კუჭის წყლული
კუჭის წყლული არის მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭის დამცავი ლორწოვანი გარსი ზიანდება და წარმოიქმნება წყლულოვანი დაზიანება. მისი განვითარება სხვადასხვა ფაქტორს შეიძლება უკავშირდებოდეს, მათ შორის Helicobacter pylori-ის ინფექციას, გარკვეული მედიკამენტების გამოყენებას და კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავი ბარიერის დარღვევას.
კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია მუცლის ზედა ნაწილში წვის ან ტკივილის შეგრძნება და საჭმლის მონელების დარღვევა. დროული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, რადგან სწორი მკურნალობის დასაგეგმად პირველ რიგში აუცილებელია დაავადების გამომწვევი მიზეზის დადგენა.
რა არის კუჭის წყლული?
კუჭის წყლული პეპტიური წყლულოვანი დაავადების ერთ-ერთი ფორმაა და ვითარდება მაშინ, როდესაც ირღვევა კუჭის ბუნებრივი დამცავი ბარიერი.
წყლული შეიძლება განსხვავდებოდეს ზომით, სიღრმითა და მდებარეობით. დაზიანების სიღრმე და გავრცელება მნიშვნელოვნად განსაზღვრავს დაავადების მიმდინარეობასა და შესაძლო გართულებებს.
კუჭის წყლული ხშირ შემთხვევაში განკურნებადია. მისი მკურნალობის მთავარი მიზანია დაზიანებული უბნის აღდგენა, კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვა და იმ ფაქტორების აღმოფხვრა, რომელმაც წყლულის განვითარებას შეუწყო ხელი. სათანადო მკურნალობის შემთხვევაში კუჭის ლორწოვანი გარსი, როგორც წესი, აღდგენის უნარს ინარჩუნებს.
რა იწვევს კუჭის წყლულს?
კუჭის ლორწოვანი გარსი მუდმივად განიცდის კუჭის მჟავისა და საჭმლის მომნელებელი ფერმენტების ზემოქმედებას, თუმცა მას ბუნებრივი დამცავი მექანიზმები იცავს. როდესაც დამცავ მექანიზმებსა და მჟავას შორის ბალანსი ირღვევა, ლორწოვანი გარსის დაზიანების რისკი იზრდება, რაც შესაძლოა საბოლოოდ წყლულის წარმოქმნა გამოიწვიოს.
კუჭის წყლულის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
- Helicobacter pylori-ის ინფექცია - Helicobacter pylori ფართოდ გავრცელებული ბაქტერიაა და კუჭის წყლულის ერთ-ერთ ყველაზე ხშირ მიზეზს წარმოადგენს. ის აზიანებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ ბარიერს და ხელს უწყობს ანთებითი პროცესის განვითარებას, რის შედეგადაც იზრდება წყლულის წარმოქმნის რისკი. კუჭის წყლულის შემთხვევათა მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ H. pylori-ის ინფექციასთან არის დაკავშირებული.
- არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები (NSAIDs) - იბუპროფენის, ასპირინის, ნაპროქსენის და მსგავსი პრეპარატების ხშირი ან ხანგრძლივი გამოყენება კუჭის ლორწოვანი გარსის ბუნებრივ დაცვას ასუსტებს. შედეგად, ლორწოვანი გარსი უფრო მგრძნობიარე ხდება კუჭის მჟავის მიმართ და იზრდება მისი დაზიანებისა და წყლულის განვითარების რისკი.
- კუჭის მჟავის ჭარბი გამომუშავება - იშვიათ შემთხვევებში კუჭის წყლული შესაძლოა კუჭის მჟავის ჭარბ გამომუშავებას უკავშირდებოდეს. ამის ერთ-ერთი მიზეზია ზოლინგერ-ელისონის სინდრომი - იშვიათი მდგომარეობა, რომლის დროსაც კუჭი დიდი რაოდენობით მჟავას გამოიმუშავებს. ჭარბი მჟავა აზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს და ზრდის წყლულის განვითარების რისკს.
