თირკმლის კენჭები
თირკმლის კენჭები ქვის მსგავსი მასებია, რომლებიც შესაძლოა ერთ ან ორივე თირკმელში განვითარდეს - თუ კენჭების გამო ძლიერი ტკივილი გაწუხებთ, ამ მდგომარეობას თირკმლის კოლიკა ეწოდება.
რა იწვევს თირკმლის კენჭების წარმოქმნას?
ხანდახან სისხლში არსებული დაშლის პროდუქტები თირკმელში კრისტალებს წარმოქმნიან. დროთა განმავლობაში ეს კრისტალები შესაძლოა დაგროვდეს და მყარი, ქვის მსგავსი მასა წარმოქმნას. ეს უმეტესწილად ხდება იმ შემთხვევაში, თუ არ სვამთ საჭირო რაოდენობის სითხეს, მოიხმართ გარკვეული ტიპის მედიკამენტებს, ან ისეთი ნივთიერებათა ცვლის დარღვევა გაქვთ, რომელიც შარდში იწვევს გარკვეული კრისტალების მომატებას.
მას შედეგ, რაც თირკმლის კენჭი წარმოიქმნება, თქვენი სხეული მის ორგანიზმიდან განდევნას შარდთან ერთად ცდილობს. ეს იმას ნიშნავს, რომ კენჭი საშარდე სისტემის გზებს გაივლის (თირკმლები, თირკმლის მილები და შარდის ბუშტი).
რამდენად ხშირია თირკმლის კენჭები?
თირკმლის კენჭები საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა და ხშირად 30-60 წლის ადამიანებს უვითარდებათ. ეს პათოლოგია უფრო ხშირია მამაკაცებში. დადგენილია, რომ თირკმლის კოლიკა ანუ ტკივილი კენჭის გავლის გამო, კაცების 10-20% და ქალების 3-5% უვითარდება.
თირკმლის კენჭების მკურნალობა და პრევენცია
თირკმლის კენჭების უმრავლესობა საკმარისად პატარა ზომისაა იმისათვის, რომ შარდთთან ერთად გამოიყოს და ზოგ შემთხვევაში მისი მკურნალობა სახლის პირობებში მედიკამენტებითაც შესაძლებელია. ხოლო დიდი ზომის კენჭები საავადმყოფოში რენტგენით ან ულტრაბგერით დაშლას საჭიროებენ, ასევე შესაძლებელია მათი ქირურგიულად მოცილებაც დაგჭირდეთ. დადგენილია, რომ თირკმლის კენჭების მქონე პაციენტების დაახლოებით ნახევარს მომდევნო 5 წლის განმავლობაში ისევ უვითარდებათ კენჭოვანი დაავადება. თირკმლის კენჭების პრევენციისთვის ყოველდღიურად საკმაო რაოდენობით წყალი უნდა მიიღოთ, რათა გაუწყლოებისგან დაიცვათ თავი.
თირკმლის კენჭების სიმპტომები
თუ პატარა ზომის თირკმლის კენჭი გაქვთ, შესაძლოა მისი არსებობა ვერც გაიგოთ და შარდით უმტკივნეულოდ გამოიყოს. ჩვეულებრივ, სიმპტომები მაშინ ვითარდება, როცა თირკმლის კენჭი შარდსაწვეთში გავლას იწყებს (მილი, რომელიც თირკმელს შარდის ბუშტთან აკავშირებს)-შარდსაწვეთი ვიწრო მილია, ამიტომ თირკმლის კენჭი მასში გავლისას იწვევს ტკივილს ან ინფექციას.
ასეთ დროს, თირკმლის კენჭების სიმპტომები მოიცავს: წელის ქვედა ნაწილის ტკივილი, რომელიც ხანდახან შესაძლოა საზარდულშიც შეიგრძნოთ. მამაკაცები შესაძლოა სათესლის ან სათესლე ბაგირაკის (სკროტუმის) ტკივილმაც შეაწუხოს. ზურგის, მუცლის გვერდითა ნაწილის ან ხანდახან საზარდულის ინტენსიური ტკივილის ეპიზოდები, რომელიც შესაძლოა რამდენიმე წუთი ან საათები გაგრძელდეს.
- მოუსვენრობა და მშვიდად წოლის შეუძლებლობა
- გულისრევა
- შარდვის გახშირება
- ტკივილი მოშარდვისას
- სისხლი შარდში, რომელიც შესაძლოა კენჭის მიერ თირკმლის ან შარდსადენის გაკაწვრით იყოს გამოწვეული
- დახშული შარდსაწვეთი და თირკმლის ინფექცია
თუ თირკმლის კენჭი შარდსაწვეთის დახშობას იწვევს, ამან შესაძლოა თირკმლის ინფექცია გამოიწვიოს, რადგან დაშლის პროდუქტები ვეღარ გამოიყოფა, რაც ბაქტერიების რაოდენობის ზრდას იწვევს.
