქონე ადამიანებს შესაძლოა ჰქონდეთ ვიწრო სასუნთქი გზები.
- ვიწრო სასუნთქი გზები. შესაძლოა გქონდეთ თანდაყოლილი ვიწრო საყლაპავი. ნუშისებრი ჯირკვლების ან ადენოიდების გადიდებამ კი შესაძლოა გამოიწვიოს სასუნთქი გზების დაბლოკვა. ეს პრობლემა განსაკუთრებით ხშირად გვხვდება ბავშვებში.
- სქესი. მამაკაცებში 2-3-ჯერ უფრო ხშირია ძილის აპნოეს პრობლემები ვიდრე ქალებში. თუმცა ქალებში დაავადების რისკი იზრდება ჭარბწონიანობის შემთხვევაში ან მენოპაუზის შემდგომ პერიოდში.
- ხანდაზმულობა. ასაკის მატებასთან ერთად აპნოეს პრობლემის განვითარების რისკიც იზრდება.
- ოჯახური ანამნეზი. ძილის აპნოეს ოჯახური ანამნეზი ზრდის დაავადების განვითარების რისკს.
- ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებები. ალკოჰოლის, საძილე და დამამშვიდებელი საშუალებების მოხმარება ადუნებს სასუნთქი და საყლაპავი სისტემის კუნთებს, რამაც შესაძლოა გააუარესოს ძილის ობსტრუქციული აპნოე.
- თამბაქოს მოხმარება. მწეველებში ძილის ობსტრუქციული აპნოეს განვითარების რისკი არამწეველებთან შედარებით სამჯერ უფრო მეტია. თამბაქოს მოხმარება განაპირობებს ზედა სასუნთქ გზებში ანთებების ჩამოყალიებებას და სითხის შეკავებას.
- ცხვირის გაჭედილობა. ცხვირით სუნთქვის პრობლემების არსებობა, იქნება ეს ანატომიური პრობლემებით, თუ ალერგიით გამოწვეული, განაპირობებს ძილის აპნოეს განვითარების რისკს.
- სხვადასხვა დაავადებები. გულის ქრონიკული უკმარისობა, მაღალი არტერიული წნევა და ტიპი 2 დიაბეტი წარმოადგენენ ძილის ობსტრუქციული აპნოეს მაპროვაცირებელ რისკებს. პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი, ჰორმონალური დარღვევები, გადატანილი ინსულტი და ფილტვების ქრონიკული დაავადება, მაგ. ასთმა, ასევე ზრდის აპნოეს განვითარების რისკებს.
ცენტრალური ძილის აპნოე
ამ ტიპის აპონოეს შემთხვევაში დაავადების პროვოცირებას ახდენს:
- შუახნის და ხანდაზმული ადამიანები ძილის ცენტრალური აპნოეს განვითარების მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან;
- მამაკაცებში ძილის აპნოეს პრობლემები უფრო ხშირია ვიდრე ქალებში;
- გულის დაავადებები. გულის ქრონიკული უკმარისობა ზრდის აპნოეს განვითარების რისკს;
- ნარკოტიკული ტკივილგამაყუჩებლების მოხმარება. ისეთი მედიკამენტები, რომლებსაც აქვთ ხანგრძლივი მოქმედება, ზრდიან ცენტრალური ძილის აპნოეს განვითარების რისკს;
- ინსულტი. ინსულტი ზრდის ძილის ცენტრალური აპნოეს განვითარების რისკს.
გართულებები
ძილის აპნოე სერიოზული პრობლემაა, რომელსაც შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი გართულებები:
ძილის აპნოესთან დაკავშირებული განმეორებითი გამოღვიძებები აღდგენით ძილს შეუძლებელს ხდის, რაც თავის მხრივ იწვევს ძილიანობას, დაღლილობას და გაღიზიანებას მთელი დღის განმავლობაში.
შესაძლოა გქონდეთ კონცენტრაციის დარღვევა, მოულოდნელად ჩაგეძინოთ სამსახურში, ტელევიზორის ყურებისას ან ავტომანქანის მართვისას. ძილის აპნოეს მქონე ადამიანები ავტოსაგზაო ან საწარმოო ავარიების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან.
შესაძლოა იგრძნოთ ხასიათის გაფუჭება, გუნება-განწყობის სწრაფი შეცვლა ან დეპრესია. ძილის აპნოეს მქონე ბავშვებსა და მოზარდებს შესაძლოა ჰქონდეთ სწავლასთან ან ქცევასთან დაკავშირებული პრობლემები.
