ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

თირკმლის ინფექცია

თირკმლის ინფექცია მტკივნეული და არასასიამოვნო დაავადებაა, რომელიც ჩვეულებრივ მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერია შარდის ბუშტიდან ერთ ან ორივე თირკმელში აღწევს.

 

სამედიცინო ლიტერატურაში თირკმლის ინფექციას პიელონეფრიტის სახელწოდებით მოიხსენებენ. ეს ცისტიტზე  უფრო სერიოზული და განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც შარდის ბუშტის გავრცელებული ინფექციაა, ამ დროს ადამიანს მტკივნეული შარდვა უვითარდება.

 

სწორად მკურნალობის შემთხვევაში, თირკმლის ინფექცია სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს, თუმცა თუ თირკმლის ინფექციის მკურნალობა დროულად არ მოხდა, შესაძლოა მდგომარეობა გაუარესდეს და თირკმლის მუდმივი დაზიანება გამოიწვიოს.

 

ხშირად თირკმლის ინფექციის სიმპტომები რამდენიმე საათში ვითარდება. შესაძლოა ცხელების მაგვარი შეგრძნება, კანკალი, გულისრევა და  ზურგის ან გვერდის არეში ტკივილი იგრძნოთ.

რა იწვევს თირკმლის ინფექციას?

ჩვეულებრივ, თირკმლის ინფექცია მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერია-ხშირად E. coli-ანუსიდან შარდსაწვეთში (მილი, რომელის საშუალებითაც შარდი გამოიყოფა) აღწევს და შარდის ბუშტიდან ერთ ან ორივე თირკმელში აღწევს.

თირკმლის ინფექციის სიმპტომები

ჩვეულებრივ, თირკმლის ინფექციის სიმპტომები საკმაოდ სწრაფად, რამდენიმე საათის ან დღის განმავლობაში ვითარდება.

გავრცელებული სიმპტომები მოიცავს:

  • გვერდის ტკივილი;
  • წელის ან საზარდულის გარშემო ტკივილი და დისკომფორტი;
  • მაღალი ტემპერატურა;
  • კანკალი;
  • შეციება;
  • ძლიერი სისუსტის ან დაღლილობის შეგრძნება;
  • მადის დაკარგვა;
  • გულისრევის შეგრძნება;
  • ღებინება;
  • ფაღარათი/დიარეა.

ცისტიტის ან ურეთრიტის (შარდსაწვეთის ინფექცია) შემთხვევაში შესაძლოა სხვა სიმპტომებმაც შეგაწუხოთ. დამატებითი სიმპტომები შესაძლოა მოიცავდეს:

  • შარდვის დროს ტკივილი ან წვის შეგრძნება;
  • მოშარდვის გახშირებული ან სასწრაფო საჭიროება;
  • შეგრძნება, თითქოს შარდის  ბუშტს ბოლომდე ვერ ცლით;
  • სისხლი შარდში;
  • მღვრიე ან ცუდი სუნის მქონე შარდი;
  • მუცლის ქვედა ნაწილის ტკივილი.

თირკმლის ინფექციის გამომწვევი მიზეზები

თირკმლის ინფექცია მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერია აღწევს და ერთ ან ორივე თირკმელს აინფიცირებს. ბაქტერია შარდსაწვეთის სანათურში ხვდება და საშადე გზებისკენ ადის, პირველად შარდის ბუშტის ინფიცირება ხდება, შემდეგ კი თირკმლების.

 

ვარაუდობენ, რომ ბაქტერიის საშარდე გზებში მოხვედრის ერთ-ერთი გზა მისი უკანა ტანიდან შემთხვევით შარდსაწვეთში შეღწევაა. ეს შესაძლოა მაშინ მოხდეს, როცა საპირფარეშოთი სარგებლობის შემდეგ დაბინძურებული ტუალეტის ქაღალდი გენიტალიებს შეეხება.

