მიოპია
ახლომხედველობა, იგივე მიოპია თვალის გავრცელებული რეფრაქციული მანკია. ახლომხედველობის დროს შორს არსებული ობიექტები ბუნდოვნად ჩანს, ახლოს არსებული კი ნათლად. მიოპიისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ხშირად გარდატეხის ასაკში იჩენს თავს და თვალის კაკლის ზრდასთან ერთად თანდათან პროგრესირებს.
რა იწვევს ახლომხედველობას?
ახლომხედველობის დროს თვალის კაკალში შემავალი სხივები ვერ ფოკუსირდებიან ბადურა გარსზე, რის გამოც მხედველობა ბუნდოვანია. მიოპიას ახასიათებს გენეტიკური წინასწარგანწყობა.
ახლომხედველობის დიაგნოსტიკა
ახლომხედველობის გამოვლენა ხდება ოფთალმოლოგის მიერ სპეციალური კვლევის რეფრაქტომეტრიის საშუალებით, რა დროსაც განისაზღვრება თვალის გარდატეხის ძალა. თუ შეამჩნევთ, რომ გიჭირთ გაარჩიოთ თქვენგან მოშორებული საგნები, რომელთა გარჩევაც თქენ გარშემო მყოფთათვის პრობლემას არ წარმოადგენს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს ახლომხედველობის გამოსარიცხად.
ახლომხედველობის მკურნალობა
მიოპიის დროს მხედველობის კორექციისთვის ძირითადად მიმართავენ 3 გზას:
- სათვალით კორექცია
- კონტაქტური ლინზებით კორექცია
- ქირურგიული გზა, რომელშიც გაერთიანებულია მხედველობის ექსიმერ-ლაზერული კორექცია, ფაკიური ლინზის იმპლანტაცია და რეფრაქციული ფაკოემულსიფიკაცია.
ახლომხედველობის დროს მომატებულია თვალის სხვადასხვა დაავადებების რისკი. ეს დაავადებებია:
- ბადურის პერიფერიული დეგენერაცია
- მინისებრი სხეულის შემღვრევები
- მაკულარული დეგენერაცია
- ბადურის ჩამოცლა
ზრდასრულ ადამიანებში, მიოპიის განვითარების ადრეული ნიშანი შეიძლება კატარაქტა იყოს. კატარაქტის დროს, თვალის ბროლი, რომელიც, როგორც წესი სუფთაა, იწყებს შემღვრევას, რის შედეგადაც ბუნდოვანი მხედველობა ყალიბდება. ეს, ჩვეულებრივ, ასაკთან არის დაკავშირებული.
ახლომხედველობის ხარისხი
ხარისხის მიხედვით ახლომხედველობა იყოფა 3 ტიპად:
- მსუბუქი ხარისხის მიოპია: -0.5D-დან -3D-მდე.
- საშუალო ხარისხის მიოპია: -3D-დან -6D-მდე.
- მაღალი ხარისხის მიოპია: მაღალი ხარისხის ახლომხედველობა არის -6D. თუ თქვენ გაქვთ აღნიშნული, თქვენ ობიექტების ნათლად დანახვას, მხოლოდ მათი თვალთან ახლოს მოტანით შეძლებთ.
ლაზერული ოპერაცია
ლაზერული ოპერაცია მოიცავს ლაზერის გამოყენებით რქოვანის, თვალის გამჭვირვალე გარსის ფორმის ცვლილებას, რის შემდგომაც მხედველობა ხდება მკაფიო. ლაზერული ოპერაცია, ამბულატორიულად ადგილობრივი გაუტკივარებით (მხოლოდ თვალის წვეთების საშუალებით) ტარდება და მისი ხანგრძლივობა რამოდენიმე წამს შეადგენს. კორექციის შემდეგ პაციენტი მეორე დღესვე უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს.