ნაღვლის ბუშტის სიმსივნე
ნაღვლის ბუშტის ავთვისებიანი სიმსივნე - ბუშტის კიბო შესაძლოა განვითარდეს ამ ორგანოს ნებისმიერ სეგმენტში. ნაღვლის ბუშტი არის მცირე ზომის ღრუ ორგანო მუცლის ზედა ნაწილში, ღვიძლთან, რომელიც გვეხმარება საჭმლის მონელებაში. ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების რისკ-ფაქტორს წარმოადგენს ხანგრძლივად მიმდინარე ნაღველკენჭოვანი დაავადება. აღნიშნულ დაავადებას ახასიათებს ავთვისებიანობის მაღალი პოტენციალი; პროგნოზი დამოკიდებულია იმაზე, თუ სად მდებარეობს წარმონაქმნი, ასევე დამოკიდებულია მის ზომასა და გავრცელებაზე.
ნაღვლის ბუშტის კიბოს ძირითადი სიმპტომები
ნაღვლის ბუშტის კიბოს, მისი გართულებების განვითარებამდე, შეიძლება არ ჰქონდეს გამოხატული სიმპტომები; სიმპტომების გამოხატვის შემთხვევაში ისინი არასპეციფიკურია.
შესაძლოა პაციენტს აღენიშნებოდეს ისეთი დისპეფსიური მოვლენები, როგორიცაა:
- დისკომფორტი მუცლის არეში;
- ყრუ ტკივილი მუცლის მარჯვენა ნაწილში;
- ტკივილი მუცელში შესაძლოა პერიოდულად გაძლიერდეს;
- მუცლის შებერვა, რომელიც არ არის დაკავშირებული ჭამასთან.
მსგავსი სიმპტომატიკა შესაძლოა გამოვლინდეს სხვა დაავადებების დროსაც, რომლებიც შესაძლოა გავაერთიანოთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომში. ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმის დროული კონსულტაცია, რათა დროულად იქნას აღმოჩენილი ნაღვლის ბუშტის სიმსივნე.
დაავადების პროგრესირებას და გავრცელებას შესაძლოა მოჰყვეს შემდეგი სიმპტომები:
- სიყვითლის განვითარება (თავდაპირველად ვლინდება თვალის სკლერებზე), რასაც მოჰყვება კანის ქავილი, შარდის გამუქება და განავლის გაუფერულება;
- მადის დაკარგვა და წონის თითქოს უმიზეზო კლება;
- მაღალი ტემპერატურა, ზოგჯერ შემცივნებაც;
- სიმსივნე მუცელში.
ვინ ავადდება ნაღვლის ბუშტის სიმსივნით
ნაღვლის ბუშტის კიბოთი შეიძლება დაავადდეს ნებისმიერი ადამიანი. დაავადების გამომწვევი უშუალო მიზეზი არ არის დადასტურებული. მისი განვითარების რისკ-ფაქტორებს წარმოადგენს:
- 75 წელზე მეტი ასაკი (ყველაზე ხშირია 85 წელს გადაცილებულ ადამიანებში);
- ისეთი დაავადებები, როგორიც არის ნაღვლის ბუშტში კენჭების ან პოლიპების არსებობა, ნაღვლის ბუშტის კედლების გაკირვა (ე.წ. “ფაიფურის ნაღვლის ბუშტი“), ნაღვლის ბუშტის ან სანაღვლე გზების ქრონიკული ანთებითი ხასიათის დაავადებები;
- გენეტიკური ფაქტორი (ნაღვლის ბუშტის კიბო უახლოეს ნათესავებში);
- ლათინური ამერიკული ან აზიური წარმომავლობა.
ტესტები და შემდეგი ნაბიჯები
ნაღვლის ბუშტის კიბოს გამოსავლენად ექიმის რეკომენდაციით უნდა ჩატარდეს ლაბორატორიული და რადიოლოგიური, ზოგჯერ - ენდოსკოპიური კვლევები .
ლაბორატორიული ტესტები გულისხმობს სისხლის სხვადასხვა ანალიზს. რადიოლოგიურ კვლევებს მიეკუთვნება ულტრაბგერითი სკანირება, კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), რენტგენოქოლანგიოგრაფია (სანაღვლე გზების რენტგენოლოგიური კვლევა).
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა დადგეს სიმსივნის ბიოფსიის საკითხი, რაც გულისხმობს კვლევისათვის უჯრედული ან ქსოვილური მასალის აღებას. ასევე, შესაძლოა დაისვას მუცლის ღრუში „შესახედად“ მცირე ოპერაციის - ლაპარასკოპიის ჩატარების საკითხიც. აგრეთვე შესაძლოა მოხდეს სანაღვლე გზებისა და პანკრეასის სადინარის მდგომარეობის ენდოსკოპიურად შესწავლა - ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატიკოგრაფია.
