ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

კორონარული სტენტირება (ანგიოპლასტიკა)

კორონარული სტენტირება (ანგიოპლასტიკა) არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება დახშული ან შევიწროებული კორონარული არტერიების სანათურის გაფართოების მიზნით. სტენტირება გულისხმობს შევიწროებული ან დახშული არტერიების მონაკვეთების გაფართოებას ბალონის საშუალებით. თუმცა, თანამედროვე ანგიოპლასტიკის მეთოდს ასევე პროცედურის დროს არტერიაში სპირალური ბადის ჩადგმა მიეკუთვნება, რომელსაც სტენტი ეწოდება. იგი მუდმივად რჩება სისხლძარღვში, რათა უზრუნველყოს სისხლის ნაკადის თავისუფლად გადაადგილება.

კორონარული სტენტირება (ანგიოპლასტიკა) ცნობილია, როგორც პერკუტანული ტრანსლუმინური ანგიოპლასტიკა.


როდის გამოიყენება კორონარული სტენტირება (ანგიოპლასტიკა)?

ყველა ორგანოს მსგავსად, გულსაც სჭირდება სისხლით მუდმივი მომარაგება. აღნიშნული ხორციელდება სისხლძარღვებით, რომელთაც კორონარული არტერიები ეწოდება. ხანდაზმულ ადამიანებში არტერიები შესაძლოა შევიწროვდეს ან გამკვრივდეს (ცნობილია, როგორც ათეროსკლეროზი), რასაც გულის კორონარულ დაავადებამდე მივყავართ. გულში სისხლის ნაკადის მიდინების შემცირების შემთხვევაში, ვითარდება ტკივილი გულმკერდის არეში, რომელიც ცნობილია, როგორც სტენოკარდია.


რა წარმოადგენს კორონარული სტენტირების უპირატესობებს?

უმეტეს შემთხვევაში, ანგიოპლასტიკის შემდეგ კორონარულ არტერიებში სისხლის ნაკადის დინება უმჯობესდება. ადამიანები ამჩნევენ სიმპტომთა გაუმჯობესებას. გულის შეტევის შემთხვევაში, ანგიოპლასტიკა ბევრად ზრდის თქვენი გადარჩენის შანსებს, ვიდრე მედიკამენტებით მკურნალობა. პროცედურა ამცირებს გულის შეტევათა ალბათობას მომავალში.


როგორ ტარდება კორონარული სტენტირება (ანგიოპლასტიკა)?

კორონარული სტენტირება ადგილობრივი ანესთეზიით ტარდება, რაც იმას ნიშნავს, რომ პროცედურის დროს თქვენ ფხიზლად იქნებით. ანგიოპლასტიკის დროს თხელი, დრეკადი მილი-კათეტერი შეჰყავთ სხივის (წინამხრის) ან ბარძაყის არტერიიდან. პროცესი მართვადია და ხდება კორონარული არტერიების შემოწმება უწყვეტად, რენტგენის სხივების გამოყენებით.

დიაგნოსტიკის შემდეგ, სპეციალური კორონარული მავთული მიდის დაზიანებული კორონარული არტერიისკენ. შემდეგ შეჰყავთ სტენტი რომლის მეშვეობით ხდება დაზიანებული სეგმენტის აღდგენა და სისხლის მიწოდების გაუმჯობესება. კორონარული ანგიოპლასტიკა ჩვეულებრივ 30 წუთიდან 2 საათამდე გრძელდება. სახლში დაბრუნებას პროცედურის ჩატარებიდან მეორე დღეს შეძლებთ. არ შეიძლება მძიმე ნივთების აწევა, დატვირთული საქმიანობა და მანქანის მართვა მინიმუმ ერთი კვირის მანძილზე.

რა არის წამლიანი სტენტირება?

წამლით დაფარული სტენტი (DES) წარმოადგენს პატარა ბადისებრ ნაქსოვ მილაკს, დაფარულია სპეციალური ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტით, რომელიც გარკვეული პერიოდის განმავლობაში თავისუფლდება კორონარულ არტერიაში, რათა თავიდან აიცილოს აღდგენილი სისხლძარღვში სტენტის რესტენოზი (ხელახლა შევიწროება) მისი იმპლანტაციის შემდეგ, მედიკამენტი აფერხებს ათეროსკლეროზული უჯრედების ზრდას, რომლებიც იწვევენ სისხლძარღვის შევიწროვებას ან დაკეტვას.


რამდენად უსაფრთხოა კორონარული სტენტირება (ანგიოპლასტიკა)?

კორონარული სტენტირება გულის მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. პროცედურის ჩატარების დროს სხეულზე არ კეთდება განაკვეთი და როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში უსაფრთხოდ ტარდება. ექიმები ამ მეთოდს მცირედ ინვაზიური მკურნალობის ფორმად თვლიან.

