ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კერატოკონუსი

 

რა არის კერატოკონუსი?

კერატოკონუსი რქოვანას დეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც რქოვანა თხელდება და კონუსის ფორმას იღებს. რქოვანა არის თვალის ფერადი გარსის წინ მოთავსებული გამჭვირვალე გარსი, რომელიც ნორმალურ მდგომარეობაში სფეროსებრი მოყვანილობის არის. კერატოკონუსის დროს კი რქოვანას სფეროსებრი ფორმა იცვლება კონუსისებრი ფორმით, რქოვანა გარსი თხელდება და წინ იზნიქება.


რქოვანას ფორმისა და სისქის ცვლილება იწვევს მისი ოპტიკური ფუნქციის ცვლილებას, რის შედეგადაც ხდება მხედველობის გაუარესება - ვითარდება მიოპია და მაღალი ხარისხის ასტიგმატიზმი. კერატოკონუსს რქოვანა გარსის პროგრესირებადი გათხელება ახასიათებს და ცვლილებები, როგორც წესი, ორივე თვალზე ვითარდება.

რა სიმპტომები ახასიათებს კერატოკონუსს?

კერატოკონუსით დაავადებულ ადამიანს შესაძლოა გამოუვლინდეს ერთი ან რამდენიმე სიმპტომი:

  • საგნების გამრუდებული ან ბუნდოვანი ხედვა
  • მხედველობის სიმახვილის დაქვეითება
  • მხედველობის გაორება
  • თვალების ქავილი
  • თვალში სიმშრალის შეგრძნება
  • თვალის წინ მბზინავი არეების გაჩენა
  • მომატებული მგრძნობელობა სინათლის მიმართ
  • ღამის მხედველობის გაუარესება
  • მხედველობის უეცარი დაექვითება

კერატოკონუსი უმეტეს შემთხვევაში თავს იჩენს ხოლმე 10-დან 25 წლამდე ადამიანებში და პროგრესირებს 10-15 წლის განმავლობაში. 40 წლის ასაკისთვის დაავადება ძირითად შემთხვევებში წყვეტს განვითარებას.

როგორ ხდება კერატოკონუსის დიაგნოსტირება?

კერატოკონუსის დიაგნოსტირების საუკეთესო და ყველაზე ზუსტი მეთოდი რქოვანას ტოპოგრაფიული კვლევაა, რომლის დროსაც Oculus Pentacam-ის საშუალებით ხდება რქოვანა გარსის კომპიუტერული სკანირება, იზომება რქოვანას სისქე და იქმნება რქოვანას წინა და უკანა ზედაპირის ტოპოგრაფიული რუკა. შედეგად, შესაძლებელი ხდება კერატოკონუსის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება. ასევე, დიაგნოსტირებისთვის შესაძლოა ჩატარდეს სხვა ოფთალმოლოგიური კვლევები:

თვალის რეფრაქციის დადგენა - სტანდარტული ტესტი, რომელიც ტარდება კომპიუტერული ავტორეფრაქტომეტრით.

ბიომიკროსკოპიული კვლევა - თვალის ზედაპირისკენ მიმართული სინათლის საშუალებით ხდება რქოვანას დათვალიერება და მისი ფორმის შეფასება.

როგორ ხდება კერატოკონუსის მკურნალობა?

არსებობს კერატოკონუსის 4 სტადია, რომელთა მიხედვითაც განსხვავდება მკურნალობის მეთოდები. განვითარების ადრეულ ეტაპზე, შესაძლებელია დაინიშნოს სათვალე ან რბილი კონტაქტური ლინზები. შემდგომ ეტაპზე შესაძლებელია მყარი კონტაქტური ლინზების გამოყენებაც, თუმცა ეს მეთოდი არ უზრუნველყოფს დაავადების პროგრესირების შეჩერებას. ამ დროს ხდება მხოლოდ დაქვეითებული მხედველობის კორექცია.


სტაბილური, ანუ არაპროგრესიდებადი კერატოკონუსის  შემთხვევაში, მხედველობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდებულია ფაკიური ლინზის იმპლანტაცია. თუ კერატოკონუსი არის პროგრესირებადი ხასიათის, აუცილებელია ქირუგიული მეთოდების გამოყენება.