- მძიმე ფიზიოლოგიური სტრესი - მძიმე დაავადების, სერიოზული ტრავმის, დამწვრობის ან სხვა სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობის დროს შესაძლოა განვითარდეს ე.წ. სტრესული წყლული. ასეთ შემთხვევაში ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებები კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვასა და აღდგენას არღვევს.
- სხვა ინფექციები - იშვიათად, კუჭის წყლულის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს სხვა ბაქტერიულ, ვირუსულ ან სოკოვან ინფექციებთან, რომლებმაც კუჭის ლორწოვანი გარსის ანთება და დაზიანება გამოიწვია.
- რადიაციული ან ქიმიოთერაპიული მკურნალობა - გარკვეულ შემთხვევებში რადიაციულმა ან ქიმიოთერაპილმა მკურნალობამ შესაძლოა დააზიანოს კუჭის ლორწოვანი გარსი და შეაფერხოს მისი ბუნებრივი აღდგენის პროცესი.
- მოწევა - მოწევა უარყოფითად მოქმედებს კუჭის ლორწოვანი გარსის დამცავ მექანიზმებზე და აფერხებს მის ბუნებრივ აღდგენას. შედეგად, იზრდება კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებისა და წყლულის განვითარების რისკი. მოწევამ ასევე შეიძლება გაზარდოს მისი განმეორების ალბათობა.
რა სიმპტომები ახასიათებს კუჭის წყლულს?
კუჭის წყლულის გამოვლინებები ინდივიდუალურია და შესაძლოა სიმპტომების ხასიათი და ინტენსივობა პაციენტებს შორის მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს. ზოგიერთ შემთხვევაში სიმპტომები პერიოდულად ჩნდება და გარკვეული პერიოდის შემდეგ ქრება, ზოგჯერ კი წყლული საერთოდ არ იწვევს შესამჩნევ ჩივილებს. სიმპტომების ხასიათზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს წყლულის მდებარეობას, ზომასა და სიღრმეს, ასევე მის გამომწვევ მიზეზს.
კუჭის წყლულის ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია:
- ტკივილი ან წვის შეგრძნება მუცლის ზედა ნაწილში - კუჭის წყლულის დროს ტკივილი ან წვის შეგრძნება, როგორც წესი, მუცლის ზედა ნაწილში, განსაკუთრებით ეპიგასტრიუმის მიდამოში, ვლინდება და შესაძლოა გაძლიერდეს ჭამამდე ან ჭამის შემდეგ.
- დისპეფსია (საჭმლის მონელების დარღვევა) - შეიძლება გამოვლინდეს მუცლის ზედა ნაწილში დისკომფორტით, სიმძიმის ან სისავსის შეგრძნებით.
- გულისრევა და ღებინება - ზოგიერთ შემთხვევაში წყლულს თან ახლავს გულისრევის შეგრძნება და ღებინება.
- შებერილობა და ბოყინი - შესაძლოა აღინიშნებოდეს მუცლის შებერილობა, გაზების დაგროვება და ხშირი ბოყინი.
- გულძმარვა - კუჭის მჟავის საყლაპავში გადასვლამ შესაძლოა გამოიწვიოს გულძმარვა ან მჟავე შიგთავსის ამოსვლის შეგრძნება.
- ადრეული დანაყრება — ადამიანს შესაძლოა მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგაც გაუჩნდეს დანაყრების ან კუჭის გადავსების შეგრძნება.
- მადის დაქვეითება და წონის კლება — ხანგრძლივი დისკომფორტის ან ჭამის შემდეგ ტკივილის გამო შესაძლოა მადა დაქვეითდეს და განვითარდეს წონის აუხსნელი კლება.
როდის უნდა მივმართოთ ექიმს?
