ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კოლორექტული (მსხვილი ნაწლავის) კიბო

რა არის მსხვილი ნაწლავის კიბო?

მსხვილი ნაწლავის (კოლორექტული) კიბო ვითარდება მსხვილი (კოლინჯი) ან სწორი  ნაწლავის  ლორწოვან გარსში არსებული უჯრედებიდან, მსხვილ ნაწლავს მონელებული საკვები მასები გადააქვს სწორი ნაწლავის მიმართულებით და შემდგომ გამოიდევნება სხეულიდან.


მსხვილი ნაწლავის კიბო ყველაზე ხშირად ვითარდება მსხვილ ნაწლავში  არსებული გარკვეული ტიპის პოლიპებიდან ან წანაზარდებიდან. სკრინინგ ტესტების საშუალებით, შესაძლებელია კიბოსწინარე პოლიპების აღმოჩენა, სანამ ისინი ავთვისებიან სიმსივნეებად გარდაიქმნებიან. მსხვილი ნაწლავის კიბო დროული მკურნალობის გარეშე, შესაძლოა სხეულის სხვა უბნებზეც გავრცელდეს. სკრინინგ ტესტების, ადრეულ ეტაპზე ჩატარებული მკურნალობისა და თერაპიის ახალი მეთოდების საშუალებით, მსხვილი ნაწლავის კიბოთი სულ უფრო ნაკლები ადამიანი იღუპება.


როგორ მოქმედებს მსხვილი ნაწლავის კიბო ადამიანების მდგომარეობაზე?

მსხვილი ნაწლავის კედელი შედგება სამი შრისგან, ლორწოვანი, კუნთოვანი და სეროზული შრეებისგან. მსხვილი ნაწლავის კიბო ვითარდება ლორწოვან გარსში, ანუ მსხვილი ნაწლავის შიგნითა გარსში, ლორწოვანი გარსი შედგება უჯრედებისგან, რომლებიც ქმნიან და გამოყოფენ ლორწოს და სხვა სითხეებს. მსხვილი ნაწლავის პოლიპი წარმოიქმნება ასეთი უჯრედების მუტაციის ან ცვლილების შედეგად.


დროთა განმავლობაში, მსხვილი ნაწლავის პოლიპები შეიძლება გახდეს ავთვისებიანი (როგორც წესი, მსხვილი ნაწლავის პოლიპში კიბოს წარმოქმნას დაახლოებით 10 წელი სჭირდება.) თუ კიბო დროულად არ იქნება გამოვლენილი და ნამკურნალები, იგი გავრცელდება  ნაწლავის სხვა შრეებში და განაგრძობს ზრდას,  მსხვილი ნაწლავის კიბო შეიძლება ასევე გავრცელდეს სხეულის სხვა უბნებში ლიმფური გზების ან სისხლძარღვების მეშვეობით.


ვინ ავადდება მსხვილი ნაწლავის კიბოთი?

მსხვილი ნაწლავის კიბოთი ჩვეულებრივ ავადდებიან 50 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები. თუმცა, ბოლო 15 წლის განმავლობაში, 20-დან 49 წლამდე ასაკის ადამიანებში მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადებულთა რიცხვი ყოველწლიურად დაახლოებით 1,5%-ით მატულობს.


სიმპტომები და გამომწვევი მიზეზები

მსხვილი ნაწლავის კიბოს ექვსი ყველაზე გავრცელებული ნიშანი

 

მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომები
როგორც წესი მსხვილი ნაწლავის კიბოს ადრეულ ეტაპზე მკვეთრად გამოხატული სიმტომები არ ახასიათებს, ის შესაძლოა მიმდინარეობდეს სიმპტომების გარეშე.  თუმცა, სიმპტომების არსებობა და ცვლილებები ორგანიზმში არ მიანიშნებს აუცილებლად კიბოს არსებობას, რადგან მსხვილი ნაწლავის კიბოს ზოგიერთი სიმპტომი ნაკლებად სერიოზული დაავადების სიმპტომების მსგავსია. მსხვილი ნაწლავის კიბოს ზოგადი სიმპტომებია:


სისხლიანი  დეფეკაცია:
 გაიარეთ ექიმის კონსულტაცია, თუ შეამჩნევთ სისხლის კვალს განავალში ან უკანატანის ზედაპირზე, ან თუ განავალი არის მუქი შეფერილობის, ან ღია წითელი ფერის. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სისხლიანი განავალი აუცილებლად არ ნიშნავს იმას, რომ გაქვთ მსხვილი ნაწლავის კიბო.  განავლის ფერის შეცვლა შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, როგორიცაა ბუასილი, ანალური გახლეჩვა, სხვა და სხვა საკვების და მედიკამენტების მიღება. თუმცა  აუცილებელია, რომ ნებისმიერი საეჭვო სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში მიმართოთ ექიმს.  


