რენტგენოგრაფია
რა არის რენტგენოგრაფია?
რენტგენოგრაფია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, არაინვაზიური და ეფექტური დიაგნოსტიკური მეთოდია, რომელიც რენტგენის სხივების საშუალებით ორგანიზმის შიდა სტრუქტურების, განსაკუთრებით კი ძვლოვანი სისტემის და ფილტვების დეტალურ გამოსახულებას უზრუნველყოფს. იგი ფართოდ გამოიყენება მოტეხილობების, ოსტეოართროზული ცვლილებების, ფილტვის დაავადებებისა და სხვა პათოლოგიების დიაგნოსტირებისთვის. პროცედურა სწრაფი, უმტკივნეულო და უსაფრთხოა, ხოლო თანამედროვე აპარატურა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის გამოსახულებას მინიმალური რადიაციული ზემოქმედებით.
რა შემთხვევაში ინიშნება რენტგენოგრაფია?
რენტგენოგრაფია მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც პირველად დიაგნოსტიკაში, ისე მკურნალობის ეფექტიანობის შეფასებასა და დაავადების დინამიკის მონიტორინგში.
ძირითადი რენტგენოგრაფიული კვლევებია:
- ძვლოვანი სისტემის რენტგენოგრაფია - მოტეხილობები, ართროზი და სახსრების პათოლოგიები, ბრტყელტერფიანობის დადგენა, ხერხემლის გამრუდება და სხვ.
- გულმკერდის რენტგენოგრაფია - ფილტვების ინფექციები, სიმსივნური პროცესები, გულ-სისხლძარღვთა სტრუქტურის ცვლილებები და სხვ.
- უროლოგიური რენტგენოგრაფია - საშარდე გზების ინფექციები, თირკმელების დაავადებები, წინასაოპერაციო ან ოპერაციის შემდგომი კვლევები და სხვ.
- კუჭ-ნაწლავის რენტგენოგრაფია - საყლაპავის, კუჭისა და ნაწლავების პათოლოგიები, უცხო სხეულის დადგენა.
- თავის ქალისა და ცხვირის დანამატი ღრუების რენტგენოგრაფია.
რენტგენოგრაფიის საშუალებით შესაძლებელია გამოვლინდეს კისტები და სხვადასხვა ტიპის სიმსივნეები, თუმცა ის არ ითვლება უმთავრეს დიაგნოსტიკურ მეთოდად ამ დაავადებების დასადგენად. სიმსივნეები ხშირად მცირე ზომისაა ან იმალება სხეულის სხვადასხვა სტრუქტურების უკან. შესაბამისად, რენტგენი მეტწილად გამოიყენება საწყის ეტაპზე ზოგადი ცვლილებების შესაფასებლად, ხოლო სიღრმისეული დიაგნოსტიკისთვის ხშირად, საჭიროა დამატებითი კვლევები, როგორიცაა კომპიუტერული ტომოგრაფია - CT (კატე), მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI) ან ბიოფსია.
როგორ მუშაობს რენტგენი?
რენტგენი რადიაციული სხივების გამოყენებით ქმნის ორგანოების, ძვლებისა და რბილი ქსოვილების გამოსახულებას. ეს სხივები უხილავია და პაციენტი ვერ გრძნობს მათ გავლენას გამოკვლევის დროს. სხეულის სხვადასხვა სტრუქტურა რადიაციას განსხვავებული ინტენსივობით შთანთქავს - ძვლები გამოსახულებაზე თეთრად ჩანს, რბილი ქსოვილები კი ნაცრისფრად. მიღებულ სურათს აფასებს რადიოლოგი. მკურნალი ექიმი რადიოლოგის დასკვნის საფუძველზე სვამს დიაგნოზს და საჭიროების შემთხვევაში ნიშნავს მკურნალობას.
რა არის კონტრასტი?
რენტგენოგრაფია შეიძლება ჩატარდეს კონტრასტით ან კონტრასტის გარეშე. კონტრასტული ნივთიერება არის სპეციალური სითხე, რომელიც ზოგჯერ გამოიყენება კვლევისას, რათა სხეულის შიგნით არსებული სტრუქტურები უფრო მკვეთრად და დეტალურად გამოჩნდეს გამოსახულებაზე. კონტრასტული ნივთიერება, ძირითადად, შეჰყავთ ინტრავენურად, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში ხდება მისი ორალურად მიღებაც. მისი გამოყენება უსაფრთხოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში წინასწარ მოწმდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით თირკმელების დაავადების ან ალერგიების არსებობის დროს.
როგორ ტარდება რენტგენოგრაფია ნიუ ჰოსპიტალსში?
ნიუ ჰოსპიტალსში რენტგენოგრაფია უახლესი თაობის ციფრული აპარატით ხორციელდება, რომელიც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის გამოსახულებას, მინიმალური რადიაციული ზემოქმედებით. კვლევები მაქსიმალურად მორგებულია ინდივიდუალურ საჭიროებებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე და ჭარბწონიანი პაციენტებისთვის.
აპარატს გააჩნია უნიკალური SLOT პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ექიმს ერთ სხივით გადაიღოს 140 სმ სიგრძის სხეულის ვიზუალი უწყვეტ რეჟიმში. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სკოლის ასაკის ბავშვებში სკოლიოზის სრულყოფილი შეფასებისთვის, ასევე კიდურების სიგრძის განსხვავების განსასაზღვრად. თანამედროვე ტექნოლოგიის დახმარებით შესაძლებელია სხეულის უფრო დიდი არეალის დაფარვა ერთ ფირზე, რაც ამცირებს განმეორებითი დასხივების აუცილებლობას და იცავს პაციენტს ზედმეტი რადიაციისგან.
გამოკვლევა იძლევა უმაღლესი გარჩევადობის გამოსახულებას, რაც საშუალებას აძლევს რადიოლოგს შეამჩნიოს უმცირესი დეტალებიც. აპარატს გააჩნია ტომოსინთეზის ფუნქცია, რაც გულისხმობს შრეობრივ რენტგენოგრაფიას — მაგალითად, ფილტვის კონკრეტული უბნის ან ძვლის სტრუქტურების 3D გამოსახულებას. ასევე ხელმისაწვდომია პედიატრიული რეჟიმი, რომელიც სპეციალურად მორგებულია ბავშვების ასაკობრივი თავისებურებების გათვალისწინებით.
გარდა ჩვეულებრივი რენტგენოგრაფიული კვლევებისა (როგორიცაა ბრტყელტერფიანობის განსაზღვრა, კვირისტავის, ქვედა ყბის სახსრის ან ქუსლის ძვლის პროექცია), აპარატით ტარდება რენტგენოსკოპიული გამოკვლევებიც. მათ შორის შედის:
- გულმკერდის რენტგენოსკოპია;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევები: საყლაპავის, კუჭის, 12გოჯა ნაწლავისა და მსხვილი ნაწლავის კინეტიკური შეფასება, ირიგოსკოპია;
- უროლოგიური კვლევები: ექსკრეტორული უროგრაფია, ცისტოსკოპია, მიქციური ცისტოსკოპია და ურეთეროცისტოსკოპია;
- ფისტულოგრაფია და ქოლანგიოსკოპია.
რენტგენოგრაფია ნიუ ჰოსპიტალსში სწრაფად, უსაფრთხოდ და თანამედროვე სტანდარტების სრული დაცვით ტარდება — რაც პაციენტს აძლევს ზუსტ დიაგნოზსა და ეფექტური მკურნალობის შერჩევის საშუალებას.
სლოტ რენტგენოგრაფია - მოიცავს 140სმ სიგრძის ვიზუალის გადაღებას ერთი სხივით, ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია ორთოპედებისთვის კიდურების სიგრძის და სხვა ფუნქციების შესაფასებლად. შესაძლებელია ერთ ფირზე გაცილებით დიდი არეალის მოცვა ვიდრე სხვა აპარატებს შეუძლიათ, რაც იცავს პაციენტს ზედმეტი დასხივებისგან.
ტომოსინთეზის ფუნქცია - გულისხმობს სისტემის შრეობრივ R-გრაფიას. ეს ფუნქცია ვრცელდება ნებისმიერ სისტემაზე და არა მხოლოდ ფილტვებზე. შრეობრივ R-გრაფია გვეხმარება პათოლოგიის უკეთ და უფრო დეტალურ დანახვაში.
გათვლილია აპარატი ჭარბწონიან პაციენტებზე 180კგ-მდე.
ადაპტირებულია შშმ პირებისთვის.
რა რისკები ახლავს რენტგენოგრაფიას?
რადიაციული დასხივების დონე თანამედროვე, ციფრული აპარატით რენტგენოგრაფიისას მინიმალური და უსაფრთხოა. თუმცა, მიუხედავად ამისა, რადიაციის მცირე დოზაც კი შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს, განსაკუთრებით თუ კვლევა ხშირად ხდება. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რენტგენოგრაფია ჩატარდეს მხოლოდ ექიმის დანიშნულებით.