განმეორებითი ან ხანგრძლივი ჩივილების შემთხვევაში მნიშვნელოვანია ექიმთან კონსულტაცია, რათა დროულად შეფასდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა, დადგინდეს სიმპტომების გამომწვევი მიზეზი და, საჭიროების შემთხვევაში, დაიგეგმოს შესაბამისი გამოკვლევა და მკურნალობა.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ექიმთან ვიზიტი, თუ:
- მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი ან წვის შეგრძნება ხშირად მეორდება ან ხანგრძლივად გრძელდება;
- კუჭთან დაკავშირებული დისკომფორტი მკურნალობის მიუხედავად არ მცირდება;
- ხშირად აღინიშნება გულისრევა ან ღებინება;
- მცირე რაოდენობის საკვების მიღების შემდეგაც სწრაფად ჩნდება დანაყრების შეგრძნება;
- უმიზეზოდ იკლებთ წონაში ან მნიშვნელოვნად გიქვეითდებათ მადა;
- გაქვთ კუჭის წყლულის ან Helicobacter pylori-ის ინფექციის ისტორია;
- ხშირად ან ხანგრძლივად იღებთ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებს.
დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ განვითარდა სისხლიანი ან „ყავის ნალექის“ მსგავსი ღებინება, შავი ფერის განავალი, უეცარი და ძლიერი მუცლის ტკივილი, ძლიერი სისუსტე, თავბრუსხვევა ან გონების დაკარგვის შეგრძნება. ეს ნიშნები შესაძლოა კუჭის წყლულის გართულებაზე, მათ შორის სისხლდენაზე ან კუჭის კედლის დაზიანებაზე მიუთითებდეს.
როგორ ხდება კუჭის წყლულის დიაგნოსტირება?
კუჭის წყლულის დიაგნოსტირება იწყება პაციენტის ჩივილებისა და სამედიცინო ისტორიის შეფასებით. ექიმი ყურადღებას ამახვილებს სიმპტომების ხასიათზე, მათ ხანგრძლივობაზე, გამოყენებულ მედიკამენტებზე, განსაკუთრებით არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებზე, ასევე Helicobacter pylori-ის ინფექციის შესაძლო არსებობაზე.
კუჭის წყლულის დასადასტურებლად და მისი გამომწვევი მიზეზის დასადგენად შესაძლოა სხვადასხვა კვლევა ჩატარდეს, მათ შორის:
- ეზოფაგოგასტროდუოდენოსკოპია (EGD) - კუჭის წყლულის დიაგნოსტიკის ყველაზე ინფორმაციული მეთოდია. კვლევის დროს სპეციალური თხელი აპარატის, ენდოსკოპის საშუალებით ექიმი პირდაპირ ათვალიერებს საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის ლორწოვან გარსს. ამ გზით შესაძლებელია წყლულის აღმოჩენა, მისი მდებარეობის, ზომისა და მდგომარეობის შეფასება.
- ბიოფსია - ენდოსკოპიური კვლევის დროს, საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია ლორწოვანი გარსიდან მცირე ზომის ქსოვილის ნიმუშის აღება. მიღებული მასალა ლაბორატორიულად შეისწავლება, რაც ექიმს ეხმარება პათოლოგიური ცვლილებების შეფასებასა და გარკვეული დაავადებების, მათ შორის ავთვისებიანი პროცესის, გამორიცხვაში. ბიოფსიური მასალის საშუალებით შესაძლებელია Helicobacter pylori-ის ინფექციის გამოვლენაც.
- Helicobacter pylori-ის კვლევა - თუ ექიმს ეჭვი აქვს H. pylori-ის ინფექციაზე, შესაძლოა დაინიშნოს სუნთქვითი ურეაზული ტესტი, განავლის ანტიგენის ტესტი ან სისხლის ანალიზი ანტისხეულებზე. კვლევის მეთოდი პაციენტის მდგომარეობისა და კლინიკური საჭიროების მიხედვით შეირჩევა.
