გაფანტული სკლეროზი
გაფანტული სკლეროზის დროს, იმუნური სისტემა უტევს დამცავ გარსს (მიელინს), რომელიც ფარავს ნერვულ ბოჭკოებს და იწვევს თავის ტვინსა და სხეულს შორის ურთიერთქმედების პრობლემებს. საბოლოოდ, დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს ნერვული ბოჭკოების შეუქცევადი დაზიანება ან დეგენერაცია.
გაფანტული სკლეროზის ნიშნები და სიმპტომები სხვადასხვა პაციენტებში სხვადასხვაგვარად ვლინდება და დამოკიდებულია ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ნერვული ბოჭკოების დაზიანების უბანზე და სიმძიმეზე. გაფანტული სკლეროზის მძიმე ფორმის შემთხვევაში ადამიანმა შეიძლება დაკარგოს დამოუკიდებლად სიარულის ან საერთოდ გადაადგილების უნარი. ასევე შეიძლება შეინიშნებოდეს რემისიის ხანგრძლივი პერიოდები ყოველგვარი ახალი
სიმპტომების გაჩენის გარეშე, რაც დამოკიდებულია გაფანტული სკლეროზის ტიპზე.
გაფანტული სკლეროზისგან განკურნების საშუალება არ არსებობს. თუმცა, არსებობს მკურნალობის მეთოდები ე.წ. დაავადების მოდიფიცირებადი მკურნალობა, რომელიც ხელს უწყობს დაავადების მიმდინარეობის შეცვლას და სიმპტომების მართვას.
სიმპტომები
გაფანტული სკლეროზის ნიშნები და სიმპტომები, ისევე როგორც დაავადების მიმდინარეობა, შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ერთამნეთისგან, რაც დამოკიდებულია დაზიანებული ნერვული ბოჭკოების ლოკაციაზე.
საერთო სიმპტომებში შედის:
- დაბუჟება ან სისუსტე ერთ ან რამდენიმე კიდურში, რომელიც ჩვეულებრივ ჩნდება ერთდროულად სხეულის ერთ მხარეს;
- ჩხვლეტები;
- ელექტრული დარტყმის შეგრძნებები, რომლებიც წარმოიქმნება კისრის გარკვეული მოძრაობების დროს, განსაკუთრებით კისრის წინ გადახრისას (ლერმიტის სიმპტომი);
- კოორდინაციის დაკარგვა;
- არასტაბილური სიარული ან სიარულის უუნარობა;
- მხედველობის ნაწილობრივი ან სრული დაკარგვა, ჩვეულებრივ, ცალ თვალში, რასაც ხშირად თან ახლავს ტკივილის შეგრძნება თვალის მოძრაობის დროს;
- გაორება;
- ბუნდოვანი ხედვა;
- თავბრუსხვევა;
- სქესობრივი, ნაწლავისა და შარდის ბუშტის ფუნქციის პრობლემები;
- დაღლადობა;
- გაძნელებული მეტყველება;
- კოგნიტური პრობლემები;
- გუნება-განწყობის დარღვევა.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს
მიმართეთ ექიმს, თუ გაურკვეველი მიზეზების გამო რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომი გაწუხებთ.
დაავადების მიმდინარეობა
გაფანტული სკლეროზი უმეტეს შემთხვევაში დაავადების რეციდიულ-რემისიული მიმდინარეობით ხასიათდება. პაციენტებს აღენიშნებათ ახალი სიმპტომების გაჩენის ანუ გამწვავების ანუ რეციდივების პერიოდები. რომლებიც ვითარდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში რის შემდეგ მდგომარეობა ჩვეულებრივ ნაწილობრივ ან მთლიანად უმჯობსედება. ამ რეციდივებს მოჰყვება დაავადების რემისიის მშვიდი პერიოდები, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს თვეების ან წლების განმავლობაში.
სხეულის ტემპერატურის მცირე მატებამ შეიძლება დროებით გააუარესოს გაფანტული სკლეროზის ნიშნები და სიმპტომები. ეს არ არის დაავადების ნამდვილი რეციდივი, არამედ ეს არის ფსევდორეციდივი. სიმპტომების გაუარესება ჩვეულებრივ მოიცავს მობილურობასა და სიარულთან დაკავშირებულ პრობლემებს. დაავადების პროგრესირების სიჩქარე მნიშვნელოვნად განსხვავდება მეორადი პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებში.
გაფანტული სკლეროზის მქონე ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ნიშნებისა და სიმპტომების თანდათანობითი დაწყება და სტაბილური პროგრესირება ყოველგვარი რეციდივის გარეშე, რომელიც ცნობილია როგორც პირველად-პროგრესირებადი გაფანტული სკლეროზი.
