ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

შაქრიანი დიაბეტი და მხედველობა

შაქრიანი დიაბეტი ქრონიკულ-მეტაბოლური დარღვევაა, რომელსაც ახასიათებს სისხლში შაქრის მაღალი შემცველობა.

დიაბეტის დროს შესაძლოა განვითარდეს თვალის ფსკერის, კერძოდ, ბადურა გარსის დაზიანება, რომელსაც დიაბეტური რეტინოპათია ეწოდება.

დიაბეტური რეტინოპათია

სისხლში შაქრის მაღალი დონე დროთა განმავლობაში აზიანებს ბადურის სისხლძარღვებსა და მათი კედლების გამავლობას, რაც იწვევს ნერვული უჯრედების სისხლითა და ჟანგბადით მომარაგების მოშლას, მათში პათოლოგიური ცვლილებების განვითარებას. შემდეგ ეტაპზე ამას მოჰყვება მხედველობის შეუქცევადი პროგრესული დაქვეითება.

დიაბეტური რეტინოპათიის სიმპტომები

დიაბეტური რეტინოპათია საწყის ეტაპზე ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, დაავადების პროგრესირებასთან ერთად, სიმპტომები უფრო თვალსაჩინო ხდება. მას ახასიათებს:

  • მხედველობის დაბინდვა;
  • ფერების აღქმისა და მხედველობის სიმკვეთრის დაქვეითება;
  • მხედველობის არეში მცურავი ლაქების გაჩენა;
  • ბნელი და ცარიელი უბნები;
  • კითხვის გაძნელება;
  • საგნების რთულად დანახვა.

დაავადების დიაგნოსტირება

დაავადების დიაგნოსტირების მიზნით ოფთალმოლოგთან ვიზიტის დროს ტარდება:

  • მხედველობის სიმახვილის დადგენა;
  • თვალის წნევის გაზომვა;
  • ოპტიკური შრეების, ბროლისა და მინისებრი სხეულის გამოკვლევა;
  • თვალის ფსკერის, მხედველობის ნერვის, ცენტრალური და პერიფერიული ბადურის კვლევა.

კლინიკური მდგომარეობის სრულად შესაფასებლად მნიშვნელოვანია მაღალტექნოლოგიური კომპიუტერული კვლევები:

  • ოპტიკური-კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT);
  • ფლუორესცენტული ანგიოგრაფია.

მკურნალობის მეთოდები

მკურნალობის მეთოდები დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.

შაქრიანი დიაბეტის ადრეულ ეტაპზე,  იმისთვის, რომ შევანელოთ დიაბეტური რეტინოპათიის პროგრესირება, აუცილებელია სისხლში შაქრის დონის დარეგულირება, არტერიული წნევისა და ქოლესტერინის კონტროლი.


მომდევნო ეტაპზე მკურნალობა მოიცავს ანტი-VEGF მედიკამეტების ინექციებს (შეშუპების შესამცირებლად და ახალი სისხლძარღვების ზრდის თავიდან ასაცილებლად), ლაზეროთერაპიას (სისხლძარღვების გაჟონვის მიზნით), ქირურგიულ ოპერაციას (ვიტრექტომიას, სისხლისა და ნაწიბუროვანი ქსოვილის მოსაშორებლად).

იმისთვის, რომ პაციენტმა დიდხანს შეინარჩუნოს მხედველობა, აუცილებელია, რეგულარულად ჩაიტაროს შესაბამისი გამოკვლევები, რათა შემცირდეს დაავადების გართულების რისკები.

ვრცლად დიაბეტური რეტინოპათიის შესახებ