- ლაბორატორიული კვლევები - სისხლის საერთო და სხვა ლაბორატორიული ანალიზები შესაძლოა ჩატარდეს პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შესაფასებლად. ისინი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როდესაც არსებობს სისხლდენის ან ანემიის ეჭვი.
- ინსტრუმენტული კვლევები - გარკვეულ შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს დამატებითი კვლევები, მაგალითად, კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), რენტგენოლოგიური კვლევა ან ელექტროკარდიოგრამა. მათი მიზანია სხვა დაავადებების გამორიცხვა ან ისეთი გართულებების გამოვლენა, როგორიცაა კუჭის კედლის მთლიანობის დარღვევა.
კუჭის წყლულის დიაგნოზის დადასტურება მხოლოდ სიმპტომების საფუძველზე შეუძლებელია. საბოლოო დიაგნოზის დასმა კლინიკური შეფასების, ლაბორატორიული და ენდოსკოპიური კვლევების შედეგების ერთობლიობით ხდება. „ნიუ ჰოსპიტალსში“ კუჭის წყლულის დიაგნოსტირება თანამედროვე მეთოდების გამოყენებით, გამოცდილი სპეციალისტების მიერ ხორციელდება. საჭირო კვლევების საფუძველზე შესაძლებელია დაავადების ზუსტი შეფასება და პაციენტისთვის ინდივიდუალურად შერჩეული მკურნალობის დაგეგმვა.
როგორ ხდება კუჭის წყლულის მკურნალობა?
კუჭის წყლულის მკურნალობის მეთოდი ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მის გამომწვევ მიზეზზე, წყლულის ზომასა და მდგომარეობაზე, ასევე გართულებების არსებობაზე. მკურნალობის ძირითადი მიზანია კუჭის მჟავის ზემოქმედების შემცირება, დაზიანებული ლორწოვანი გარსის შეხორცების ხელშეწყობა და წყლულის გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა.
მკურნალობის ძირითადი მიდგომებია:
- კუჭის მჟავის შემცირება - ხშირად გამოიყენება მედიკამენტები (პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, H2 ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორები), რომლებიც ამცირებს კუჭის მჟავის გამომუშავებას და ხელს უწყობს დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენას. კონკრეტულ პრეპარატსა და მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
- კუჭის მჟავიანობის განეიტრალება - ანტაციდები ანეიტრალებს კუჭში არსებულ მჟავას და ამცირებს მჟავიანობასთან დაკავშირებულ ჩივილებს, მათ შორის გულძმარვასა და წვის შეგრძნებას.
- Helicobacter pylori-ის ინფექციის მკურნალობა - თუ კვლევებით დადასტურდა H. pylori-ის არსებობა, ინიშნება შესაბამისი ანტიბაქტერიული მკურნალობა, ჩვეულებრივ რამდენიმე პრეპარატის კომბინაციით. მკურნალობის დასრულების შემდეგ მნიშვნელოვანია განმეორებითი კვლევით დადასტურდეს ინფექციის აღმოფხვრა.
- კუჭის ლორწოვანი გარსის დაცვა - გარკვეულ შემთხვევებში ექიმმა შესაძლოა დანიშნოს ისეთი პრეპარატები, რომლებიც დაზიანებულ უბანს იცავს და შეხორცების პროცესს ხელს უწყობს.
- წყლულის გამომწვევი მედიკამენტების შეცვლა ან შეწყვეტა - თუ წყლულის განვითარება დაკავშირებულია არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების (NSAIDs) გამოყენებასთან, ექიმმა შესაძლოა მათი შეწყვეტა ან სხვა, უფრო უსაფრთხო ალტერნატივით ჩანაცვლება გადაწყვიტოს.
