ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ენდოპროთეზირება

რა არის ენდოპროთეზირება?

ენდოპროთეზირება სახსრების მკურნალობის თანამედროვე მეთოდია, რომლის დროსაც ხდება დაზიანებული სახსრის იმპლანტით ჩანაცვლება და სახსრის ოპტიმალური ფუნქციის აღდგენა. ენდოპროთეზირების შემთხვევაში შესაძლებელია, როგორც თანდაყოლილი ან შეძენილი დაავადების შედეგად დეგენერაციულად გადაგვარებული, ასევე ტრავმის შედეგად დაზიანებული ანატომიური სახსრის ხელოვნური სახსრით ჩანაცვლება. ჩვენი ქირურგიული გუნდი სპეციალიზირებულია მენჯ-ბარძაყის, მუხლის, მხრის, იდაყვის და კოჭ-წვივის სახსრების ენდოპროთეზირების თანამედროვე მეთოდებზე.

როდის არის საჭირო ენდოპროთეზირება 

ენდოპროთეზირება შესაძლოა საჭირო გახდეს რევმატული და სხვა სახის ართრიტის, ტრავმის, ოსტეოპოროზის, ვირუსული და ინფექციური დაავადებების, თანდაყოლილი ანომალიების და დაზიანებების დროს. ენდოპროთეზირება საჭიროა იმ შემთხვევებშიც, როდესაც დატვირთვის დროს იმატებს ტკივილი, ასევე კიდურის სიმოკლის, საკუთარი თავის მოვლის გართულებისა და გადაადგილების უნარის შეზღუდვის შემთხვევაში.

მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზი

ენდოპროთეზი მრავალი სახეობის არსებობს და შედგება სხვადასხვა მასალის კომპონენტისაგან (პოლიეთილენი, კერამიკა, ტიტანი, სხვ.). ენდოპროთეზის მოდელის შერჩევა ხდება ინდივიდუალურად, გამომდინარე სახსრის ფუნქციურ-ანატომიური მონაცემებიდან და დაავადების ფორმისა და ხარისხის მიხედვით. ნიუ ჰოსპიტალსში გამოიყენება მხოლოდ ულტრათანამედროვე, მინი-ინვაზიური და უცემენტო ტიტანის მოდელები კერამიკული კომპონენტებით. ამ სახეობის ენდოპროთეზებს გააჩნიათ სხვებთან შედარებით ხანგრძლივი საექსპლუატაციო ვადა და მათი იმპლანტაციის შემთხვევაში, პაციენტები შედარებით სწრაფად და უმტკივნეულოდ ახერხებენ მობილიზაციას.

მუხლის სახსრის ენდოპროთეზი

ნიუ ჰოსპიტალლში მუხლის სახსრის ენდოპროთეზირება ხორციელდება ნავიგაციური კომპიუტერული სისტემის მეშვეობით (Computer Assisted Operation System), რომლის საშუალებითაც ოპერაციის დროს ხდება სახსრის და მთლიანად კიდურის ბიომექანიკური, ანატომიური მონაცემების ზუსტი გაზომვა. ასევე ხდება ენდოპროთეზის ზომის, იოგოვანი აპარატის დაჭიმვის ხარისხის, ძვალთა კვეთის პუნქტების და მიმართულებების განსაზღვრა. აღნიშნული მეთოდი აუმჯობესებს ხელოვნური სახსრის ფუნქციურ ხარისხს და ზრდის ენდოპროთეზის ექსპლუატაციის ვადას.