დეფეკაციის მუდმივი ცვლილებები:
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაწუხებთ მუდმივი ყაბზობა და დიარეის მონაცვლეობა, თითქოს ნაწლავები ბოლომდე ვერ იცლება ანუ დეფეკაციის დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება.

ტკივილი მუცლის არეში: მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ გაქვთ მუცლის ტკივილი უცნობი მიზეზით ან დიდ ხანს გრძელდება იგი. მუცლის ტკივილი შესაძლოა ბევრი მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა უმჯობესია მიმართოთ ექიმს, თუ გაქვთ უჩვეულო ან ხშირი ტკივილები მუცლის არეში.


შებერილობა:
მუცლის ღრუს ტკივილის მსგავსად, შებერილობა შეიძლება სხვადასხვა მიზეზებით იყოს გამოწვეული. მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ შებერილობა ერთ კვირაზე მეტ ხანს გაგიგრძელდათ ან თუ მდგომარეობა გაუარესდება, ან გექნებათ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა პირღებინება და სისხლიანი განავალი.


წონაში კლება უმიზეზოდ:
 სხეულის მასის შესამჩნევი კლება მაშინ, როდესაც არ ცდილობთ წონაში დაკლებას.


პირღებინება:
მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის, თუ პერიოდულად გაქვთ პირღებინება უმიზეზოდ ან 24 საათის განმავლობაში რამდენჯერმე აღებინებთ.


დაღლილობის შეგრძნება და ქოშინი:
ეს არის ანემიის სიმპტომები. ანემია შესაძლოა მსხვილი ნაწლავის კიბოთი იყოს გამოწვეული.


რა იწვევს მსხვილი ნაწლავის კიბოს?

ყველა ტიპის კიბოს მსგავსად, მსხვილი ნაწლავის კიბოს იწვევს ანომალური უჯრედების  უკონტროლოდ, უწესრიგო ზრდა და  დაყოფა. ადამიანის სხეულის ყველა უჯრედი მუდმივად განიცდის ზრდას, დაყოფას და კვდომას. სხეული ამგვარად ინარჩუნებს ჯანმრთელობას და ფუქნციონირებს სწორად. მსხვილი ნაწლავის კიბოს დროს, მსხვილი ნაწლავისა და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის უჯრედები აგრძელებენ ზრდას და დაყოფას, მაშინაც კი, როდესაც უნდა ხდებოდეს მათი კვდომა.  


კიბოს უჯრედები შეიძლება წარმოიქმნას მსხვილი ნაწლავის პოლიპებისგან, მეცნირებმა ვერ დაადგინეს ზუსტი მიზეზი იმისა, თუ რატომ უვითარდება ზოგიერთ ადამიანს მსხვილი ნაწლავის კიბოსწინარე პოლიპები, რომლებიც შემდგომში მსხვილი ნაწლავის კიბოდ გარდაიქმნებიან. კვლავაც უცნობია კონკრეტული რისკ-ფაქტორები, რომლებიც იწვევს ადამიანებში კიბოსწინარე პოლიპების წარმოქმნას და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარებას.


რისკის ფაქტორებში შედის გარკვეული დაავადებები,  მათ შორის მემკვიდრული დაავადებები და ცხოვრების წესი. თუმცა მსხვილი ნაწლავის კიბოს გამომწვევი ერთი ან მეტი რისკ-ფაქტორის არსებობა არ ნიშნავს, რომ აუცილებლად განვითარდება ეს დაავადება.  ეს მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ ადამიანი იმყოფება მომატებული რისკის ქვეშ. რისკ-ფაქტორების ცოდნა მხოლოდ იმისათვისაა საჭირო, რომ ასეთ შემთხვევაში მიმართოთ ექიმს და აცნობოთ მას, რომ იმყოფებით  მსხვილი ნაწლავის (კოლორექტული) კიბოს განვითარების რისკის ქვეშ.