აღნიშნული კვლევები ასევე დაგვეხმარება სხვა ახლომდებარე ორგანოებში - სანაღვლე სადინარებში, პანკრეასსა ან ღვიძლში არსებული პრობლემების გამოვლენაში.
ნაღვლის ბუშტის კიბოს მკურნალობა
ნაღვლის ბუშტის კიბოს მკურნალობა რთულია და მკურნალობის შედეგი დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე:
- ნაღვლის ბუშტის სიმსივნის ზომა და ავთვისებიანობის ხარისხი;
- სიმსივნის მდებარეობა;
- სიმსივნური პროცესის გავრცელების ხარისხი;
- პაციენტის ზოგადი ჯანმრთელობა;
მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ქირურგიას, ქიმიოთერაპიას და რადიოთერაპიას. მკურნალობის პროცესში პაციენტები გაივლიან რეგულარულ შემოწმებას ნებისმიერი მკურნალობის წინ და მის შემდეგ როგორც ლაბორატორიული, ასევე ინსტრუმენტული კვლევებით. ნებისმიერი სიმპტომის თუ გვერდითი მოვლენის გამოხატვის შემთხვევაში უნდა პაციენტებმა უნდა მიმართონ მკურნალ ექიმს.
ქირურგია
ქირურგიული მკურნალობა დამოკიდებულია იმაზე, შესაძლებელია თუ არა კიბოს მოცილება. თუ ნაღვლის ბუშტის კიბო ადრეულ ეტაპზე გამოვლინდა და არ არის გავრცელებული, შესაძლოა ჩატარდეს ქირურგიული ოპერაცია სიმსივნის სრული მოცილების მიზნით. ეს ჩვეულებრივ მოიცავს ნაღვლის ბუშტის, ისევე როგორც მის გარშემო არსებული ლიმფური კვანძების ამოღებას. ლიმფური კვანძები ადამიანის სხეულის იმუნური სისტემის ნაწილია.
ჩარევები ნაღვლის ბუშტის კიბოს სიმპტომების გასაკონტროლებლად
თუ კიბო გავრცელებულია და მისი ამოღება შეუძლებელია, შესაძლოა გაკეთდეს ოპერაცია ნაღვლის ბუშტის კიბოს ზოგიერთი სიმპტომის გასაკონტროლებლად. ეს შეიძლება მოიცავდეს:
- ნაღვლის სადინარში კათეტერის (მილის) ჩაყენება, რათა მოხდეს ნაღვლის ევაკუაცია სხეულის გარეთ;
- ნაღვლის სადინარის რეკანალიზაცია „ქვემოდან“ - თორმეტგოჯა ნაწლავიდან მიდგომით ჩაკეტილ სადინარში პლასტიკური ან მეტალის სტენტის ჩაყენება;
- ნაღვლის სადინარის რეკანალიზაცია „ზემოდან“ - კანისა და ღვიძლის გავლით ჩაკეტილ სადინარში მეტალის სტენტის ჩაყენება.
ამ ოპერაციების მიზანია პაციენტის სიმპტომების გაუმჯობესება და არა კიბოს განკურნება.
ქიმიოთერაპია
ქიმიოთერაპია იყენებს მედიკამენტებს კიბოს უჯრედების მოსაკლავად. ნაღვლის ბუშტის სიმსივნის დროს ქიმიოთერაპია შესაძლოა ჩატარდეს შემდეგი მიზნით:
- ქირურგიულ ჩარევამდე ოპერაციისთვის მომზადების მიზნით, სიმსივნის ზომაში შესამცირებლად;
- ოპერაციის შემდეგ, რათა შევამციროთ რეციდივის ალბათობა;
- თუკი ოპერაციის გაკეთება შეუძლებელია მძიმე ზოგადი მდგომარეობის ან კიბოს გავრცელების გამო, ქიმიოთერაპია დაგვეხმარება სიმსივნის შემცირებაში და სიმპტომების კონტროლის გაუმჯობესებაში.
რადიოთერაპია
რადიოთერაპია იყენებს მაიონებელ გამოსხივებას კიბოს უჯრედების მოსაკლავად. მოსაკლავად. ნაღვლის ბუშტის სიმსივნის დროს რადიოთერაპია ხშირად არ გამოიყენება, თუმცა ზოგჯერ გამართლებულია გამოყენებულ იქნას კიბოს სიმპტომების კონტროლისათვის.