სერიოზულ გართულებათა რისკი საკმაოდ მცირეა, თუმცა აღნიშნული დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორიცაა ასაკი, ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა, გადატანილი გულის შეტევის სიმძიმე. პროცედურის დროს წარმოქმნილ სერიოზულ პრობლემებს შესაძლოა მიეკუთვნებოდეს ძლიერი სისხლდენა, მიოკარდიუმის ინფარქტი და ინსულტი.


არსებობს თუ არა სხვა ალტერნატივა?

იმ შემთხვევაში, თუ კორონარულ არტერიებში აღინიშნება მრავლობითი დაზიანებები, ანგიოპლასტიკის ჩატარება არაა მიზანშეწონილი ან წარმოადგენს მაღალ რისკს პაციენტის უსაფრთხოებისთვის, მაშინ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია აორტო-კორონარულ შუნტირებაზე.

ეს არის ინვაზიური ქირურგიის ერთ-ერთი სახე, რომლის დროსაც ხდება სისხლძარღვის დაზიანებული სეგმენტის ჩანაცვლება ჯანსაღი სისხლძარღვის ჩანერგვის გზით.


როგორ ხორციელდება კორონარული ანგიოპლასტიკა და სტენტირება?

უშუალოდ პროცედურამდე აუცილებელია კორონარული არტერიების შემოწმება, რათა დარწმუნდეთ, რომ ოპერაციის ჩატარება ტექნიკურად შესაძლებელია. ეს ხორციელდება კორონარული ანგიოგრაფიის (კორონაროგრაფიის) საშუალებით.

კორონარული ანგიოგრაფიის (კორონაროგრაფიის) დროს, გრძელი, მოქნილი, პლასტიკური მილი, რომელსაც კათეტერი ეწოდება (დაახლოებით ფანქრის გულის სიგანე), შეჰყავთ სისხლძარღვში, კერძოდ სხივის ან ბარძაყის არტერიაში. კათეტერის წვერი მიემართება გულის მკვებავი სიხლძარღვებისკენ გულისკენ, რომელშიც შეჰყავთ საკონტრასტო ნივთიერება, რის შედეგედაც რენტგენის სხივების გამოყენებით ხდება კორონარული არტერიების ვიზუალიზაცია. შედეგად მიღებულ გამოსახულებებს ანგიოგრამა ეწოდება.


რა არის კორონარული სისხლძარღვების როტაბლაცია?

როტაციული ათერექტომია, იგივე როტაბლაცია, ინვაზიური მანიპულაციაა, რომლის დროსაც ხდება კორონარული არტერიების მყარი, კალციფიცირებული ატეროსკლეროზული ფოლაქების დაშლა/ამოკვეთა მბრუნავი ინსტრუმენტის, ე.წ. როტაბლატორის გამოყენებით.

 

ათეროსკლეროზული ფოლაქი, დროთა განმავლობაში ყალიბდება ცხიმოვანი სუბსტანციისაგან, რომელიც წარმოიქმნება ქოლესტერინის, კალციუმის და სხვა ნივთიერებებისაგან, გროვდება კორონარულ არტერიებში და იწვევს სისხლძარღვების ნაწილობრივ ან სრულ დახშობას. დახშულ ან შევიწროვებულ სისხლძარღვში სისხლის დინების დარღვევის გამო, ხდება გულის კუნთოვანი ქსოვილის სისხლში არსებული ჟანგბადით მომარაგების დარღვევა, რაც გულის შეტევას (იშემიას, სტენოკარდიას ან ინფარქტს) იწვევს. თუ ათეროსკლეროზული ფოლაქი საკმარისად რბილია, პაციენტს ჩვეულებრივ, სტანდარტულად უტარდება შევიწროვებულ ადგილას სტენტის ჩადგმის პროცედურა. თუმცა, არსებობს იშვიათი შემთხვევები, როდესაც ათეროსკლეროზული ფოლაქი ზედმეტად მყარია, ამ შემთხვევაში საჭირო ხდება როტაბლაციის აპარატის გამოყენება.

როტაციული ათერექტომია სრულდებასხვადასხვა ზომის სპეციალური მბრუნავი თავაკის საშუალებით, რომელიც მაღალი სისწრაფით (60 000-200 000 ბრუნი წუთში) ბრუნავს, შლის კალციფიცირებულ შევიწროვებას კორონარულ არტერიაში და ამარტივებს კორონარული სტენტის იმპლატაციას(ჩაყენებას).


როდის არის საჭირო როტაბლაცია?

