ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ნაღვლის სადინრის კენჭები

რა იწვევს ნაღვლის ბუშტსა და სადინარებში კენჭების წარმოქმნას?

კენჭის წარმოქმნას ბევრი ფაქტორი განაპირობებს. კონკრემენტები, ანუ კენჭები, შეიძლება წარმოიქმნას სხვადასხვა სახის ნივთიერებათა ცვლის მოშლის და სხვადასხვა გენეზის ანთებითი პროცესების გამო. კენჭები სხვადასხვა ორგანოში შეიძლება წარმოიქმნას, უხშირესად ასეთია ნაღვლის ბუშტი. გარკვეული მნიშვნელობა აქვს ამ ორგანოს ფუნქციას - ნაღვლის ბუშტი წარმოადგენს რეზერვუარს, რომელშიც ნაღველი არა მხოლოდ გროვდება, არამედ კონცენტრირდება კიდეც. ეს კი წინაპირობაა იმისა, რომ მასში მოხდეს ჯერ ნალექის, ხოლო შემდეგ - კონკრემენტის წარმოქმნა.

ვის შეიძლება აწუხებდეს კენჭები ნაღვლის ბუშტის სადინარში?

კენჭების განვითარების მიზეზებიდან გამომდინარე (იგულისხმება ორსულობის, როგორც ნაღვლის პასაჟის დარღვევის გამომწვევის როლი) უნდა აღინიშნოს, რომ ქალთა შორის კენჭების განვითარების ალბათობა მეტია. იგივე შეიძლება ითქვას ჭარბი წონის მქონე ორივე სქესის წარმომადგენლებზე. ამავე დროს უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია ნაღვლის ბუშტსა და სადინარებში კენჭების აღმოჩენა ისეთ პაციენტებშიც, რომლებთანაც ზემოთჩამოთვლილთაგან არც ერთი წინაპირობა არ აღინიშნება.

რა რისკებს შეიცავს ნაღვლის ბუშტსა და სადინარში არსებული კენჭები ადამიანისთვის?

ეს რისკებია - ნაღვლის ბუშტის მწვავე დესტრუქციული ანთება, სადინარში კენჭის გადასვლით განპირობებული სიყვითლე და სადინარების ანთება, ასევე პანკრეატიტის განვითარება. მეტად საგულისხმოა აგრეთვე ის ფაქტი, რომ ნაღვლის ბუშტში კენჭების ხანგრძლივად არსებობა წარმოადგენს ნაღვლის ბუშტის კიბოს განვითარების წინაპირობას.

რა ეტაპზე იჩენს ნაღვლის ბუშტში არსებული კენჭი თავს?

კენჭის წარმოქმნას გარკვეული პერიოდი სჭირდება, თუმცა წარმოქმნის შემდეგ ის შეიძლება წლები იყოს ისე, რომ პაციენტმა ამის შესახებ არაფერი იცოდეს, სანამ ეს არ გამოიწვევს ანთებითი პროცესის განვითარებას ან სადინარის დახშობას. ამის შემდეგ თავს იჩენს სხვადასხვა ინტენსივობისა და პერიოდულობის ტკივილები, ძირითადად მარჯვენა ფერდქვეშა არეში.


ითვლება, რომ სიმპტომების არარსებობის შემთხვევაშიც, წლების განმავლობაში ორგანოში კენჭების არსებობა ხელს უწყობს სიმსივნის განვითარებას. როგორც წესი, როდესაც ნაღვლის ბუშტში არის სიმსივნე, პაციენტს აუცილებლად აქვს კენჭებიც. სწორედ ამიტომ კონკრემენტების დროული აღმოჩენა ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორ ხდება ნაღვლის ბუშტში კენჭების აღმოჩენა თუ პაციენტი უსიმპტომოა?

თანამედროვე რადიოლოგიური კვლევებით სხვადასხვა ორგანოში კენჭების აღმოჩენა შესაძლებელია. როგორც წესი უპრობლემოა ნაღვლის ბუშტში მათი დანახვა. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ პროფილაქტიკურ კვლევებს ადამიანი გეგმურად იტარებდეს. ეს საშუალებას გვაძლევს, დროულად აღმოვაჩინოთ არა მხოლოდ კენჭები, არამედ უამრავი სხვა მარტივი თუ რთული დაავადება.


ნაღვლის ბუშტში კენჭების დროული აღმოჩენა 2 მიზეზით არის ძალიან მნიშვნელოვანი: 1. არავინ იცის, როდის გადავა ის სადინარში და დაახშობს მას, შესაბამისად, გამოიწვევს სხვადასხვა სახის გართულებას. 2. კენჭების ხანგრძლივი არსებობა სიმსივნის განვითარების წინაპირობაა.

როგორია პირველი სიმპტომები, რომლებიც ნაღვლის ბუშტის სადინარში კენჭის გადასვლას მიანიშნებს?

