ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ფარისებრი ჯირკვლის (ჩიყვის) ქირურგია ნეირომონიტორინგით

რა არის ჩიყვი და როდის არის საჭირო ოპერაცია

ჩიყვი, არის მდგომარეობა, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ზომაში იზრდება ან მასში კვანძოვანი წარმონაქმნები ვითარდება. ჩიყვი  შეიძლება გამოვლინდეს როგორც მთლიანი ფარისებრი ჯირკვლის ერთგვაროვანი გადიდებით, ისე ერთი ან რამდენიმე კვანძის ფორმირებით. ზოგ შემთხვევაში ის მხოლოდ სტრუქტურულ ცვლილებას წარმოადგენს და ჰორმონების გამომუშავება ნორმაში რჩება, თუმცა შესაძლოა გამოვლინდეს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევაც - ჰორმონების ჭარბი ან არასაკმარისი გამომუშავება.

ჩიყვი, რამდენიმე ტიპად იყოფა და მისი კლასიფიკაცია დამოკიდებულია როგორც ფარისებრი ჯირკვლის სიდიდეზე, ისე ფუნქციურ მდგომარეობაზე. სიდიდის მიხედვით, ჩიყვი შეიძლება იყოს:

  • დიფუზური - როდესაც მთლიანად ფარისებრი ჯირკვალია გადიდებული;
  • კვანძოვანი - როდესაც ჯირკვალში ერთი ან რამდენიმე კვანძი ვითარდება.

ფუნქციური მდგომარეობის მიხედვით კი, ჩიყვი შეიძლება იყოს:

  • ტოქსიკური - როცა ფარისებრი ჯირკვალი ჭარბად გამოიმუშავებს ჰორმონებს და ვითარდება ჰიპერთირეოზი;
  • არატოქსიკური - როდესაც ჯირკვალი გადიდებულია, თუმცა ჰორმონების დონე ნორმის ფარგლებში რჩება. ამ მდგომარეობას ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება.  

ზოგიერთ შემთხვევაში ეს ფორმები ერთმანეთს ერწყმის, მაგალითად მრავალკვანძოვანი ტოქსიკური ჩიყვის დროს.

ფარისებრი ჯირკვლის გადიდება სხვადასხვა მიზეზით შეიძლება განვითარდეს - იოდის დეფიციტის, აუტოიმუნური დაავადებების, ანთებითი პროცესების, კვანძოვანი წარმონაქმნების ან სხვა პათოლოგიების ფონზე. როდესაც ჩიყვი იწვევს ყლაპვისა და სუნთქვის გაძნელებას, კისრის დეფორმაციას, ჰორმონულ დარღვევებს ან არსებობს ავთვისებიანი პროცესის ეჭვი, შესაძლოა საჭირო გახდეს ქირურგიული მკურნალობა.

 

ფარისებრიჯირკვლისქირურგიარაუნდაიცოდეთ

ფარისებრი ჯირკვალი მცირე ზომის, პეპლის ფორმის ენდოკრინული ორგანოა, რომელიც კისრის წინა ნაწილში, ხორხის ქვემოთ მდებარეობს. მიუხედავად მცირე ზომისა, მას უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებაში, - არეგულირებს მეტაბოლიზმს, სხეულის ტემპერატურას, გულისცემას, ენერგიის ხარჯვას, საჭმლის მონელებასა და ნერვული სისტემის მუშაობას. მის ფუნქციას თავის ტვინში არსებული ჰიპოფიზი აკონტროლებს თირეოტროპული ჰორმონის (TSH) საშუალებით.

ზოგ შემთხვევაში ფარისებრი ჯირკვლის ცვლილებები მხოლოდ დაკვირვებას საჭიროებს, თუმცა გარკვეულ სიტუაციებში აუცილებელი ხდება ქირურგიული მკურნალობა. ოპერაციის მოცულობა დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და გავრცელებაზე. ზოგ შემთხვევაში ქირურგი მხოლოდ კვანძს ან ფარისებრი ჯირკვლის ერთ ნაწილს აცილებს, ხოლო უფრო ფართო დაზიანების შემთხვევაში შესაძლოა საჭირო გახდეს მთლიანად ფარისებრი ჯირკვლის ამოკვეთა. ფარისებრი ჯირკვლის ქირურგია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ და თანამედროვე მიდგომების პირობებში ითვლება უსაფრთხო და ეფექტურ მეთოდად.

ოპერაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხორხის მამოძრავებელი ნერვებისა და პარათირეოიდული ჯირკვლების დაცვას, რადგან ისინი პასუხისმგებელია ხმისა და კალციუმის ცვლის რეგულაციაზე.


