ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

რა არის სქოლიოზი?

სქოლიოზი ხერხემლის პათოლოგიური გამრუდებაა. ბუნებრივად ხერხემლის სვეტი წინა და უკანა ზედაპირზე შეხედვისას უნდა იყოს სწორი, მაგრამ სქოლიოზის შემთხვევაში ხერხემლის მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრა თვალსაჩინოა.


პოპულაციის დაახლოებით 10%-ს აღენიშნება მცირე, 10 გრადუსამდე გადახრა, რაც გავლენას არ ახდენს ხერხემლის ფუნქციონირებაზე ან ზოგად ჯანმრთელობაზე. თუმცა სქოლიოზის დიაგნოზი ისმება, როცა ხერხემლის გამრუდების კუთხე 10 გრადუსზე მეტია. მძიმე ფორმის დროს გამრუდება 60 გრადუსს აჭარბებს და შინაგანი ორგანოების ნორმალურ ფუნქციობას უშლის ხელს.

სქოლიოზის ფიზიკური ნიშნებია:

  • გადახრილი ხერხემალი;
  • ერთი მხარი მეორეზე მაღალია;
  • ერთი თეძო მეორეზე მაღლა დგას;
  • ტორსის და გულმკერდის გადახრა ერთ მხარეს;
  • ბეჭების ასიმეტრიულობა;
  • წელის ასიმეტრიულობა;
  • ფეხის სიმოკლე;
  • ზურგის ტკივილი.

როგორც წესი, სქოლიოზისთვის არ არის დამახასიათებელი ზურგის ტკივილი, თუმცა მდგომარეობა მტკივნეული ხდება თუ მოხრილობა უარესდება.

 

რა იწვევს სქოლიოზს?

სქოლიოზი, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით იყოს გამოწვეული, თუმცა, ყველაზე სქოლიოზის ყველაზე გავრცელებული ფორმა არის იდიოპათიური, რაც გულისხმობს, რომ მისი გამომწვევი მიზეზი უცნობია. მიჩნეულია, რომ იდიოპათიური სქოლიოზი არის გენეტიკური დაავადება და ზოგ შემთხვევაში გამოწვეულია სხვა დაავადებით, როგორიცაა:

  • ცერებრული დამბლა - დაავადება, რომელიც გამოწვეულია ტვინის დაზიანებით, რაც ვითარდება დაბადებისას ან მცირე ხნის შემდეგ;
  • კუნთოვანი დისტროფია - გენეტიკური დაავადება, რომელიც იწვევს კუნთების სისუსტეს;
  • მარფანის სინდრომი - შემაერთებელი ქსოვილის დაავადება.

გარდა ამისა, არსებობს გარკვეული დასაბუთება იმისა, რომ მალების წინა და უკანა სეგმენტების ზრდის არათანაბარი ტემპები, შესაძლოა, იყოს სქოლიოზის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი.

 

რამდენად ხშირია სქოლიოზი?

იდიოპათიური სქოლიოზი ვლინდება მოზარდების 2–3 %-ში. აქედან, 500-დან ერთს ესაჭიროება აქტიური მკურნალობა და 5000-დან მხოლოდ ერთს უვლინდება დეფორმაცია, რომელიც პროგრესირებს ისეთ გრადუსამდე, რომ საჭირო ხდება ოპერაცია.


სქოლიოზი, გამრუდების მცირე გრადუსით, თანაბრად ვლინდება გოგონებსა და ბიჭებში, თუმცა, გოგონებში რვაჯერ უფრო ხშირად ვითარდება პროგრესირებადი გამრუდება. რაც უფრო ახალგაზრდაა პაციენტი, რაც უფრო უმწიფარია მისი ჩონჩხი და დიდია გამრუდება სქოლიოზის აღმოჩენისას, მით უფრო დიდია პროგრესირების ალბათობა.

 

სქოლიოზის დიაგნოსტირება

სქოლიოზის დიაგნოზის დასადასტურებლად ტარდება რენტგენოგრაფია ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ) - ხერხემლის, ნეკნების, თეძოებისა და მხრების ფიზიკური გამოკვლევა. რადიოლოგიური დიაგნოსტირება საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ხერხემლის დეფორმაციები, მოხრილობის ფორმა, მიმართულება, მდებარეობა და კუთხე.

 

სქოლიოზის მკურნალობის მეთოდები

სქოლიოზის მკურნალობის ქირურგიული ან არაქირურგიული მეთოდის შერჩევა ხდება ხერხემლის დეფორმაციის სიმძიმის მიხედვით. არაქირურგიული მკურნალობა გულისხმობს გამრუდებაზე დაკვირვებას ან/და სპეციალური კორსეტის ტარებას, რომელიც ახდენს ხერხემლის გადახრის პრევენციას. ქირურგიული მკურნალობა შესაძლოა დაინიშნოს თუ ხერხემლის დეფორმაცია აღწევს კრიტიკულ ზღვარს (40 გრადუსზე მეტს) და განაგრძობს პროგრესირებას ზრდის დასრულების შემდეგაც.

იდიოპათიური სკოლიოზის მართვის დროს მკურნალობის მეთოდი დამოკიდებულია გამრუდების ხარისხზე.

 

არსებობს მცირე, ზომიერი და რთული გამრუდება.