პირველი და უნივერსალური სიმპტომი არის მუცლის ძლიერი ტკივილი. თუ პროცესს თან ახლავს ანთება, მაშინ პაციენტს აქვს ცხელებაც. მდგომარეობა დროის მოკლე მონაკვეთში მძიმდება. კენჭის არსებობით გამოწვეული მწვავე ქოლეცისტიტის დროს პაციენტი ხშირად საოპერაციოა. როდესაც კენჭი ნაღვლის საერთო სადინარშია გაჭედილი, სხვა სიმპტომებთან ერთად არის სიყვითლეც, რადგან ნაღველი ვეღარ გადადის 12-გოჯა ნაწლავში. ამ შემთხვევაში მკურნალობის პროცესში ერთვება ინტერვენციული რადიოლოგია.

რა მეთოდებით ხდება სადინარში „გაჭედილი“ კენჭებისდაშლა „ნიუჰოსპიტალსში“?

ნიუ ჰოსპიტალსში მკურნალობის განსაზღვრა მულტიდისციპლინურად ხდება. საჭიროების შემთხვევაში ხდება მწვავე ტკივილის მქონე პაციენტის ინტერვენციული რადიოლოგიის განყოფილებაში გადამისამართება. ინტერვენციული რადიოლოგიის ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური პროცედურაა ნაღვლის სადინარის კენჭების ევაკუაცია 12-გოჯა ნაწლავში. კენჭის (ან კენჭების) დიდი ზომის შემთხვევაში ევაკუაციამდე სრულდება კენჭების ფრაგმენტაცია (დაშლა) ლაზერის საშუალებით.


პირველ ეტაპზე ღვიძლის გავლით ხდება შესვლა სადინარში და მილის (კათეტერს) ჩაყენება, რომელიც უზრუნველყოფს ნაღველის ევაკუაციას და სანაღვლე გზების დეკომპრესიას და ინფიცირების შემთხვევაში - ჩირქოვანი შიგთავსის ევაკუაციას. ნაღვლის გამოსვლა აუცილებელია, რათა პაციენტს მოეხსნას ისეთი სიმპტომები, როგორიცაა სიყვითლე, ანთება, ცხელება.


ღვიძლის ფუნქციის მოწესრიგებიდან რამდენიმე დღეში იწყება სადინარში გაჭედილ კენჭზე ზემოქმედება. ყოველგვარი გაჭრის გარეშე, არსებული კათეტერის ფისტულის (შექმნილის არხის) გამოყენებით სადინარში თავსდება სპეციალური სამუშაო მილი (ინტროდიუსერი), რომლის სანათურის გავლით ხდება მაღალი წნევის ბალონის გადაყვანა კენჭის ქვემოთ, დვრილში გაფართოება, რის შემდეგაც გაჭედილი კენჭი გადაჰყავთ ნაწლავში კვლავ ბალონის საშუალებით.


ამ პროცედურას შესაძლოა დაემატოს ლითოტრიპსია (კენჭის დაშლა), რომელიც ხორციელდება 2 სმ-ზე მეტი ზომის კენჭების დროს, რადგან ასეთი ზომისას ჩვეულებრივი გადაყვანა ტექნიკურად რთულია და ტრავმულია სადინარისთვის. ამ პროცედურისას ბალონის შეყვანამდე, იგივე ინტროდიუსერი მეშვეობით ჯერ ხდება სპეციალური ენდოსკოპის შეყვანა, რომლის სამუშაო არხის გამოყენებით, უშუალო ვიზუალური კონტროლით კენჭთან ხდება ლაზერული ლითოტრიპტორის მიტანა, რომელიც ახდენს კენჭის ფრაგმენტაციას და უზრუნველყოფს მის უპრობლემო გადაყვანას ნაწლავში ბალონის და სითხით ჩარეცხვის საშუალებით.

რამდენად ხშირად ხდება კენჭების ლაზერული გზით დაშლა და როგორია პროცესი (ლითოტრიფსია)?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, კენჭის დიდი ზომის დროს ეს ხდება აუცილებელი; თვითონ პროცედურა ტექნიკიურად რთულია, მოითხოვს დიდ დროს და ძვირადღირებული მოწყობილობას. პაციენტი ამ დროს არ წუხდება, რადგან აღნიშნული ჩარევა სრულდება ზოგადი გაუტკივარების (ნარკოზის) გამოყენებით

როგორია პროცედურის შემდგომი რეაბილიტაციის პროცესი?

უშუალოდ ლაზერული ლითოტრიპსიის პროცედურას რეაბილიტაციის პროცესი ფაქტობრივად არ აქვს. ზოგადი გაუტკივარების აუცილებლობის გამო ჩვეულებრივ პაციენტი ეწერება მეორე დღეს, თუმცა ზოგჯერ შესაძლებელი ხდება მისი სახლში გაშვება რამოდნიმესაათიანი მონიტორინგის შემდეგ. თუკი აღნიშნული პროცედურა სრულდება მძიმე საერთო მდგომარეობის ან სხვა რაიმე თანმხლები დაავადების ფონზე, პაციენტი შესაბამისად აგრძელებს შემდგომ სტაციონარულ მკურნალობას სათანადო დეპარტამენტში. პროცედურის შემდეგ პაციენტს არ უწესდება რაიმე განსაკუთრებული შეზღუდვა კვებისა და ცხოვრების სტილის მხრივ პირიქით, თუ მას მანამდე გარკვეული შეზღუდვებით უწევდა ცხოვრება, მათგანაც თავისუფლდება.