ნეირომონიტორინგი
 - რა არის და რატომ არის მნიშვნელოვანი

ხორხის მამოძრავებელი ნერვები პასუხისმგებელია ხმის იოგების ფუნქციონირებაზე. მათი დაზიანება შესაძლოა გამოიხატოს ხმის ცვლილებით, ხმის ჩახლეჩით ან იშვიათ შემთხვევებში მუდმივი ხმის დაკარგვით. სწორედ ამიტომ, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციის დროს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ამ ნერვების შენარჩუნებას.

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგი არის თანამედროვე დამხმარე მეთოდი, რომელიც ქირურგს საშუალებას აძლევს ოპერაციის მიმდინარეობისას შეაფასოს ნერვის მდგომარეობა. სპეციალური მოწყობილობა ელექტროფიზიოლოგიური სიგნალების მეშვეობით აჩვენებს, ნერვი ინარჩუნებს თუ არა ნორმალურ ფუნქციას, რაც დამატებით უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.


რა 
უპირატესობა აქვს ნეირომონიტორინგით ჩატარებულ ოპერაციას

ნეირომონიტორინგის გამოყენებით ჩატარებულ ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციას რამდენიმე მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რთულ და მაღალი რისკის შემთხვევებში.

ის ქირურგს ეხმარება ხორხის მამოძრავებელი ნერვების უფრო სწრაფად და ზუსტად იდენტიფიკაციაში. ასევე, შესაძლებელი ხდება ნერვის ფუნქციის რეალურ დროში კონტროლი, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს მისი დაზიანების და შედეგად ხმის ცვლილების რისკს.

გარდა ამისა, განსაკუთრებით რთულ ან განმეორებით ოპერაციებში, ეს ტექნოლოგია ამარტივებს ქირურგიულ პროცესს და ზოგ შემთხვევაში ამცირებს ოპერაციის ხანგრძლივობას.

ინტრაოპერაციული ნეირომონიტორინგის მეთოდი ასევე აჩქარებს პაციენტის რეაბილიტაციის პროცესს.

 

როდის უნდა მიმართოთე ნდოკრინოლოგს ან ქირურგს

ფარისებრი ჯირკვლის ცვლილებები ხშირად ნელა და შეუმჩნევლად ვითარდება, თუმცა გარკვეულ ეტაპზე შესაძლოა გამოიწვიოს როგორც კისრის მიდამოში ვიზუალური ცვლილებები, ისე სხვადასხვა ფუნქციური დარღვევა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროული შეფასება და ექიმთან მიმართვა.

ჩიყვი შეიძლება გამოვლინდეს როგორც ადგილობრივი სიმპტომებით (კისრის მიდამოში ცვლილებები), ისე ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევასთან დაკავშირებული ჩივილებით.

ადგილობრივი სიმპტომებია:

  • კისრის წინა ნაწილში შესამჩნევი გამობერილობა;
  • ყელში დაჭიმულობის ან ზეწოლის შეგრძნება;
  • ხმის ჩახლეჩა ან ცვლილება;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • სუნთქვის გაძნელება ან ქოშინი;
  • ხველა ან მსტვენავი სუნთქვა;
  • კისრის ვენების გამოკვეთა;
  • თავბრუსხვევა ხელების მაღლა აწევისას.

ჰორმონების შემცირებული ფუნქცია (ჰიპოთირეოზი):

  • დაღლილობა და სისუსტე;
  • სიცივის აუტანლობა;
  • ძილიანობა;
  • მშრალი კანი;
  • ყაბზობა;
  • კუნთების სისუსტე;
  • მეხსიერებისა და კონცენტრაციის დაქვეითება.

ჰორმონების ჭარბი ფუნქცია (ჰიპერთირეოზი):

  • წონის კლება;
  • გულის აჩქარება (ტაქიკარდია);
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • სითბოს აუტანლობა;
  • ხელების კანკალი;
  • ნერვიულობა და გაღიზიანება;
  • კუნთების სისუსტე;
  • ხშირი ნაწლავის მოქმედება;
  • მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
  • უძილობა;

ასეთი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, რადგან შეფასება და სწორი დიაგნოსტიკა საშუალებას იძლევა დროულად განისაზღვროს მდგომარეობის მიზეზი და დაიგეგმოს შესაბამისი მკურნალობა.

როდესაც ჩიყვი უკვე დადასტურებულია, აუცილებელია რეგულარული დაკვირვება და პერიოდული კონტროლი.

კონტროლი ჩვეულებრივ მოიცავს:

  • ფარისებრი ჯირკვლის  ჰორმონების  პერიოდულ შემოწმებას
  • ფარისებრი ჯირკვლის  ულტრაბგერით კვლევას
  • საჭიროების შემთხვევაში დამატებით სპეციალისტის შეფასებას

რეგულარული დაკვირვება მნიშვნელოვნად ამცირებს გართულებების რისკს და საჭიროების შემთხვევაში საშუალებას იძლევა დროულად შეიცვალოს მკურნალობის ტაქტიკა.