 

იშვიათ შემთხვევებში, თირკმლის ინფექცია შესაძლოა მაშინ განვითარდეს, როცა ბაქტერია ან სოკო კანს დააინფიცირებს და ინფექცია სისხლით თირკმელში გავრცელდება. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივ ამ ფორმის ინფექცია იმ ადამიანებს ემართებათ, ვისაც დასუსტებული იმუნური სისტემა აქვს.

თირკმლის ინფექციის გართულებები

თირკმლის ინფექციების უმრავლესობა გართულებების გარეშე წარმატებით იკურნება, თუმცა ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა დამატებითი პრობლემები განუვითარდეს.

თირკმლის აბსცესი

თირკმლის აბსცესი იშვიათი მდგომარეობაა, რომელიც თირკმლის ინფექციის სერიოზულ გართულებას წარმოადგენს. ამ დროს თირკმლის ქსოვილში ჩირქი ვითარდება. თირკმლის აბსცესის განვითარების ყველაზე მაღალი რისკი დიაბეტის მქონე პაციენტებს აქვთ.

თირკმლის აბსცესის სიმპტომები შესაძლოა თირკმლის ინფექციის მსგავსი იყოს. ყველაზე ხშირი მათგანია:

  • მაღალი ტემპერატურა;
  • შეციება;
  • მუცლის ტკივილი;
  • მადის დაკარგვა;
  • ტკივილი მოშარდვისას.

სისხლის მოწამვლა

სისხლის მოწამვლა (ასევე ცნობილია სეფსისის სახელწოდებით) თირკმლის ინფექციის კიდევ ერთი გართულებაა. ის მაშინ ვითარდება, როცა ბაქტერია თირკმლებიდან სისხლში ვრცელდება. მას შემდეგ, რაც ბაქტერია სისხლში მოხვდება, ინფექცია შესაძლოა ორგანიზმის ნებისმიერ ნაწილს მოედოს, მათ შორის მთავარ ორგანოებს.

თირკმლის ინფექციის მქონე პაციენტში, სისხლის მოწამვლის ნიშნები შესაძლოა მოიცავდეს:

  • სისხლის დაბალი წნევა, რის გამოც წამოდგომისას თავბრუსხვევა გაწუხებთ;
  • დაბნეულობა ან დიზორიენტაცია;
  • ჭარბი ოფლიანობა;
  • უნებლიე გაუკონტროლირებადი კანკალი;
  • მაღალი ტემპერატურა ან სხეულის ჩვეულზე უფრო დაბალი ტემპერატურა;
  • კანის სიფერმკრთალე;
  • სწრაფი გულისცემა;
  • სუნთქვის უკმარისობა.

ძლიერი ინფექცია

თირკმლის ინფექციის კიდევ ერთი გართულება ემფიზემატოზური პიელონეფრიტია. ეს მძიმე ინფექციაა, რომლის დროსაც თირკმლის ქსოვილები სწრაფად ზიანდება და ინფექციის გამომწვევი ბაქტერია ტოქსიკური აირის გამოთავისუფლებას იწყებს, რომელიც თირკმლებში გროვდება. EPN-ის გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა თითქმის ყველა შემთხვევა დიაბეტის მქონე ადამიანებში ვითარდება. ჩვეული მკურნალობა დაზიანებული თირკმლის ან მისი ნაწილის სასწრაფო ოპერაციულ ამოკვეთას გულისხმობს. სრულფასოვნად და აქტიურად ცხოვრება ერთი თირკმლითაც შეიძლება.

 

თირკმლის უკმარისობა

ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თირკმლის ინფექციამ შესაძლოა თირკმლის ძლიერი დაზიანება გამოიწვიოს, რაც საბოლოო ჯამში თირკმლის უკმარისობას იწვევს.

როდის მივმართოთ ექიმს

მიმართეთ ექიმს თუ სიცხე, მუცლის, წელის ან საზარდულის ტკივილი გაწუხებთ, ან თუ შარდვის ჩვევების ცვლილებას შეამჩნევთ.თირკმლის ინფექციების უმრავლესობას ანტიბიოტიკებით დროული მკურნალობა სჭირდება, რაც ინფექციის მიერ თირკმლის დაზიანების ან სისხლით ინფექციის გავრცელების პრევენციას უზრუნველყოფს.