ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

პოლიპექტომია

რა არის პოლიპექტომია?

ენდოსკოპიური პოლიპექტომია მინიმალურად ინვაზიური მანიპულაციაა, რომელიც ტარდება ენდოსკოპის გამოყენებით კუჭ-ნაწლავის პოლიპების მოცილების მიზნით. ძირითადად პოლიპი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია და არ ახასიათებს სიმპტომები, თუმცა, შესაძლოა ის გართულდეს სისხლდენით, მოიმატოს ზომაში, გამოიწვიოს სანათურის დეფორმაცია და გამავლობის დარღვევა. ზოგიერთ შემთხვევაში არსებობს საფრთხე, რომ ის გახდეს პრესიმსივნური ან ავთვისებიანი და აუცილებელია მისი მოშორება კიბოს პრევენციისათვის.

პოლიპექტომია წარმოებს ენდოსკოპიურად, გარეგანი განაკვეთის გარეშე გასტროსკოპით და კოლონოსკოპით შესაბამისი მარყუჟების და ენდოსკოპიური ინსტრუმენტების გამოყენებით.

 

რა არის პოლიპი?

კუჭ-ნაწლავის პოლიპი ქსოვილოვანი შენების კეთილთვისებიანი წარმონაქმნია. ის შეიძლება გაჩნდეს ნებისმიერ ადგილას:

  • მსხვილ და სწორ ნაწლავზე;
  • თორმეტგოჯა ნაწლავზე;
  • კუჭში ;
  • საყლაპავზე.

პოლიპების წარმოქმნის მიზეზი ცნობილი არ არის, თუმცა მნიშვნელოვანი ფაქტორია გენეტიკური წინასწარგანწყობა. ასევე, პოლიპის წარმოქმნას ხელს უწყობს სხვადასხვა დაავადებები და ცხოვრების არაჯანსაღი წესი.

პოლიპებს კლინიკური სიმპტომური გამოხატულება არ აქვს, გარდა გართულებული შემთხვევებისა, როდესაც ის ზომაში იზრდება ან ვითარდება სისხლდენა. პოლიპების მკურნალობა არ ხდება მედიკამენტებით. მათ მოსაშორებლად გამოიყენება პოლიპექტომია.

 

არის თუ არა პოლიპი საშიში?

ძირითად შემთხვევაში პოლიპები კეთილთვისებიანი წარმონაქმნებია, თუმცა ზოგჯერ არსებობს მათი ავთვისებიან დაავადებად გადაგვარების საფრთხე. განასხვავებენ არანეოპლაზიურ და ნეოპლაზიურ პოლიპებს. არანეოპლაზიური პოლიპები არ ხასიათდება სიმსივნური გადაგვარებით, ხოლო ნეოპლაზიური პოლიპის შემთხვევაში ონკოლოგიური დაავადების რისკი უფრო მაღალია. ასეთ დროს უმნიშვნელოვანესია მისი დროული აღმოჩენა და მკურნალობა.

არის თუ არა პოლიპი ავთვისებიანი ან პრესიმსივნური შესაძლებელია დადგინდეს ბიოფსიით.

 

როდის არის საჭირო პოლიპექტომია?

პოლიპის მოშორების საჭიროება მაშინ დგება, როდესაც ის:

  • იწვევს სიმპტომებს და გართულებებს;
  • არსებობს ეჭვი, რომ ის არის სიმსივნური ან პრესიმსივნური;
  • პოლიპი განაგრძობს ზრდას ზომაში და არსებობს საფრთხე, რომ გახდება პრობლემატური მომავალში;
  • პაციენტს აქვს კიბოს ისტორია ოჯახში.
  • ·სკრინინგის მიზნით.

პოლიპექტომია საჭიროა პოლიპისგან გამოწვეული ისეთი სიმპტომების დროს, როგორიცაა:

  • სისხლდენა;
  • ტკივილი და ზეწოლის შეგრძნება;
  • სანათურის დეფორმაცია;
  • სისხლძარღვებისა და ნაწლავების დახშობა.

საჭიროებს თუ არა პოლიპექტომია წინასწარ მომზადებას?

ენდოსკოპიური პოლიპექტომია საჭიროებს წინასწარ მომზადებას. ნაწლავის პოლიპის მოცილების პროცედურამდე აუცილებელია, პაციენტმა მიიღოს სპეციალური სითხე, რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავების დაცლას. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ მან არ მიიღოს საკვები კოლონოსკოპიური პოლიპექტომიის პროცედურამდე 24 საათის განმავლობაში და შეწყვიტოს წყლის მიღება პროცედურამდე 3 საათით ადრე.

წინასწარ მომზადებაა საჭირო გასტროსკოპიული პოლიპექტომიის დროსაც. პროცედურამდე საჭიროა პაციენტს არ ჰქონდეს მიღებული საკვები 12 საათის განმავლობაში.

 

როგორ ტარდება პოლიპექტომია?

პოლიპექტომია ტარდება სედატიური მედიკამენტების, ლოკალური ან ინტრავენური ანესთეზიის გამოყენებით პროცედურის ტიპიდან გამომდინარე. მანიპულაციისას ექიმი მოათავსებს გასტროსკოპს ან კოლონოსკოპს ორგანიზმში, კამერის საშუალებით დაათვალიერებს, მიუდგება პოლიპს და შესაბამისი მარყუჟებისა და ენდოსკოპიური ინსტრუმენტების გამოყენებით მოაცილებს მას.

ჩვეულებრივ, მოშორების შემდეგ, მასალა იგზავნება ბიოფსიისათვის.

პროცედურა 15-დან 45 წუთამდე გრძელდება. პაციენტების უმრავლესობა კლინიკას ტოვებს იმავე დღეს.

 

რა ხდება პროცედურის შემდეგ?

პოლიპექტომიის შემდეგ, პაციენტს შეიძლება აღენიშნებოდეს შებერილობა, მცირე სისხლდენა და ტკივილი. ძირითადად ეს შეგრძნებები ქრება 24 საათის შემდეგ. მანიპულაციის ტიპიდან გამომდინარე ექიმმა შეიძლება გასცეს დიეტური კვების რეკომენდაცია.

 

აქვს თუ არა პოლიპექტომიას რისკები და გართულებები?

ჩვეულებრივ, პოლიპექტომია ნაკლებად რისკიანი მანიპულაციაა, თუმცა, როგორც ყველა სამედიცინო პროცედურის შემდეგ, შესაძლებელია გამოვლინდეს იშვიათი გართულებები, როგორიცაა:

  • სისხლდენა;
  • ინფექცია;
  • ორგანოს პუნქცია ან რღვევა;
  • ტრანსმურალური დამწვრობა ელექტროკაუტერიის აპარატისგან.
  • აუცილებელია, პაციენტმა დაუყოვნებლივ მიმართოს ექიმს ძლიერი ტკივილის, სისხლდენის, და პროცედურის შემდეგ გამოხატული სხვა არასასურველი სიმპტომების შესახებ.

რა რეკომენდაციები ეძლევა პაციენტს პოლიპექტომიის შემდეგ?

პოლიპექტიომიის შემდეგ პაციენტს ეძლევა რეკომენდაცია:

  • მოერიდოს ფიზიკურ დატვირთვას - არ აწიოს სიმძიმე და არ ივარჯიშოს პროცედურიდან 2 კვირის განმავლობაში;
  • მოერიდოს ცხელი აბაზანის მიღებას და უპირატესობა მიანიჭოს შხაპს;
  • დაიცვას დიეტური კვების რეჟიმი ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
  • მოერიდოს თამბაქოს და ალკოჰოლს.