მცირე გამრუდების დროს მნიშვნელოვანია დასრულებულია თუ არა ზრდა. თუ ზრდა დასრულებული არ არის, რეკომენდებულია მონიტორინგი გასინჯვით და რენტგენი. ზომიერი გამრუდებისას, ზრდის დასრულების შემდეგ რეკომენდებულია მონიტორინგი ყოველ 3-5 წელში. თუ ზრდა კვლავ მიმდინარეობს, ასეთ დროს სპეციალისტები კორსეტით მკურნალობას განიხილავენ.

რთული გამრუდების დროს განიხილება მკურნალობა ოპერაციული გზით.

 

რას გულისხმობს კორსეტით ფიქსაცია?

სქოლიოზის კორსეტი არის მტკიცე პლასტმასის ფიქსატორი, რომელიც გარს ეკვრის ადამიანის ტორსს და თეძოებს და გამრუდებაზე მოქმედებს საწინააღმდეგო წნევით. კორსეტის გამოყენების თეორია მდგომარეობს იმაში, რომ გამრუდების საწინააღმდეგო გარე წნევამ, შესაძლოა, ხელი შეუწყოს ხერხემლის ნორმალურ ზრდა-განვითარებას. სქოლიოზის კორსეტით ფიქსაციის ალბათობა განიხილება იმ შემთხვევაში, როდესაც გამრუდება აღწევს 20-25 გრადუსს და ჩონჩხი ჯერ კიდევ განაგრძობს ზრდას. კორსეტის ტარება საჭიროა მანამ, სანამ მოზარდი არ დაასრულებს ზრდას და გამრუდების რკალი არ მიაღწევს ისეთ გრადუსს, როდესაც რეკომენდებულია ოპერაცია.

 

რას გულისხმობს სქოლიოზის ქირურგიული მკურნალობა?

ქირურგიული პროცედურის დროს ხდება გამრუდების რკალის მაქსიმალური კორექცია რაც შეიძლება უსაფრთხოდ. ამისთვის იმპლანტები (კავები, ჭანჭიკები, მავთულები და/ან ღეროები) მაგრდება მალებზე ხერხემლის ნაწილში, სადაც აღინიშნება გამრუდების რკალი ან რკალები და ხორციელდება კორექცია-ფიქსაცია.


მას შემდეგ, რაც მიღწეული იქნება სასურველი კორექცია, ძვლის ტრანსპლანტატით იფარება იმპლანტები. დროთა განმავლობაში კი ძვლის ტრანსპლანტატი უერთდება (ან ეზრდება) არსებულ მალებს და წარმოიქმნება ძვლის მყარი სვეტი მოცემულ უბანზე.

 

როდის არის ქირურგიული მკურნალობა რეკომენდებული?

ეს ნაწილობრივ დამოკიდებულია ჩონჩხის ზრდის ეტაპზე, გამრუდების ლოკალიზაციასა და ტიპზე. ოპერაციის მიზანია სქოლიოზის პროგრესირების პრევენცია და ხერხემლის რაც შეიძლება უსაფრთხო კორექცია.

ოპერაცია რეკომენდებულია:

  • როდესაც გამრუდება აღწევს 40 გრადუსს, შესაძლებელია ოპერაციული ინტერვენციის რეკომენდება, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ზრდა დასრულებული;
  • ჩონჩხის სიმწიფის მიღწევისას, გულმკერდის სეგმენტში 45-50 გრადუსზე ნაკლები გამრუდება, ჩვეულებრივ, არ განიცდის პროგრესირებას, თუმცა, წელის გამრუდების რკალის ქვედა ზღვარი, შესაძლოა, იყოს 35-40 გრადუსზე ნაკლები, რომლის შემდეგაც მოსალოდნელია დეფორმაციის ეტაპობრივი მატება.
  • ჩონჩხის სიმწიფის მიღწევისას, 45-50 გრადუსზე მეტი გამრუდების რკალის შემთხვევაში, არსებობს ზრდასრულ ასაკში დაბალი სიჩქარით პროგრესირების მაღალი რისკი (დაახლოებით, ერთი-ორი გრადუსი წელიწადში). შესაძლებელია ოპერაციის შეთავაზება.
  • ჩონჩხის სიმწიფის მიღწევისას, 40-50 გრადუსამდე კუთხის მქონე ზოგიერთი რკალი განიცდის პროგრესირებას, ზოგიერთი – არა. შესაბამისად, განსხვავდება მკურნალობის რეკომენდაციებიც.

გაითვალისწინეთ, არ არსებობს მეცნიერული დასაბუთება იმისა, რომ მკურნალობის ალტერნატიული მეთოდები, როგორიცაა, მაგალითად, ქიროპრაქტიკა, ფიზიოთერაპია, ვიტამინოთერაპია, გავლენას ახდენს სქოლიოზის მიმდინარეობაზე.

 

სქოლიოზის გართულებები

სქოლიოზის არსებობის შემთხვევაში მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა, რადგან მკურნალობის გარეშე შესაძლოა პაციენტს განუვითარდეს გართულებები, როგორიც არის კიფოზი (მრგვალი ან კუზიანი ზურგი), ზურგის სხვა დაზიანებები ან ფილტვების და გულის პრობლემები.