ცხოვრების წესი, რომელიც მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკებს ზრდის 


  • თამბაქოს მოხმარება: თამბაქოს პროდუქტების, მათ შორის საღეჭი თამბაქოს ან ელექტრონული სიგარეტის გამოყენება, ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.
  • ალკოჰოლის გადაჭარბებული მოხმარება: აუცილებელია, რომ მოხდეს ალკოჰოლური სასმელების მიღების სიხშირის შემცირება. ალკოჰოლის იშვიათმა გამოყენებამაც კი შეიძლება გაზარდოს კიბოს განვითარების რისკი.
  • ჭარბი წონა: ცხიმიანი, მაღალკალორიული საკვების მიღებამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის წონაზე და გაზარდოს მსხვილი ნაწლავის კიბოს რისკი.
  • კვება, რომელშიც შედის უამრავი წითელი და დამუშავებულ ხორცი: დამუშავებული ხორცის პროდუქტებია ბეკონი, სოსისი და ძეხვი. ჯანდაცვის სპეციალისტები გვირჩევენ, რომ წითელი და დამუშავებული ხორცის მიღება კვირაში ორ პორციამდე შევზღუდოთ.
  • უმოძრაობა: ნებისმიერი სახის ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეამციროს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკი.

დაავადებები, რომლებიც ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითერების რისკს

  • ნაწლავის ანთებითი დაავადებები: ის ადამიანები, რომლებთაც აქვთ ქრონიკული წყლულოვანი კოლიტი და კრონის დაავადება, რომლებიც იწვევს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთებას, შეიძლება იმყოფებოდნენ მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადების მომატებული რისკის ქვეშ. რისკები იზრდება ნაწლავის ანთებითი დაავადების დროსაც, თუ ის გრძელდება შვიდ წელზე მეტ ხანს და გავრცელებულია მსხვილი ნაწლავის  დიდ უბნებზე.
  • მემკვიდრული დაავადებები: ზოგიერთი დაავადება, როგორიცაა ლინჩის სინდრომი და ოჯახური ადენომატოზური პოლიპოზი,  ზრდის მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკებს. მსხვილი ნაწლავის კიბო შეიძლება წარმოიქმნას  კიბოს გამომწვევი გენის მემკვიდრეობით მიიღებისას.  
  • მსხვილი ნაწლავის და სხვა სახის კიბოს ოჯახური ანამნეზი: თუ ოჯახის ახლო წევრს აქვს მსხვილი ნაწლავის კიბო, თქვენ შეიძლება იმყოფებოდეთ ამ დაავადების განვითარების მაღალი რისკის ქვეშ. ახლო ოჯახის წევრებში იგულისხმება ბიოლოგიური მშობლები, და-ძმები და შვილები. რისკი უფრო მაღალია, თუ ოჯახის რომელიმე ბიოლოგიურ წევრს მსხვილი ნაწლავის კიბო 45 წლამდე განუვითარდა.
  • პოლიპების ოჯახური ანამნეზი: თუ მშობელს, და-ძმას ან შვილს გამოუვლინდა გვიანი სტადიის პოლიპი, თქვენ შესაძლოა იმყოფებოდეთ მსხვილი ნაწლავის კიბოს მომატებული რისკის  ქვეშ. გვიანი სტადიის პოლიპი შეიძლება იყოს დიდი პოლიპი. ექიმი პათოლოგების განმარტებით, პოლიპი  არის გვიანი სტადიის, როდესაც მიკროსკოპული დაკვირკების ქვეშ მასში ვლინდება გარკვეულ ცვლილებები, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ პოლიპი შეიძლება შეიცავდეს კიბოს უჯრედებს.
  • მრავლობითი პოლიპი: ადამიანებს, რომლებთაც აქვთ მსხვილი ნაწლავის მრავალრიცხოვანი პოლიპები - მათ შორის ადენომა, დაკბილული პოლიპები ან სხვა ტიპის პოლიპები - ხშირად იმყოფებიან პოლიპების და მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების  მომატებული რისკის ქვეშ.  

დაავადების მართვა და მკურნალობა

მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობა 

მსხვილი ნაწლავის კიბოს მკურნალობა კომპლექსურია, თუმცა ადრეულ ეტაპზე  ყველაზე აპრობირებული მეთოდი  ქირურგიული ოპერაციაა. არსებობს მსხვილი ნაწლავის კიბოს ოპერირების სხვადასხვა მეთოდები და პროცედურები:

  • პოლიპექტომია: აღნიშნული ოპერაციის დროს ხდება  პოლიპების ამოკვეთა ენდოსკოპიური მეთოდით, მაგრამ არის შემთხვევები როცა ენდოსკოპიური მეთოდით შეუძლებელია მოშორება და პაციენტი საჭიროებს ლაპაროსკოპიული მიდგომით ნაწლავის სეგმენტის ამოკვეთას.
  • ნაწილობრივი კოლექტომია: იგივეა, რაც მსხვილი ნაწლავის დაზიანებული სეგმენტის ამოკვეთა. ქირურგები კვეთენ  მსხვილი ნაწლავის იმ მონაკვეთს, რომელიც დაზიანებული აქვს სიმსივნე , ასევე მიმდებარედ არსებულ მცირეოდენ ჯანსაღ ქსოვილს და რეგიონულ ლიმფურ კვანძებს და კოლექტორებს,  შემდგომ ხდება მსხვილი ნაწლავის ჯანსაღი ნაწილების ერთმანეთთან ხელახალი შეერთება. ამ პროცედურას ეწოდება ანასტომოზი.
  • ქირურგიული რეზექცია კოლოსტომიით:  ნაწილობრივი კოლექტომიის მსგავსად, ქირურგები კვეთენ  მსხვილი ნაწლავის იმ მონაკვეთს, რომელზეც წარმოქმნილია სიმსივნე. თუმცა, ამ ოპერაციის დროს არ ხდება ჯანსაღი მსხვილი ნაწლავის მონაკვეთების ერთმანეთთან შეერთება, არამედ  კეთდება კოლოსტომია. კოლოსტომიის დროს ნაწლავი ინაცვლებს მუცლის წინა კედელზე და ამგვარად განავალი გროვდება ტომარაში.
  • რადიოსიხშირული აბლაცია: ამ პროცედურის დროს კიბოს უჯრედების გასანადგურებლად გამოიყენება სითბური ენერგია.

ექიმ-სპეციალისტებს შეუძლიათ ოპერაცია შეუთავსონ  ნეოადიუვენტურ თერაპიას, რაც გულისმობს კიბოს მკურნალობას ოპერაციამდე ან ოპერაციის შემდეგ. თერაპიის ეს ფორმა გამოიყენება მსხვილი ნაწლავის კიბოს გავრცელების და კერის ხელახლა გაჩენის დროს. მკურნალობის მეთოდებში შედის:

  • ქიმიოთერაპია: ექიმ-სპეციალისტებს  შეუძლიათ გამოიყენონ ქიმიოთერაპიული მედიკამენტები წარმონაქმნების შესამცირებლად და მსხვილი ნაწლავის კიბოს სიმპტომების შესამსუბუქებლად.
  • მიზნობრივი  თერაპია: მკურნალობის ეს მეთოდი მიმართულია გენებზე, ცილებსა და ქსოვილებზე, რომლებიც ხელს უწყობენ მსხვილი ნაწლავის კიბოს უჯრედების ზრდას და გამრავლებას. ექიმი-სპეციალისტები ხშირად იყენებენ მიზნობრივი თერაპიის ფორმას, რომელსაც ეწოდება მონოკლონური ანტისხეულების თერაპია. ამ თერაპიაში გამოიყენება ლაბორატორიულად შექმნილი ანტისხეულები, რომლებიც მიემაგრებიან კიბოს უჯრედების კონკრეტულ სამიზნეებზე ან ისეთ უჯრედებზე, რომლებიც ხელს უწყობენ კიბოს უჯრედების გამრავლებას, ანტისხეულები კლავენ კიბოს უჯრედებს.

პრევენცია

შესაძლებელია თუ არა მსხვილი ნაწლავის კიბოს პრევენცია?

მსხვილი ნაწლავის კიბოს  თავიდან აცილება არის შეუძლებელი,  მაგრამ შესაძლებელია   დაავადების განვითარების რისკის შემცირება შემდეგი რისკ-ფაქტორების მართვით:

  • მოერიდეთ თამბაქოს გამოყენებას;
  • ალკოჰოლური სასმელების დალევისას დაიცავით ზომიერება;
  • შეინარჩუნეთ სხეულის ჯანსაღი წონა;
  • მიირთვით ჯანსაღი საკვები. შეიტანეთ მეტი ხილი და ბოსტნეული თქვენს რაციონში და შეამცირეთ დამუშავებული ხორცპროდუქტების, ცხიმიანი და მაღალკალორიული საკვების მიღება. ყავა ხელს უწყობს მსხვილი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკის შემცირებას;
  • თვალყური მიადევნეთ ოჯახურ ანამნეზს. მსხვილი ნაწლავის კიბო მემკვიდრეობით გადაცემადი დაავადებაა. აცნობეთ ექიმს, თუ თქვენს ბიოლოგიურ მშობლებს, და-ძმებს ან შვილებს აქვთ მსხვილი ნაწლავის კიბო ან პოლიპი, ან თუ ოჯახის რომელიმე წევრს 45 წლამდე განუვითარდა კიბო;
  • დაიცავით მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის გაიდლაინები. ჰკითხეთ თქვენს ექიმს, თუ როდის უნდა ჩაიტაროთ მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი. თუ გაქვთ გაღიზიანებული მსხვილი ნაწლავის სინდრომი ან ოჯახურ ანამნეზში ფიქსირდება მსხვილი ნაწლავის კიბო, ექიმის რეკომენდაციით ჩაიტარეთ სკრინინგი 45 წლამდე.