- ცხოვრების წესის კორექცია - მკურნალობის პერიოდში მნიშვნელოვანია მოწევისთვის თავის დანებება და იმ ფაქტორების თავიდან აცილება, რომლებმაც შესაძლოა კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანება გააძლიეროს.
თუ კუჭის წყლულს თან ახლავს სისხლდენა, კუჭის კედლის მთლიანობის დარღვევა ან სხვა სერიოზული გართულება, შესაძლოა საჭირო გახდეს ენდოსკოპიური ჩარევა. ენდოსკოპიის საშუალებით ექიმს შეუძლია სისხლდენის შეჩერება და შესაბამისი მკურნალობის ჩატარება. იშვიათ შემთხვევებში, როდესაც მედიკამენტური ან ენდოსკოპიური მკურნალობა საკმარისი არ არის, შესაძლოა ქირურგიული ჩარევაც გახდეს საჭირო.
მნიშვნელოვანია, რომ კუჭის წყლულის მკურნალობა ექიმის მიერ დადგენილი სქემის მიხედვით ჩატარდეს. თვითნებურმა მკურნალობამ შესაძლოა ხელი შეუშალოს გამოჯანმრთელებას და გაზარდოს გართულებების რისკი.
რა გართულებები ახასიათებს კუჭის წყლულს?
კუჭის წყლული უმეტეს შემთხვევაში მკურნალობას ექვემდებარება, თუმცა დიაგნოზის დაგვიანების და მკურნალობის გარეშე შესაძლოა სხვადასხვა გართულება განვითარდეს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია:
- კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა - წყლულმა შესაძლოა დააზიანოს სისხლძარღვი და გამოიწვიოს სისხლდენა.
- კუჭის კედლის პერფორაცია - წყლულმა შესაძლოა კუჭის კედლის მთლიანობა დაარღვიოს და წარმოქმნას ხვრელი.
- პენეტრაცია - წყლული შეიძლება გავრცელდეს კუჭის კედლის მიღმა და ჩაიზარდოს მეზობელ ორგანოში.
- სტრიქტურა (შევიწროება) - ხანგრძლივი წყლულოვანი პროცესის შედეგად შესაძლოა კუჭის გამოსასვლელის მიდამოში ნაწიბუროვანი ცვლილებები განვითარდეს, რაც საკვების კუჭიდან ნაწლავში გადასვლას აფერხებს.
თუ კუჭის წყლულის ფონზე უეცრად განვითარდა ძლიერი მუცლის ტკივილი, სისხლიანი ღებინება, შავი განავალი, ძლიერი სისუსტე ან თავბრუსხვევა, აუცილებელია დაუყოვნებლივ მიმართოთ სამედიცინო დახმარებას.
რა გავლენას ახდენს კვება კუჭის წყლულზე?
კვება კუჭის წყლულის უშუალო გამომწვევ მიზეზად არ მიიჩნევა, თუმცა გარკვეულმა საკვებმა და სასმელმა შესაძლოა გააძლიეროს დაავადებასთან დაკავშირებული სიმპტომები, მაგალითად, ტკივილი, გულძმარვა ან დისკომფორტი. ამიტომ, წყლულის არსებობისას მნიშვნელოვანია ისეთი საკვების შერჩევა, რომელიც პაციენტს დისკომფორტს არ უძლიერებს.
როგორც წესი, მკაცრი, ერთიანი დიეტა, რომელიც ყველა პაციენტისთვის ერთნაირად იქნება რეკომენდებული, საჭირო არ არის. სასურველია რეგულარული და დაბალანსებული კვება, ხოლო იმ პროდუქტების შეზღუდვა, რომლებიც სიმპტომებს აძლიერებს.