- მაღალი არტერიული წნევა ან გულის პრობლემები. სისხლში ჟანგბადის დონის უეცარი ვარდნა, რომელიც ვითარდება ობსტრუქციული ძილის აპნოეს დროს, ზრდის არტერიულ წნევას და აფერხებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობას. ობსტრუქციული ძილის აპნოე შესაძლოა გახდეს მაღალი წნევის, იგივე ჰიპერტენზიის მიზეზი. ობსტრუქციული ძილის აპნოემ შესაძლოა გაზარდოს განმეორებითი გულის შეტევის, ინსულტის განვითარების რისკი, გამოიწვიოს არითმიები, მაგალითად წინაგულთა ფიბრილაცია.
- ტიპი 2 დიაბეტი. ძილის აპნოემ შესაძლოა გამოიწვიოს ინსულინის რეზისტენტობა და განვითარდეს ტიპი 2 დიაბეტი.
- მეტაბოლური სინდრომი. ეს დარღვევა იწვევს მაღალ არტერიულ წნევას, ქოლესტერინის დონის ცვლილებებს, სისხლში შაქრის მაღალ დონეს და წელის გარშემოწერილობის ზრდას, რაც დაკავშირებულია გულის დაავადების უფრო მაღალ რისკთან.
- გართულებები მედიკამენტებით მკურნალობის დროს და ქირურგიული ჩარევის შემდეგ. ძილის ობსტრუქციული აპნოე ასევე საგულისხმოა გარკვეული მედიკამენტების მიღებისას და ზოგადი ანესთეზიის დროს.
- ღვიძლის პრობლემები. მათ ვისაც ძილის აპნოე აწუხებს ხშირ შემთხვევაში აღენიშნებათ ღვიძლის ფუნქციის დარღვევები, ასევე არაალკოჰოლური მიზეზებით გამოწვეული ღვიძლის გაცხიმოვნება.
- უძილობა. ხმამაღალი ხვრინვა ხელს უშლის გარშემომყოფებს მშვიდად დაძინებაში. ხშირია, როდესაც სხვა ადამიანს უწევთ სხვა ოთახში გასვლა ან სახლის სხვა სართულზე ასვლა, რათა მშვიდად დაიძინონ.
ძილის აპნოე ასევე გვხდება ბავშვთა პოპულაციაში!
ამერიკის პედიატრიის აკადემიის რეკომენდაციით ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ხვრინას სამზე მეტი ღამე კვირაში, საჭიროებს ძილის აპნოეს გამორიცხვას! ბავშვებშვთა პოპულაციაში ძილის აპნოეს სიხშირე 1-5 პროცენტია.
ძილის აპნოეს განვითარების რისკ ფაქტორები ბავშვებში :
- ადენოტონზილარული ჰიპერტროფია;
- ჭარბი წონა;
- ორთოდონტიული პრობლემები;
- ცერებრული დამბლა;
- დაუნის სინდრომი;
- კუნთოვანი დისტროფია და სხვა ნერვ-კუნთოვანი დაავადებები;
- სხვა გენეტიკური სინდრომები.
ძილის აპნოეს სიმპტომები ბავშვებში:
- ხვრინვა;
- ძილიანობა დღის მანძილზე, სკოლაში.
ძილის აპნოეს არსებობა ბავშვებში შესაძლოა გახდეს შემდეგი გართულებების მიზეზი;
- დასწავლის პრობლემები;
- ქცევითი დარღვევები;
- ენურეზი.
შორეული გართულებები:
- ზრდაში შეფერხება;
- კარდიოვასკულარული დარღვევები.
ძილის შესწავლა მთელი ღამის განმავლობაში, ხდება პოლისომნოგრაფის დახმარებით. პოლისომნოგრაფია წარმოადგეს ძილის აპნოეს დიაგნოსტირების ობიექტურ მეთოდს.
პოლისომნოგრაფია, რომელიც ცნობილია როგორც ძილის კვლევა, არის ტესტი, რომელიც გამოიყენება ძილის დარღვევების დიაგნოსტირებისთვის. პოლისომნოგრაფია აღრიცხავს ტვინის ტალღებს, ჟანგბადის დონეს სისხლში, გულისცემას და სუნთქვას ძილის დროს. ის ასევე ზომავს თვალისა და ფეხის მოძრაობებს.
პოლისომნოგრაფია შეისწავლის შემდგომ პარამეტრებს:
- სუნთქვითი მოქმედება და ჰაერის ნაკადი;
- სატურაცია;
- გულისცემის სიხშირე და რითმი;
- ძილის ფაზების ხანგრძლივობა;
- სხეულის პოზიცია;
- კუნთოვანი აქტივობა;
- ოკულოგრაფია;
- ელექტროენცეფალოგრაფიული არხები;
- ვიდეო ტელემეტრია.