ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ენდომეტრიუმის კიბო

ენდომეტრიუმის კიბო არის კიბოს ტიპი, რომელიც წარმოიქმნება საშვილოსნოს ლორწოვან გარსში, ენდომეტრიუმში. ეს არის საშვილოსნოს კიბოს ყველაზე გავრცელებული სახეობა და უმეტესად ჩნდება მენოპაუზის შემდეგ, თუმცა შესაძლებელია განვითარდეს ნებისმიერ ასაკში.

 

რა იწვევს ენდომეტრიუმის კიბოს?

ენდომეტრიუმის კიბოს გამომწვევი ზუსტი მიზეზები ბოლომდე დადგენილი არ არის, თუმცა მის განვითარებასთან დაკავშირებულია რამდენიმე ფაქტორი:

  • ჰორმონული დისბალანსი - ესტროგენების დონის ზრდამ საკმარისი პროგესტერონის გარეშე შეიძლება ხელი შეუწყოს ენდომეტრიუმის ლორწოვანი გარსის ზრდას. ისეთი პირობები, როგორიცაა პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) და ესტროგენის სეკრეციული სიმსივნეები, ასევე ხელს უწყობს აღნიშნულ დისბალანსს;
  • სიმსუქნე - სხეულის ჭარბმა ცხიმმა შეიძლება გამოიწვიოს ორგანიზმში ესტროგენის დონის ზრდა;
  • ასაკი - ენდომეტრიუმის კიბოს რისკი იზრდება ასაკთან ერთად, განსაკუთრებით მენოპაუზის შემდეგ;
  • დიაბეტი - დიაბეტით დაავადებული ქალები, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ასევე ჭარბი წონაც აქვთ, დაავადების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან;
  • გენეტიკური ფაქტორი - ენდომეტრიუმის, საკვერცხის ან კოლორექტული კიბოს ოჯახურმა ისტორიამ შეიძლება გაზარდოს დაავადების განვითარების რისკი. ზოგიერთი გენეტიკური სინდრომი, როგორიცაა ლინჩის სინდრომი (მემკვიდრეობითი არაპოლიპოზური კოლორექტული კიბო), ასევე დაკავშირებულია ენდომეტრიუმის კიბოსთან;
  • მენსტრუალური ისტორია - ქალები, რომლებსაც აქვთ არარეგულარული მენსტრუაცია ან არასდროს ყოფილან ორსულად, შეიძლება უფრო მაღალი რისკის ქვეშ იყვნენ;
  • ჰორმონის ჩანაცვლებითი თერაპია (HRT) - მენოპაუზის დროს მარტო ესტროგენის მიღებამ (პროგესტერონის გარეშე) შეიძლება გაზარდოს რისკი, განსაკუთრებით ქალებში;
  • პრეპარატების გამოყენება - არსებობს პრეპარატები, რომლებმაც შესაძლოა გაზარდონ ენდომეტრიუმის კიბოს განვითარების რისკი, თუმცა მათი გამოყენების სარგებელი ხშირად აღემატება ამ რისკს.

ენდომეტრიუმის კიბოს სიმპტომები

ენდომეტრიუმის კიბოს სიმპტომები შეიძლება განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან, თუმცა საერთო საყურადღებო ნიშნებია:

  • ვაგინალური სისხლდენა - ეს შეიძლება მოიცავდეს სისხლდენას მენსტრუალურ პერიოდებს შორის, ჭარბ მენსტრუალური სისხლდენას ან სისხლდენას მენოპაუზის შემდეგ;
  • მენჯის ტკივილი - მუდმივი ტკივილი მენჯის არეში, რომელიც არ უკავშირდება მენსტრუალურ ტკივილს;
  • მენსტრუალური ციკლის ცვლილებები - გულისხმობს არარეგულარულ მენსტრუაციას;
  • წონის აუხსნელი კლება ;
  • ტკივილი ან დისკომფორტი სქესობრივი აქტის დროს;
  • წყლისებრი გამონადენი საშოდან ან ნებისმიერი უჩვეულო გამონადენი, განსაკუთრებით თუ მას თან ახლავს სისხლიც;
  • დაღლილობა - ძლიერი დაღლილობა, რომელიც არ უმჯობესდება დასვენების დროს.

ენდომეტრიუმის კიბოს დიაგნოსტირება

ენდომეტრიუმის კიბოს დიაგნოსტირება მოიცავს მენჯის გამოკვლევას და რადიოლოგიურ კვლევებს. შესაძლებელია ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა საშვილოსნოს ვიზუალიზაციისთვის და ენდომეტრიუმის ლორწოვანის სისქის შესაფასებლად, ასევე საჭიროებისამებრ, კომპიუტერული ტომოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კიბოს მასშტაბისა და გავრცელების შესამოწმებლად.

კიბოს დიაგნოსტირებისთვის მნიშვნელოვანია ეტაპია ენდომეტრიუმის ბიოფსია - დიაგნოსტიკური პროცედურა, რომლის დროსაც შესაძლებელია ენდომეტრიუმის ქსოვილის მცირე ნიმუშის ამოღება და კიბოს უჯრედების გამოკვლევა.

 

ენდომეტრიუმის კიბოს მკურნალობა

ენდომეტრიუმის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია რამდენიმე ფაქტორზე, მათ შორის კიბოს სტადიასა და ხარისხზე, ასევე ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე. მკურნალობის საერთო მეთოდები მოიცავს ქირურგიულ მკურნალობას (ჰისტერექტომია,ლიმფადენექტომია), ქიმიოთერაპიას, ჰორმონულ თერაპიას ან რადიოთერაპიას.

რეგულარული დაკვირვება გადამწყვეტია რეციდივის მონიტორინგისა და მკურნალობის ნებისმიერი გვერდითი ეფექტის მართვისთვის.