კუჭის წყლულის დროს სასურველია ყურადღება მიექცეს იმ საკვებსა და სასმელს, რომლებმაც შესაძლოა კუჭის ლორწოვანი გარსი გააღიზიანოს ან არსებული სიმპტომები გააძლიეროს. ასეთია:
- ძალიან ცხარე და მჟავე საკვები;
- ძალიან ცხიმიანი და შემწვარი საკვები;
- ალკოჰოლური სასმელები;
- კოფეინის შემცველი სასმელები, თუ ისინი სიმპტომებს აძლიერებს;
- საკვები, რომელიც კონკრეტულ პაციენტში ტკივილს, გულძმარვას ან სხვა დისკომფორტს იწვევს.
მნიშვნელოვანია, რომ კვების ცვლილება მკურნალობის დამხმარე ნაწილია და თავად წყლულს ვერ კურნავს. დაზიანებული ლორწოვანი გარსის აღდგენისა და წყლულის სრულად მკურნალობისთვის აუცილებელია ექიმის მიერ დანიშნული შესაბამისი მკურნალობა.
ხშირად დასმული კითხვები (FAQ):
შეიძლება თუ არა კუჭის წყლული სრულად განიკურნოს?
დიახ. კუჭის წყლული უმეტეს შემთხვევაში სრულად ხორცდება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დროულად დგინდება მისი გამომწვევი მიზეზი და ტარდება შესაბამისი მკურნალობა.
შეიძლება თუ არა კუჭის წყლული განმეორდეს?
დიახ. განმეორების რისკი განსაკუთრებით იზრდება, თუ არ არის აღმოფხვრილი წყლულის გამომწვევი მიზეზი, მაგალითად, Helicobacter pylori-ის ინფექცია ან წყლულის გამომწვევი მედიკამენტების გამოყენება.
იწვევს თუ არა სტრესი და ემოციური დაძაბულობა კუჭის წყლულს?
ყოველდღიური სტრესი და ემოციური დაძაბულობა კუჭის წყლულის პირდაპირ მიზეზად არ მიიჩნევა, თუმცა შესაძლოა გააძლიეროს კუჭთან დაკავშირებული სიმპტომები.
შეიძლება თუ არა კუჭის წყლული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობდეს?
დიახ. ზოგიერთ ადამიანს წყლული შესამჩნევი სიმპტომების გარეშე აქვს და მისი გამოვლენა მხოლოდ გართულების, მაგალითად, სისხლდენის განვითარების შემდეგ ხდება.
როგორ უკავშირდება Helicobacter pylori კუჭის წყლულს?
Helicobacter pylori კუჭის ლორწოვან გარსში ხანგრძლივ ანთებით პროცესს იწვევს და ასუსტებს მის დამცავ მექანიზმებს. შედეგად, იზრდება კუჭის წყლულის განვითარების რისკი. ინფექციის დადასტურების შემთხვევაში საჭიროა შესაბამისი მკურნალობა.
შეიძლება თუ არა ტკივილგამაყუჩებლების მიღება კუჭის წყლულის დროს?
ზოგიერთმა ტკივილგამაყუჩებელმა, განსაკუთრებით არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებმა, შესაძლოა კუჭის ლორწოვანი გარსი დააზიანოს. ამიტომ მათი მიღება ექიმთან კონსულტაციის გარეშე რეკომენდებული არ არის.
შეიძლება კუჭის წყლულის მსგავსი სიმპტომები სხვა დაავადებებმაც გამოიწვიოს?
დიახ. მსგავსი სიმპტომები შესაძლოა დაკავშირებული იყოს კუჭისა და საყლაპავის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის ან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებთან. საჭირო კვლევები ექიმს ეხმარება ზუსტი დიაგნოზის დასმასა და სხვა შესაძლო მიზეზების გამორიცხვაში.
როდის არის საჭირო დაუყოვნებლივ სამედიცინო დახმარება?
გადაუდებელი სამედიცინო დახმარება საჭიროა სისხლიანი ან „ყავის ნალექის“ მსგავსი ღებინების, შავი ფერის განავლის, ძლიერი სისუსტის ან თავბრუსხვევის, ასევე უეცარი და ძლიერი მუცლის ტკივილის შემთხვევაში.