გასტროსკოპია
გასტროსკოპია, იგივე ეზოფაგოგასტროდეოდუნოსკოპია, ენდოსკოპიური პროცედურაა, რომელიც გამოიყენება საყლაპავის, კუჭისა და წვრილი ნაწლავის (თორმეტგოჯა ნაწლავის) შესამოწმებლად.
რა შემთხვევაში ტარდება გასტროსკოპია?
გასტროსკოპია ჩვეულებრივ ტარდება ისეთი დაავადებების დიაგნოსტირებისა და მკურნალობისთვის, როგორიცაა:
- ზედა საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დარღვევები;
- წყლულები;
- ანთება;
- სისხლდენა;
- სიმსივნეები.
კვლევა ასევე შეიძლება დაინიშნოს ქსოვილის ნიმუშების (ბიოფსიების) აღებისთვის, შემდგომი ციტოლოგიური ან პათომორფოლოგიური კვლევისთვის.
როგორ მოვემზადოთ გასტროსკოპიისთვის?
პროცედურამდე მინიმუმ 14-16 საათით ადრე უნდა შეწყვიტოთ საკვების მიღება, ხოლო 4-5 საათით ადრე სითხის მიღება, მათ შორის არ უნდა მიიღოთ არც წყალი. უკეთესი ვიზუალიზაციისთვის საჭიროა კუჭი იყოს სრულიად ცარიელი.
ექიმი ასევე განიხილავს თქვენს სამედიცინო ისტორიას. გარკვეული მედიკამენტების, მაგალითად სისხლის გამათხელებლების ან ინსულინის შემთხვევაში, შესაძლოა, მოგიწიოთ დოზის ცვლილება ან პროცედურამდე მათი შეწყვეტა.
ასევე სპეციალისტმა, შესაძლოა, მოგცეთ დამატებითი ინსტრუქციები თქვენი ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე.
როგორ ტარდება გასტროსკოპია?
გასტროსკოპიის დროს პირის ღრუში შეჰყავთ თხელი, მოქნილი მილი, რომელსაც ენდოსკოპი ეწოდება. მილზე დამაგრებულია პატარა კამერა და ნათურა, რომელიც ნაზად გადადის საჭმლის მომნელებელ ტრაქტში და საშუალებას აძლევს ენდოსკოპისტს ეკრანზე დაინახოს საჭმლის მომნელებელი სისტემის შიდა საფარი.
კვლევის დაწყებამდე დისკომფორტის შესამცირებლად გამოიყენება ადგილობრივი ანალგეზია (გაუტკივარება) ლიდოკაინის შესხურებით ყელში. პაციენტის სურვილის შემთხვევაში, ასევე კეთდება ინტრავენური მცირეხნიანი ანესთეზია