ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

შარდის ბუშტის ინფექცია - ცისტიტი

ცისტიტი ხშირად შარდის ბუშტის ინფექციით გამოწვეული, შარდის ბუშტის ანთებაა.

შარდის ბუშტის ინფექციები შესაძლოა გამოწვეული იყოს შემდეგი ფატქორებით:

  • შარდის ბუშტის ბოლომდე დაუცლელობა - მაგალითად, ორსულობის ან გადიდებული პროსტატის გამო
  • შარდსადენის (მილი, რომლის საშუალებითაც შარდი შარდის ბუშტიდან გარეთ გამოიყოფა) ირგვლივ დაზიანება ან გაღიზიანება
  • ანუსიდან შარდსადენში გადასული ბაქტერია-მაგ. სქესობრივი კავშირის დროს

ცისტიტის სიმპტომები მოიცავს:

  • მოშარდვის გადაუდებელი და ხშირი საჭიროება
  • მტკივნეული ან მწველი შარდვა
  • შარდის ბუშტის ტკივილი

ცისტიტი ქალებში

ცისტიტი ქალებში უფრო გავრცელებული პათოლოგიაა, რადგან მათ უფრო მოკლე შარდსადენი აქვთ. გარდა ამისა, შარდსადენის შესავალი უფრო ახლოსაა ანუსთან (უკანა ტანი), რის გამოც ანუსიდან შარდის ბუშტში მარტივად მოხვედრილი ბაქტერია შარდის ბუშტის ინფექციას იწვევს.

 

თითქმის ყველა ქალს, ცხოვრების განმავლობაში ერთხელ მაინც განუვითარდება ცისტიტი. ყოველ მეხუთე ქალს კი, რომელსაც უკვე გადატანილი აქვს ცისტიტი, რეციდივი უვითარდება (განმეორებითი ცისტიტი). ცისტიტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, მაგრამ ეს პათოლოგია უფრო ხშირია:

  • ორსულ ქალბატონებში;
  • აქტიური სქესობრივი ცხოვრების მქონე ქალებში;
  • ქალებში, რომლებმაც მენოპაუზის პერიოდი გაიარეს.

ცისტიტი მამაკაცებში

ცისტიტი მამაკაცებში ნაკლებად გავრცელებული, თუმცა უფრო სერიოზული პათოლოგიაა, რომელსაც იწვევს:

  • შარდის ბუშტის ან პროსტატის ინფექცია, მაგალითად პროსტატიტი;
  • საშარდე გზების ობსტრუქცია, მაგალითად სიმსივნის ან გადიდებული პროსტატის გამო.

სწრაფი და ეფექტური მკურნალობის პირობებში, ცისტიტი მამაკაცებში ხშირად არ წარმოადგენს სერიოზულ პათოლოგიას, თუმცა შესაძლოა ძალიან ძლიერი ტკივილი გამოიწვიოს.

შარდის ბუშტის ინფექცია

ცისტიტის სიმპტომები

ცისტიტის სიმპტომები ბავშვებსა და მოზრდილებში შესაძლოა განსხვავებული იყოს.

მოზრდილებში ცისტიტი იწვევს:

  • მტკივნეულ, მწველ შარდვას;
  • მოშარდვის გადაუდებელი და ხშირი საჭიროება, მაგრამ შარდის მხოლოდ მცირე რაოდენობით გამოყოფა;
  • მუქი, მღვრიე შეფერილობის ან მკვეთრი სუნის მქონე შარდი;
  • სისხლის ნაკვალევი შარდში (ჰემატურია);
  • მუცლის ქვემოთ (საზარდულის ძვლის ზემოთ), წელის, ან მუცლის ტკივილი;
  • სისუსტე ან მოთენთილობა.

ბავშვებში ცისტიტის სიმპტომებია:

  • სისუსტე;
  • გაღიზიანებულობა;
  • დაქვეითებული მადა;
  • ღებინება;
  • მტკივნეული შარდვა.

როდის მივმართოთ ექიმს

ცისტიტის სიმპტომები შესაძლოა სხვა პათოლოგიებმაც გამოიწვიოს, ამიტომ აღნიშნული სიმპტომების არსებობის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.

 

ქალების შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ მათ ცისტიტის სიმპტომები პირველად განუვითარდათ ან წლის განმავლობაში ცისტიტის 3 შემთხვევა გადაიტანეს. ცისტიტის სიმპტომები შესაძლოა სხვა პათოლოგიებითაც იყოს გამოწვეული, ამიტომ მათი განვითარების შემთხვევაში ექიმთან ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია.

 

ცისტიტის სიმპტომები შეიძლება გამოიწვიოს:

  • სქესობრივი გზით გადამდებმა ინფექციებმა მაგალითად გონორეა ან ქლამიდია;
  • სხვადასხვა ბაქტერიით, მაგალითად E. coli-თ დაინფიცირებამ;
  • საშოს რძიანამ, რომელიც საფუარა სოკოს ინფექციის სახელწოდებითაცაა ცნობილი;
  • შარდსადენის ანთებამ (ურეთრიტი);
  • შარდსადენის სინდრომმა (მხოლოდ ქალებში);
  • პროსტატის ჯირკვლის ანთებამ-პროსტატიტი.

ცისტიტის მკურნალობა

მსუბუქი ცისტიტი ხშირად რამდენიმე დღეში ალაგდება. მისი მკურნალობა სახლის პირობებშიც შესაძლებელია, ტკივილგამაყუჩებლები (მაგალითად პარაცეტამოლი ან იბუპროფენი)  და დიდი რაოდენობით სითხე უნდა მიიღოთ. მკურნალობას დააჩქარებთ, თუ ცისტიტის დროს თავს შეიკავებთ სქესობრივი კავშირისგან, რადგან ამან შესაძლოა პათოლოგიის გაუარესება გამოიწვიოს.  უფრო მძიმე ცისტიტს შესაძლოა ანტიბიოტიკებით მკურნალობა დასჭირდეს.

ცისტიტის პრევენცია

ცისტიტის პრევენცია ყოველთვის არაა შესაძლებელი, თუმცა ხანდახან მის თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ:

  • თუ გენიტალიების გარშემო სურნელოვან აბაზანებს, საპნებს ან ტალკის ფხვნილს არ გამოიყენებთ - გამოიყენეთ დასაბანი საშუალებები სურნელის გარეშე;
  • აბაზანის ნაცვლად შხაპი მიიღეთ-ეს გენიტალიებს დასაბან საშუალებებში შემავალ ქიმიურ ნივთიერებებთან ხანგრძლივი კონტაქტისგან იცავს;
  • საპირფარეშოთი სარგებლობისას, ყოველთვის ბოლომდე დაცალეთ შარდის ბუშტი;
  • არ შეიკავოთ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები-მოშარდვის გადადებამ შესაძლოა შარდის ბუშტზე ზეწოლა გაზარდოს, რის გამოც ეს ორგანო ინფექციების მიმართ უფრო მგრძნობიარე ხდება;
  • სინთეტიკის (მაგ.ნეილონი) ნაცვლად, ატარეთ ბამბისგან დამზადებული საცვალი;
  • თავი აარიდეთ ვიწრო ჯინსებისა და შარვლების ტარებას;
  • ზოგიერთი პაციენტი აღნიშნავს, რომ გარკვეული ტიპის საკვები და სასმელი ცისტიტს აუარესებს-მაგალითად ყავა, ხილის წვენი ან ცხარე საკვები-თუ რაიმე ფაქტორი ცისტიტის გამწვავებას იწვევს, უმჯობესია მისი მიღებისგან თავი შეიკავოთ.