ჰოჯკინის ლიმფომა (ჰოჯკინის დაავადება)
ჰოჯკინის ლიმფომა არის ნეოპლაზიის ტიპი, რომელიც აზიანებს ლიმფურ სისტემას, ლიმფური სისტემა წარმოადგენს ორგანიზმის მიკრობებთან მებრძოლი იმუნური სისტემის ნაწილს. ჰოჯკინის ლიმფომის დროს სისხლის თეთრი უჯრედები, რომლებსაც ლიმფოციტები ეწოდება, უკონტროლოდ იზრდება, რაც იწვევს ლიმფური კვანძების შეშუპებას. ჰოჯკინის ლიმფომა, რომელსაც ადრე ჰოჯკინის დაავადებას უწოდებდნენ, ლიმფომის ორი ზოგადი კატეგორიიდან ერთ-ერთია, მეორე არის არაჰოჯკინის ლიმფომა.
ჰოჯკინის ლიმფომის ნიშნები და სიმპტომები შესაძლოა იყოს:
- ლიმფური კვანძების უმტკივნეულო შეშუპება კისრის, იღლიის, ლავიწზედა, ლავიწქვედა, საზარდულის არეში;
- მუდმივი დაღლილობა;
- ცხელება;
- ღამის ოფლიანობა;
- უმიზეზოდ წონაში კლება;
- კანის ქავილი;
- ტკივილი ლიმფურ კვანძებში ალკოჰოლის მიღების შემდეგ.
როდის მივმართოთ ექიმს
აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე სიმპტომი მუდმივად გაწუხებთ.
გამომწვევი მიზეზები
ჰოჯკინის ლიმფომას ზუსტი გამომწვევი მიზეზი უცნობია, თუმცა ცნობილია, რომ დაავადება იწყება მაშინ, როდესაც ინფექციასთან მებრძოლი სისხლის თეთრი უჯრედების, ლიმფოციტების დნმ-ში ხდება ცვლილებები. ლიმფომის უჯრედები იზიდავს იმუნური სისტემის ბევრ ჯანსაღ უჯრედს, რათა დაიცვას ისინი და დაეხმაროს მათ ზრდაში. დამატებითი უჯრედები გროვდება ლიმფურ კვანძებში, რაც იწვევს შეშუპებას და ჰოჯკინის ლიმფომის სხვა ნიშნებსა და სიმპტომებს. ჰოჯკინის ლიმფომის მრავალი სახეობა არსებობს.
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა ამ დაავადების ყველაზე გავრცელებული ტიპია. ამ ტიპის დიაგნოზით დაავადებულ ადამიანებს ლიმფურ კვანძებში აქვთ დიდი ლიმფომის უჯრედები, რომელსაც რიდ-შტერბერგის უჯრედები ეწოდება.
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის ქვეტიპები მოიცავს:
- კვანძოვანი სკლეროზი კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა;
- შერეულუჯრედული კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა;
- ლიმფოციტ-გაღარიბებული კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა;
- ლიმფოციტ- მდიდარი კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა.
ჰოჯკინის ლიმფომა კვანძოვანი ლიმფოციტების სიჭარბით - ჰოჯკინის ლიმფომის გაცილებით იშვიათი ტიპია, რომელიც მოიცავს ლიმფომის უჯრედებს, ფორმის გამო მათ ზოგჯერ პოპკორნის უჯრედებსაც უწოდებენ. ჩვეულებრივ დიაგნოსტირდება ადრეულ სტადიაზე და შესაძლოა დაექვემდებაროს ნაკლებად ინტენსიურ მკურნალობას, დაავადების კლასიკურ ტიპთან შედარებით.
რისკ-ფაქტორები
ფაქტორები, რომლებმაც შეიძლება გაზარდონ ჰოჯკინის ლიმფომით დაავდების რისკი:
- ასაკი. ჰოჯკინის ლიმფომა ყველაზე ხშირად დიაგნოზირებულია 20-დან 30 წლამდე და 55 წელზე უფროსი ასაკის ადამიანებში.
- ლიმფომის ოჯახური ისტორია. ჰოჯკინის ლიმფომით დაავადებული სისხლით ნათესავის არსებობა ზრდის ჰოჯკინის ლიმფომის განვითარების რისკს.
- მამრობითი სქესი. ცნობილია რომ მამაკაცებს უფრო ხშირად უვითარდებათ ჰოჯკინის დაავადება, ვიდრე ქალებს.
- ეპშტეინ-ბარის ინფექცია. ადამიანებს, რომლებსაც ჰქონდათ ეპშტეინ-ბარის ვირუსით გამოწვეული დაავადებები, როგორიცაა ინფექციური მონონუკლეოზი, უფრო ხშირად უვითარდებათ ჰოჯკინის ლიმფომა, ვიდრე მათ ვისაც არ ჰქონიათ ეპშტეინ-ბარის ინფექციები.
- აივ ინფექცია. აივ ინფიცირებულ ადამიანებს აქვთ ჰოჯკინის ლიმფომით დაავადების გაზრდილი რისკი.
მკურნალობა
ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობის მიზანია რაც შეიძლება მეტი ლიმფომის უჯრედის განადგურება და დაავადების რემისია. მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია ლიმფომის ტიპსა და სტადიაზე, ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და პრეფერენციებზე.
ქიმიოთერაპია არის მედიკამენტური მკურნალობა, რომელიც იყენებს ქიმიურ ნივთიერებებს ლიმფომის უჯრედების გასანადგურებლად. ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიღება შესაძლებელია აბების სახით ან ინტრავენურად, ზოგ შემთხვევაში შესაძლებელია ორივე მეთოდის გამოყენება.
კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომის მკურნალობა ჩვეულებრივ იწყება ქიმიოთერაპიით.
კვანძოვანი ლიმფოციტების სიჭარბით ჰოჯკინის ლიმფომისთვის, ქიმიოთერაპია ხშირად კომბინირებულია მედიკამენტებთან, რომლებიც მიზნად ისახავს ლიმფომის უჯრედების განადგურებას (მიზნობრივი თერაპია) და სხივურ თერაპიასთან.
ქიმიოთერაპიის ხშირი გვერდითი მოვლენებია გულისრევა და თმის ცვენა. ასევე შესაძლოა მოხდეს სერიოზული გრძელვადიანი გართულებები, როგორიცაა გულის დაავადება, ფილტვების დაზიანება, უშვილობა და სხვა ონკოლოგიური თუ ჰემატოლოგიური პათოლოგია.
Რადიაციული თერაპია
რადიაციული თერაპია იყენებს მაღალი ენერგიის სხივებს, როგორიცაა რენტგენის სხივები და პროტონები, ლიმფომის უჯრედების მოსაკლავად. ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ, რადიაცია მიმართულია დაზიანებული ლიმფურ კვანძებზე და მიმდებარე უბნებზე, სადაც შესაძლოა დაავადება იყოს გავრცელებული. რადიაციული თერაპია ჩვეულებრივ გამოიყენება ქიმიოთერაპიასთან ერთად. ადრეულ სტადიაზე, კვანძოვანი ლიმფოციტების დომინანტური ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებისთვის, სხივური თერაპია შეიძლება იყოს ერთადერთი საჭირო მკურნალობა.
რადიაციული თერაპიის გვერდითი მოვლენები მოიცავს დაღლილობას და კანის სიწითლეს იმ ადგილას, სადაც რადიაციაა მიმართული. სხვა გვერდითი მოვლენები დამოკიდებულია იმაზე, თუ სად ჩატარდა რადიაცია. მაგალითად, კისრის მიდამოს რადიაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პირის სიმშრალე და ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება (ჰიპოთირეოზი). გულმკერდის რადიაციამ კი შესაძლოა გამოიწვიოს გულისა და ფილტვების პრობლემები.
ძვლის ტვინის გადანერგვა
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია, რომელიც ასევე ცნობილია როგორც ღეროვანი უჯრედების გადანერგვა, არის მკურნალობის მეთოდი, როდესაც დაავადებული ძვლის ტვინის ჩანაცველბა ხდება ჯანსაღი ღეროვანი უჯრედებით . ძვლის ტვინის გადანერგვა შესაძლოა გამოყენებული იქნას მაშინ როდესაც, ჰოჯკინის ლიმფომა მეორდება ან არ რეაგირებს სხვა მკურნალობაზე.
ძვლის ტვინის გადანერგვის დროს, სისხლის ღეროვანი უჯრედები იყინება და ინახება შემდგომი გამოყენებისთვის. შემდეგ ტარდება ქიმიოთერაპიისა და სხივურ თერაპიის კურსი, რათა მოხდეს სიმსივნური უჯრედების განადგურება ორგანიზმში. საბოლოოდ შენახული ღეროვანი უჯრედები ბრუნდება პაციენტის ორგანიზმში, სადაც ისინი ხელს უწყობენ ჯანსაღი ძვლის ტვინის ფორმირებას;
ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის გვერდითი ეფექტები შესაძლოა გამოწვეული იყოს ქიმიოთერაპიის ან თერაპიული რადიაციის შედეგად, რომელიც ტარდება ძვლის ტვინის გადანერგვამდე.
მედიკამენტური თერაპია
პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ, მოიცავს:
- მიზნობრივი თერაპია. მიზნობრივი მედიკამენტური კურნალობა ფოკუსირებულია კიბოს უჯრედებში არსებულ სპეციფიკურ სისუსტეებზე. ამ სისუსტეების ბლოკირებით, წამლების მიზანმიმართულმა მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს კიბოს უჯრედების განადგურება. მიზნობრივი თერაპია ხშირად კომბინირებულია ქიმიოთერაპიასთან კვანძოვანი ლიმფოციტების დომინანტური ჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალოდ., კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომისთვის ეს შეიძლება იყოს მკურნალობის ვარიანტი გარკვეულ სიტუაციებში.
- იმუნოთერაპია. იმუნოთერაპია იყენებს თქვენს იმუნურ სისტემას კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად. თქვენი სხეულის დაავადებასთან მებრძოლმა იმუნურმა სისტემამ შეიძლება არ შეუტიოს თქვენს კიბოს, რადგან კიბოს უჯრედები წარმოქმნიან ცილებს, რომლებიც ეხმარება მათ იმუნური სისტემის უჯრედებისგან დამალვაში. ჰოჯკინის ლიმფომისთვის, იმუნოთერაპია შეიძლება განიხილებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დაავადება არ ექვემდებარება სხვა მკურნალობას.