„ქროს–ლინქინგი“ - რქოვანა გარსის ულტრაიისფერი სხივებით დასხივება

ქროს-ლინქინგის საშუალებით რქოვანას სტრომალურ გარსში არსებულ კოლაგენის ბოჭკოებს შორის წარმოიქმნება დამატებითი კავშირები, რაც ხელს უწყობს რქოვანა გარსის მექანიკურ მდგრადობას და შედეგად მყარდება რქოვანას შრე. პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიის - ტკივილგამაყუჩებელი წვეთების გამოყენებით. პაციენტის თვალში ხდება ვიტამინი B2 (რობოფლავინის) ჩაწვეთება და მას შემდეგ, რაც სპეციალური ტესტის საშუალებით დადგინდება, რომ რიბოფლავინის საკმარისი რაოდენობაა შეწოვილი რქოვანა გარსში, იწყება მისი ულტრაიისფერი სხივებით დასხივება (ხანგრძლივობა: 10 წუთი).


პროცედურის დასრულების შემდეგ ხდება რბილი კონტაქტური ლინზის მოთავსება რქოვანაზე და საჭიროების შემთხვევაში პაციენტს მიეცემა რეკომენდაცია ტკივილგამაყუჩებლების ან ანტიბიოტიკების გამოყენების შესახებ. აღნიშნული პროცედურა ორივე თვალზე ერთდროულად არ ტარდება. საჭიროების შემთხვევაში, მეორე თვალზე პროცედურის ჩატარება შესაძლებელია პირველი პროცედურიდან 1-2 თვის შემდეგ.

რქოვანა გარსის ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაცია

ინტრასტრომალური რკალების იმპლანტაციის დროს, რქოვანაში ხდება მცირე ზომის, სინთეზური რკალების ჩასმა და რქოვანას კონუსის დაბრტყელება. შედეგად, შესაძლებელი ხდება რქოვანას ფორმის შენარჩუნება და მხედველობის გაუმჯობესება. პროცედურა გულისხმობს რქოვანაში მცირე განაკვეთის გაკეთებას და რკალების ჩასმას. ოფთალმოლოგიის ეროვნულ ცენტრში რკალების იმპლანტაციის პროცედურა ტარდება Carl Zeiss-ის ფემტო ლაზერის გამოყენებით, რაც გულისხმობს იმას, რომ განაკვეთის გასაკეთებლად არ გამოიყენება ქირურგიული დანა, არამედ განაკვეთი კეთდება ლაზერის სხივით, რაც მეტად უსაფრთხო და ზუსტ შედეგს უზრუნველყოფს. ლაზერის სხივით ასევე შესაძლებელია პროცედურის ჩატარება იმ პაციენტებისთვისაც, რომელთაც რქოვანას გათხელების გამო სტანდარტული მეთოდით ოპერაცია ვერ უტარდებათ. პროცედურა სულ რამდენიმე წუთს გრძელდება და შესაძლებელია ორივე თვალზე ერთდროულად ჩატარდეს.

რქოვანას ტრანსპლანტაცია, იგივე კერატოპლასტიკა

კერატოპლასტიკა ტარდება მაშინ, როდესაც პაციენტს აღენიშნება კერატოკონუსის შორსწასული ფორმა. ამ დროს ხდება რქოვანას ტრანსპლანტაცია - დაზიანებული რქოვანას შეცვლა დონორის ჯანსაღი რქოვანათი.

რა არის კერატოკონუსის გამომწვევი მიზეზი?

არ არის დადგენილი თუ რა იწვევს კერატოკონუსს. კვლევების თანახმად, კერატოკონუსის დროს ირღვევა რქოვანა გარსის ფერმენტული ბალანსი და ასევე, ირღვევა კოლაგენური ბოჭკოების მდგრადობა. შედეგად, რქოვანა გარსი მგრძნობიარე ხდება და თვალშიგა წნევის ზემოქმედების შედეგად ხდება მისი გამობურცვა.

კერატოკონუსის განვითარება შესაძლოა გამოწვეული იყოს გენეტიკური მემკვიდრეობით ან ულტრაიისფერი გამოსხივების ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად. 

რამდენად გავრცელებულია კერატოკონუსი?

კვლევების თანახმად კერატოკონუსი არ არის ხშირი დაავადება (აღენიშნება მოსახლეობის 0,2%-ს).

შეიძლება თუ არა კერატოკონუსის პრევენცია?

სამწუხაროდ, კერატოკონუსის თავიდან აცილება შეუძლებელია. შესაბამისად, მნიშვნელოვანია დაავადების დროული და სწორი დიაგნოსტიკა, რათა მოხდეს შესაბამის მკურნალობის ჩატარება და გართულებების თავიდან აცილება.

კონსულტაციაზე ჩასაწერად დაგვიკავშირდით ნომერზე: 2 190 190