ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

მყესებისა და პერიფერიული ნერვების მიკროქირურგიული აღდგენა

მყესებისა და პერიფერიული ნერვების დაზიანება ხშირად ტრავმული შემთხვევების შედეგია, რაც ფუნქციურ შეზღუდვებსა და ცხოვრების ხარისხის დაქვეითებას იწვევს. დაზიანება აგრეთვე შეიძლება გამოიწვიოს დიაბეტმა, ოპერაციამ, ინფექციამ ან ართრიტმა. მყესისა და პერიფერიული ნერვის დაზიანება ყველაზე ხშირად კიდურებში გვხვდება.

როდესაც კლინიკური და ფიზიოლოგიური ნიშნები აღდგენას არ აჩვენებს, საჭიროა მიკროქირურგიული ჩარევა, რათა მოხდეს დაზიანებული ნერვის ან მყესის აღდგენა და ქსოვილის რეგენერაციის ხელშეწყობა. მიკროქირურგია მაღალი გადიდების ოპტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით სხეულის მცირე ანატომიურ სტრუქტურებზე ოპერაციული ჩარევის განხორციელებას გულისხმობს. ოპერაციებისთვის გამოიყენება სპეციალური, ერთიდან ორ მილიმეტრამდე სისქის ქირურგიული ინსტრუმენტები, რომლებიც შექმნილია მაღალი სიზუსტის მანიპულაციებისთვის.


რა სიმპტომები ახასიათებს მყესების და პერიფერიული ნერვების დაზიანებას?

მყესი დრეკადი ქსოვილია, რომელიც კუნთებს ძვლებთან აერთებს და მოძრაობას უზრუნველყოფს. მყესის დაზიანება იწვევს:

  • მოძრაობის შეზღუდვას;
  • ტკივილს ან შეშუპებას დაზიანების ადგილას;
  • გაშეშებას;
  • დაბუჟება;
  • ფუნქციის დაკარგვას.

პერიფერიული ნერვები თავის ტვინისა და ზურგის ტვინის გარეთ მდებარე ნერვებია. მათი მთავარი ფუნქცია ცენტრალური ნერვული სისტემის კიდურებთან და ორგანოებთან დაკავშირებაა და ძირითადად მოქმედებს, როგორც დამაკავშირებელი თავის ტვინს, ზურგის ტვინსა და დანარჩენ სხეულს შორის. პერიფერიული ნერვის დაზიანება იწვევს ისეთი სიმპტომების განვითარებას, როგორიცაა:

  • დაბუჟება ან ჩხვლეტის შეგრძნება;
  • წვა ან მწვავე ტკივილი;
  • კუნთოვანი სისუსტე;
  • უნებლიე მოძრაობა;
  • მოძრაობის ან შეგრძნების დაკარგვა.

მყესისა და პერიფერიული ნერვის მიკროქირურგიული ოპერაციის საშუალებით შესაძლებელი ხდება სიმპტომების მოხსნა და ფუნქციის აღდგენა.


როგორ ხდება დიაგნოსტირება?

მყესის დაზიანების შემთხვევაში დიაგნოსტირების მიზნით შესაძლებელია ჩატარდეს შემდეგი კვლევები:

  • მაგნიტურ რეზონანსული ტომოგრაფია.
  • ნერვის დაზიანების შემთხვევაში, ჩვეულებრივ ინიშნება:
  • ელექტრონეირომიოგრაფია;
  • მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტით;
  • ექოსკოპია.

რა ტიპის მიკროქირურგიული ოპერაციები ინიშნება მყესებისა და პერიფერიული ნერვების აღდგენის მიზნით?

მყესებისა და პერიფერიული ნერვების წარმატებით აღდგენისათვის დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა უმნიშვნელოვანესია. მიკროქირურგიული ოპერაცია სასურველია ჩატარდეს პირველ 2-3 კვირაში.

მყესების მიკროქირურგიული ოპერაცია გულისხმობს დაზიანებული მყესების მთლიანობის აღდგენას, რეკონსტრუქციას და პლასტიკას. ოპერაციის ტიპი დამოკიდებულია დაზიანების ადგილმდებარეობასა და დაზიანების ხარისხზე. მყესის აღდგენის ოპერაციებია:

  • მყესის მთლიანობის აღდგენა;
  • მყესის გადანერგვა;
  • მყესის ტრანსპოზიცია (გადატანა);
  • მყესის მეორადი აღდგენა, რაც ძირითადად დაგვიანებული მკურნალობის დროს ინიშნება და გულისხმობს ნაწიბუროვანი ქსოვილის მოშორებას და ტკივილის შემცირებას.

პერიფერიული ნერვის მიკროქირურგიული ოპერაციები მიზნად ისახავს ნერვის ფუნქციის აღდგენას დაზიანების ან დაავადების შემდეგ. ოპერაციული ჩარევის მეთოდი ამ შემთხვევაშიც დამოკიდებულია ნერვის ადგილმდებარეობაზე და მისი დაზიანების ხარისხზე. ნერვის მთლიანობის აღდგენისა და რეკონსტრუქციის მიზნით შესაძლებელია დაინიშნოს შემდეგი ტიპის ოპერაციები:

  • ნერვის მთლიანობის აღდგენა - ინიშნება მაშინ, როდესაც ნერვის ბოლოები დაზიანების შემდეგ შეიძლება პირდაპირ შეერთდეს დაჭიმვის გარეშე.
  • პერიფერიული ნერვის ნევროლიზი - ტარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ნერვი არ არის მთლიანად გაწყვეტილი, მაგრამ შეკუმშულია ან გარშემო ნაწიბუროვანი ქსოვილით არის დაფარული;
  • ენდონევროლიზი - ეს ოპერაცია ტარდება მაშინ, როცა დაზიანება ან შეკუმშვა ნერვის შიგნითაა და გარე დეკომპრესია (ექსტერნული ნევროლიზი) არ არის საკმარისი.
  • პერიფერიული ნერვების აუტოტრანსპლანტაცია - ინიშნება მაშინ, როდესაც დაზიანებული ნერვის პირდაპირი აღდგენა შეუძლებელი ან დაგვიანებულია.

რა გართულებები ახასიათებს მყესებისა და პერიფერიული ნერვების მიკროქირურგიულ ოპერაციებს?

მყესებისა და პერიფერიული ნერვების მიკროქირურგიულ ოპერაციებს ზოგადად მაღალი წარმატების მაჩვენებელი აქვთ, მაგრამ, როგორც ყველა ქირურგიულ ჩარევას, მათაც შესაძლოა ახლდეთ გარკვეული გართულებები, როგორიცაა:

  • ნეირომის განვითარება;
  • მგრძნობელობის ან მოძრაობის დარღვევა;
  • მყესის შეჭიდება;
  • შინაგანი ნაწიბუროვანი ქსოვილის ჩამოყალიბება;
  • ინფექცია.

გართულებების რისკი შეიძლება გაზარდოს ისეთმა ფაქტორებმა, როგორიცაა დაგვიანებული ოპერაცია, დიაბეტი, ჭრილობის არასათანადო მოვლა, მოწევა, დაგვიანებული ან შეწყვეტილი რეაბილიტაცია.