ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კატარაქტა

რა არის კატარაქტა 

კატარაქტა არის თვალის ერთ-ერთი ნაწილის - ბროლის შემღვრევა, რომლის დროსაც მხედველობა ხდება არამკვეთრი, დაბინდული და ემსგავსება ნისლიან სივრცეში ხედვას. კატარაქტის მიერ გამოწვეული დაბინდული მხედველობისას, პაციენტებს უჭირთ ფერების გარჩევა, კითხვა, მანქანის ტარება, ან სხვა ყოველდღიური საქმიანობის შესრულება. მსოფლიოს მასშტაბით კატარაქტა არის მხედველობის დაქვეითების ყველაზე ხშირი მიზეზი და სიბრმავის 51% კატარაქტით არის გამოწვეული.

თქვენ შესაძლოა გქონდეთ კატარაქტა თუ: 

  • გაქვთ დაბინდული მხედველობა
  • გამოსახულებას უფრო ბუნდოვნად ან ყვითლად აღიქვამთ
  • ღამით მხედველობა გიუარესდებათ
  • სინათლე გჭრით თვალს
  • სინათლის გარშემო ხედავთ შუქის რგოლების
  • კითხვისთვის უფრო კარგი განათება გჭირდებათ
  • სათვალეს ხშირად ცვლით
  • გაქვთ გაორებული მხედველობა 
კატარაქტის ზრდასთან ერთად, დროთა განმავლობაში მხედველობა მკვეთრად უარესდება და სიმპტომები უფრო ადვილად შესამჩნევი ხდება.
 

 

როდის მივმართოთ ექიმს

  • მიმართეთ ექიმს, როდესაც შეამჩნევთ მხედველობის ცვლილებას.
  • თუ იგრძენით მხედველობის მკვეთრი გაუარესება ან გაორებული ხედვა, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
 

ვის შეიძლება დაემართოს კატარაქტა 

კატარაქტა შეიძლება გამოიწვიოს თვალის ტრავმამ, ზოგიერთმა დაავადებამ და მედიკამენტმა, თუმცა კატარაქტა ძირითადად ასაკის მატებასთან ერთად ვითარდება. არსებობს რამდენიმე ფაქტორი, რაც ხელს უწყობს კატარაქტის განვითარებას:

  • ასაკი 55 წლის შემდეგ
  • დიაბეტი
  • ნივთიერებათა ცვლის დარღვევა
  • ულტრაიისფერი დასხივება (დიდი დოზით მზის ქვეშ ყოფნა)
  • თვალის დაზიანება ან თვალის დაავადებები
  • ჭარბი წონა
  • თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება
  • კორტიკოსტეროიდული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება

როგორ ვითარდება კატარაქტა 

მხედველობის შეცვლა ასაკთან ერთად ბუნებრივია. ბროლი, სადაც კატარაქტა ვითარდება, მდებარეობს ფერადი გარსის უკან. ბროლს გამჭვირვალე, ორმხრივამოზნექილი ლინზის ფორმა აქვს და ფოტოაპარატის ლინზის მსგავსად ფუნქციონირებს, იგი ბადურაზე გამოსახულების ფოკუსირებას ახდენს. ასაკის მატებასთან ერთად, ბროლი ნაკლებად მოქნილი ხდება, სქელდება და კარგავს გამჭვირვალობას. კატარაქტა აფერხებს თვალში სინათლის სხივების შეღწევადობას და შესაბამისად იწვევს მხედველობის გაუარესებას. კატარაქტა შესაძლებელია განვითარდეს ორივე თვალში, თუმცა არათანაბრად და შესაძლოა გამოიწვიოს განსხვავებული მხედველობა თვალებს შორის.

როგორ ვიმკურნალოთ 

კატარაქტა მედიკამენტებით არ იკურნება და მისი მკურნალობის ერთადერთი გზა ოპერაციაა.

„ნიუ ჰოსპიტალსში“ კატარაქტის ოპერაცია უახლესი ულტრაბგერითი ფაკოემულსიფიკაციის მეთოდით ტარდება, რისთვისაც გამოიყენება თანამედროვე ტექნოლოგიები - საუკეთესო ოფთალმოლოგიური მიკროსკოპი (Opmi Lumera Zeiss) და ულტრათანამედროვე კომბინირებული ექოსკოპიური აპარატი (Alcon Centurion System). ოპერაცია გულისხმობს მხედველობის სიმახვილის დაბრუნებას რამდენიმე წუთში, რომლის დროსაც ხდება ძველი, შემღვრეული ბროლის შეცვლა ახალი, ხელოვნური ბროლით. ქირურგიული პროცესი უმტკივნეულოა, რადგან ტოპიკური ანესთეზიით ტარდება (გარდა იმ გამონაკლისი შემთხვევებისა, როდესაც პაციენტის მდგომარეობა მოითხოვს ოპერაციის ჩატარებას ზოგადი ანესთეზიით). კეთდება მცირე ზომის განაკვეთი, საიდანაც ქირურგს გამოაქვს შემღვრეული ბროლი და მის ადგილზე სვამს ახალ - ხელოვნურ ბროლს.

 

 
ოპერაციის დამთავრებისთანავე, პაციენტი იღებს ექიმის დანიშნულებას და იმავე დღეს ბრუნდება სახლში. მხედველობა ოპერაციის შემდეგ სწრაფად უმჯობესდება და საბოლოოდ რამდენიმე დღეში აღდგება.
 

რა არის ხელოვნური ბროლი 

ხელოვნური ბროლი, ანუ ინტრაოკულარული ლინზა, ცვლის შემღვრეულ ბუნებრივ ბროლს და იმპლანტირდება მის ადგილზე. არსებობს მრავალი სახის ბროლი, რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავდებიან შემადგენელი ნივთიერებით, ფიზიკური თვისებებით, დიზაინით, ზომით ან ოპტიკური მახასიათებლებით.

მნიშვნელოვანია საიმედო და გამოცდილი ნივთიერებისგან დამზადებული ბროლის შერჩევა, რომელიც იდეალურად შეცვლის ბუნებრივ ბროლს და წლების მანძილზე შეასრულებს მის ფუნქციას. „ნიუ ჰოსპიტალსში“ გამოიყენება უახლესი ტექნოლოგიით დამზადებული ხელოვნური ბროლი, რომელიც შედგება ჰიდროფობური ნივთიერებისგან, გამოირჩევა მაღალი ბიოთავსებადობით თვალის ქსოვილთან, მჭიდროდ ეკვრის უკანა კაფსულას და იცავს თვალს მეორადი კატარაქტის განვითარებისგან.

კატარაქტის ოპერაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია! 

„ნიუ ჰოსპიტალსი“ ჩართულია საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს სამედიცინო სერვისების, მათ შორის კატარაქტის ოპერაციის დაფინანსებას საქართველოს მოსახლეობისთვის.

საუკეთესო ოფთალმოლოგიური მომსახურება 

„ნიუ ჰოსპიტალსის“ ოფთალმოლოგიის ეროვნული ცენტრი აღჭურვილია მაღალტექნოლოგიური აპარატურით და ლიდერია თვალის დაავადებების პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დარგში. ჰოსპიტალში არსებული უახლესი თაობის აპარატურა უზრუნველყოფს ზუსტ და სწრაფ სადიაგნოსტიკო და ქირურგიულ მომსახურებას.

ჩვენ ვზრუნავთ პაციენტის კეთილდღეობაზე და ჩვენი პროფესიონალი ოფთალმოლოგების დამსახურებით უკვე ათასობით ადამიანმა გაიუმჯობესა მხედველობა.


კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190