დაავადების გამომწვევი მიზეზები
გაფანტული სკლეროზის გამომწვევი მიზეზი უცნობია. ის განიხილება როგორც იმუნური შუამავლობით გამოწვეული დაავადება, რომლის დროსაც სხეულის იმუნური სისტემა თავს ესხმის საკუთარ ქსოვილებს. გაფანტული სკლეროზის შემთხვევაში, იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევა ანადგურებს ცხიმოვან ნივთიერებას, რომელიც ფარავს და იცავს თავის ტვინისა და ზურგის ტვინის ნერვულ ბოჭკოებს (მიელინი).
მიელინი შეიძლება შევადაროთ ელექტრო სადენების საიზოლაციო საფარს. როდესაც დამცავი მიელინი დაზიანებულია და ნერვული ბოჭკო მოშიშვლებულია, სიგნალები რომელთა გადაცემა ხდება ამ ნერვული ბოჭკოების საშუალებით, შეიძლება შენელდეს ან სულაც დაიბლოკოს. ჯერ არ არის დაზუსტებული, თუ რატომ ვითარდება გაფანტული სკლეროზი მხოლოდ ზოგიერთ ადამიანში. სავარაუდოდ, ამაზე პასუხისმგებელია სხვადასხვა გენეტიკური და გარემო ფაქტორები.
რისკ-ფაქტორები
აღნიშნულმა ფაქტორებმა შეიძლება გაზარდოს გაფანტული სკლეროზის განვითარების რისკი:
- ასაკი. გაფანტული სკლეროზის შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ ასაკში, მაგრამ ჩვეულებრივ დაავადება იწყება 20 და 40 წლის ასაკში. თუმცა, ეს დაავადება ახალგაზრდა და ხანდაზმულ ადამიანებშიც გვხვდება.
- სქესი. ქალებში რეციდიულ-რემისიული გაფანტული სკლეროზის განვითარების შემთხვევები 2-დან 3-ჯერ მეტია, ვიდრე მამაკაცებში.
- ოჯახური ანამნეზი. თუ თქვენს ერთ-ერთ მშობელს ან და-ძმას ჰქონდა გაფანტული სკლეროზი, მაშინ ხართ დაავადების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ.
- გარკვეული ინფექციები. მრავალი ვირუსი უკავშირდება გაფანტულ სკლეროზს, მათ შორის ეპშტეინ-ბარის ვირუსი, რომელიც იწვევს ინფექციურ მონონუკლეოზს.
- რასა. თეთრკანიანი ადამიანები, განსაკუთრებით ჩრდილოეთ ევროპული წარმოშობის ადამიანები, გაფანტული სკლეროზის განვითარების ყველაზე მაღალი რისკის ქვეშ არიან.
- კლიმატი. გაფანტული სკლეროზი ბევრად უფრო ხშირია ზომიერი კლიმატის მქონე ქვეყნებში. მათ შორისაა კანადა, ჩრდილოეთ ამერიკა, ახალი ზელანდია, სამხრეთ-აღმოსავლეთ ავსტრალია და
- ვიტამინ D. D ვიტამინის დაბალი დონე და მზის სხივების ნაკლები ზემოქმედება დაკავშირებულია გაფანტული სკლეროზის მომატებულ რისკთან.
- გენები. აღმოჩნდა, რომ გენი 6p21 ქრომოსომაზე დაკავშირებულია გაფანტულ სკლეროზთან.
- ჭარბი წონა. ჭარბწონიანობასა და გაფანტულ სკლეროზს შორის კავშირი გამოვლენილ იქნა ქალებში.
- ზოგიერთი აუტოიმუნური დაავადება. გაფანტული სკლეროზის განვითარების შედარებით მაღალი რისკის ქვეშ არიან ადამიანები, ვისაც აქვთ ისეთი აუტოიმუნური დარღვევები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადება, პერნიციული ანემია, ფსორიაზი, ტიპი 1 დიაბეტი ან ნაწლავის ანთებითი დაავადება.
- მოწევა. მწეველებს, რომლებთაც აქვთ საწყისი სიმპტომი, რომელიც შეიძლება გაფანტულ სკლეროზზე მიუთითებდეს, არამწეველებთან შედარებით უფრო ხშირად უფიქსირდებათ ისეთი ნიშნები, რომლებიც რეციდიულ-რემისიული გაფანტული სკლეროზისთვისაა დამახასიათებელი.
გართულებები
გაფანტული სკლეროზის მქონე ადამიანებს შეიძლება ასევე განუვითარდეთ:
- კუნთების რიგიდობა ან სპაზმი;
- ძლიერი სისუსტე ან დამბლა, როგორც წესი ფეხებში;
- შარდის ბუშტთან, ნაწლავებთან ან სქესობრივ ფუნქციასთან დაკავშირებული პრობლემები;
- კოგნიტიური პრობლემები, როგორიცაა გულმავიწყობა ან სიტყვების შერჩევის სირთულე;
- გუნება-განწყობასთან დაკავშირებული პრობლემები, როგორიცაა დეპრესია, შფოთვა ან გუნება-განწყობის ცვალებადობა;
- კრუნჩხვები, თუმცა ძალიან იშვიათად.