ენდოკაფსულა
რა არის ენდოკაფსულა
ენდოკაფსულა სწრაფი და ეფექტური მეთოდია საჭმლის მომნელებელი სისტემის და წვრილი ნაწლავის ყოვლისმომცველი გამოკვლევისთვის. ენდოკაფსულის საშუალებით ჩატარებული დეტალური გამოკვლევა სპეციალისტებს ეხმარება პაციენტისთვის ოპტიმალური მკურნალობის კურსის დაგეგმვაში.
უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით დამზადებული „ოლიმპუსის“ (Olympus) ენდოკაფსულა უზრუნველყოფს ზუსტ დაკვირვებას და საიმედო დიაგნოზს, რაც განპირობებულია მაღალტექნოლოგიური ვიზუალიზაციის სისტემისა და 160° ფართო ხედვის კუთხის მეშვეობით.
ენდოკაფსულის საშუალებით საჭმლის მომნელებელი სისტემის და წვრილი ნაწლავის გამოკვლევის პერიოდი დაახლოებით 64%-ით მცირდება. ასევე მინიმუმამდეა დაყვანილი გამოკვლევის პროცესში ადამიანის ჩართულობა. ენდოკაფსულის სისტემა ექიმს აწვდის კვლევისთვის მნიშვნელოვან დეტალურ გამოსახულებას, რაც უზრუნველყოფს დიაგნოსტირების სიზუსტეს.
როგორია კვლევის პროცედურა
ენდოკაფსულის საშუალებით საჭმლის მომნელებელი სისტემის გამოკვლევის პროცესი პაციენტისთვის საკმაოდ მარტივი და კომფორტულია. ავტომატური რეგისტრაციისა და ქამრის ტიპის კომპაქტური ჩამწერის წყალობით პაციენტს ეძლევა შესაძლებლობა განაგრძოს მისი ყოველდღიური საქმიანობა, ხოლო სისტემა ავტომატურ რეჟიმში აფიქსირებს საჭირო ინფორმაციას.
საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრის შემდეგ, ენდოკაფსულა მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეისწავლის მომნელებელი სისტემის და წვრილი ნაწლავის მდგომარეობას, ჩამწერი სისტემის საშუალებით აფიქსირებს დაზიანებული ადგილების მდებარეობას და ახდენს მათ 3D ვიზუალიზაციას.