თირკმლის ინფექციის სიმპტომები თირკმლის კენჭებისთვის დამახასიათებელი სიმპტომების მსგავსია და შესაძლოა მოიცავდეს:
- მაღალი ტემპერატურა (ცხელება)38°C ან უფრო მაღალი
- კანკალი
- შემცივნება
- სისუსტის შეგრძნება ან დაღლილობა
- ფაღარათი (კუჭის აშლა)
- მღვრიე და ცუდი სუნის მქონე შარდი
თირკმლის კენჭების გამომწვევი ზუსტი მიზეზები უცნობია, თუმცა არსებობს თირკმელში კენჭის წარმოქმნის რისკ-ფაქტორები:
- მემკვიდრეობა
- დეჰიდრატაცია (როცა ორგანიზმი კარგავს სითხეს)
- ჭარბწონიანობა
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები
- ცილოვანი დიეტა
- საშარდე გზების ანთება
- საშარდე გზების დაავადებები, რომლებიც იწვევენ შარდის დინების შეფერხებას
- თირკმლის განმეორებითი კენჭები
თირკმლის განმეორებითი (მორეციდივე) კენჭების განვითარების უფრო მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებით თუ:
- დიდი რაოდენობით ცილისა და ბოჭკოების დაბალი შემცველობის საკვებს ღებულობთ
- ფიზიკურად აქტიური არ ხართ
- სხვადასხვა მდგომარეობის გამო, გაქვთ წოლითი რეჟიმი
- თირკმლის კენჭები ოჯახური პათოლოგიაა
- გადატანილი გაქვთ თირკმლის რამდენიმე კენჭი ან საშარდე გზების ინფექციები
- მხოლოდ ერთი თირკმელი ფუნქციონირებს
- გაქვთ საჭმლის მომნელებელი სისტემის გარკვეული დაავადება
თირკმლის კენჭების დიაგნოსტიკა
თირკმლის კენჭების დიაგნოზი შემდეგი კვლევებით არის შესაძლებელი:
- რენტგენოლოგიური კვლევა
- საშარდე გზების ექოსკოპია
- კომპიუტერული ტომოგრაფია
- შარდის ანალიზი
- შარდში გამოყოფილი ნებისმიერი კენჭების შემოწმება
შარდკენჭოვანი დაავადების ქირირგიული მკურნალობა „ნიუ ჰოსპიტალსში“
შარდკენჭოვანი დაავადების ქირურგიული მკურნალობა გამოიყენება ნებისმიერი სიმკვრივის, ზომისა და ლოკალიზაციის შემთხვევაში. ლოკალიზაციის მიხედვით, კენჭები შეიძლება იყოს:
- თირკმლის
- შარდსაწვეთის
- შარდის ბუშტის
- საშარდე მილის (ურეთრის)
მკურნალობის ქირურგიული მეთოდები მოიცავს ენდოუროლოგიის სრულ სპექტრს:
- შარდსაწვეთის სტენტირებას
- პერკუტანულ ნეფროსტომიას
- შარდსაწვეთის კენჭის ენდოსკოპიურ ამოღებას (ურეთეროსკოპია)
- პერკუტანულ პიელოლითოტომიას (PNL)
- რეტროგრადულ ინტრარენულ ქირურგიას (დრეკადი ურეთეროსკოპის გამოყენებით RIRS)
- ტრანსურეთრულ ლითოტრიპსიას შარდის ბუშტის და საშარდე მილის კენჭების შემთხვევაში
- ლაპაროკოპიულ ოპერაციებს, საშარდე სისტემის ანომალიების დროს, შარდკენჭოვანი დაავადების კომპლექსური მკურნალობის დროს
აღნიშნული მეთოდების სრული ჩამონათვალი ხელმისაწვდომია ნიუ ჰოსპიტალსში, როგორც მოზრდილთა ასევე ბავშვთა შარდკენჭოვანი დაავადებების სამკურნალოდ და შესაბამისი ჩვენებების დროს.
როდის უნდა მიმართოთ სასწრაფო სამედიცინო დახმარებას?
დაუყოვნებლივ მიმართეთ სასწრაფო დახმარებას თუ გაქვთ მაღალი ტემპერატურა (ცხელება) 38C შემცივნებით და მწვავედ დაწყებული ტკივილი უარესდება.