როტაბლაცია ერთვება კორონარული სტნეტირების პროცედურაში პაციენტის მკურნალი ექიმი-ინტერვენციული კარდიოლოგის გადაწყვეტილებით შემდეგი ჩვენებების დროს:

  • თუ პაციენტის კორონარული არტერიები მნიშვნელოვნად კალციფიცირებულია, რაც შეუძლებელს ხდის სტანდარტული კორონარული სტენტირების ჩატარებას;
  • თუ მკურნალობის სხვა მეთოდები არ შეესაბამება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ან ანატომიურ ფაქტორებს;
  • თუ პაციენტს აღენიშნება ე.წ ბალონ გაუვლადი შევიწროვება ან ქრონიკული ოკლუზიები, სადაც არტერიები სრულიად დახშულია და საჭიროებს სპეციალურ ინტერვენციას.

როგორ ტარდება როტაბლაციის პროცედურა?

ისევე როგორც კორონაროგრაფიისას ან კორონარული სტენტირებისას, როტაბლაციის პროცედურის დაწყებამდეც პაციენტს ადგილობრივი ანესთეზია უკეთდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მანიპულაციის პროცესში ის ფხიზელია. პროცედურის დროს ექიმი მაჯის ან ბარძაყის არტერიიდან კათეტერს საშუალებით კორონარულ სისხლძარღვებში სპეციალურ კონტრასტულ ნივთიერებას შეიყვანს. ეს ნივთიერება რენტგენის სხივს არ ატარებს, რაც ექიმს არტერიების ანატომიისა და გამავლობის დათვალიერების საშუალებას აძლევს. დახშულ არტერიაში ექიმი ფრთხილად ატარებს როტაბლატორს - წვრილ, თავაკს, რომელიც ადგილზე განთავსების შემდეგ იწყებს ბრუნვას, და შლის/ჭრის კალციფიცირებულ შევიწროვებას. როტაბლაციის 

შემდეგ, როგორც წესი, კორონარული არტერიის ხელახალი შევიწროების პრევენციის მიზნით ტარდება ანგიოპლასტიკა სტენტირებით.


რა ხდება პროცედურის შემდეგ?

მანიპულაციის დასრულების შემდეგ, პაციენტს რამდენიმე საათის განმავლობაში წოლა უწევს. ხდება მისი წნევის, გულისცემის, და სხვამაჩვენებლების მონიტორინგი. პაციენტის კლინიკაში დაყოვნების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მისი ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე და დაავადების სიმძიმეზე. ამის შემდეგ, მკურნალი ექიმი გასცემს შემდგომი მკურნალობის ინსტრუქციას და დანიშნავს მომდევნო ვიზიტს მკურნალობის პროგრესისა და პროცედურის შედეგების მონიტორინგისთვის.

კარდიო ქირურგიული მხარდაჭერა სტენტირების დროს უსაფრთხო“ გარანტირებული“ სამედიცინო ჩარევა არ არსებობს, ყველა სამედიცინო მანიპულაციეას ახასიათებს სხვადასხვა ხარისიხის შესაძლო გართულებები და აუცილებელია პაციენტის მკურნალი გუნდი მზად იყოს ყველა მოსალოდნელი გართულებისათვის. კორონარული ინტერვენციის დროს ყოველთვის მოსალოდნელია სხვადასხვა სახის გართულებები, რომელიც შესაძლოა მოითხოვდეს სხვადასხვა პროფილის ექიმის ჩართვას. მძიმე გართულებების სამკურნალოდ აუცილებელია კარდიოქირურგიული გუნდის მზადყოფნა და აუცილებლობის შემთხვევაში დაუყოვნებელი ჩარევა.


შესაძლო გართულებები

ისევე როგორც კორონარული სტენიტრება, ჩვეულებრივ, როტაბლაცია დაბალ-რისკიანი პროცედურაა. გართულებები იშვიათია, თუმცა როგორც ყველა სხვა ჩარევის და მანიპულაციის დროს, არსებობს იშვიათი გართულებები, მათ შორის ძალიან იშვიათად - ლეტალური გამოსავლის დადგომა. სახლში გაწერილმა პაციენტმა, დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ექიმს, თუ აქვს:

  • ტკივილი მკერდის არეში;
  • გაძნელებული სუნთქვა;
  • სისხლდენა ან ძლიერი სიწითლე ან ინფექციის ნიშნები კათეტერის შეყვანის ადგილას;
  • ტემპერატურა.

რეკომენდაციები

კლინიკის დატოვების შემდეგ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია:

  • მოერიდოს ფიზიკურ დაძაბულობას - ვარჯიშს, სიმძიმის აწევას, სახლის საქმეს, რომელიც მოითხოვს ფიზიკურ შრომას;
  • დაისვენოს და დალიოს ბევრი წყალი (ზოგ შემთხვევაში ეს რეკომენდაცია იცვლება);
  • დაიცვას დიეტური კვებითი რეჟიმი ექიმის დანიშნულებისამებრ;
  • ზედმიწევნით დაიცვას მედიკამენტების მიღების რეჟიმი ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
  • განმეორებით ჩანიშნოს ექიმთან ვიზიტი პროცედურიდან გარკვეულ პერიოდში.
  • მოერიდოს თამბაქოს და ალკოჰოლს.