ტრაბეკულექტომია - გლაუკომის მკურნალობა
რა არის ტრაბეკულექტომია?
ტრაბეკულექტომია წარმოადგენს გლაუკომის მკურნალობის ქირურგიული მეთოდს, რომლის შედეგად მცირდება თვალშიდა წნევა და ხდება მხედველობის დაკარგვის ან გაუარესების პრევენცია.
როგორ ტარდება ტრაბეკულექტომია?
პროცედურის დროს კეთდება ქირურგიული განაკვეთი - ქირურგი აკეთებს განაკვეთს თვალის თეთრ ნაწილზე (სკლერა) და ქმნის პატარა ჯიბეს კონიუნქტივის ქვეშ. იქმნება დრენაჟი - ქირურგი აშორებს თვალის დრენაჟის ქსოვილის მცირე ნაწილს (ტრაბეკულური ბადე), რათა შექმნას ახალი არხი. აღნიშნულის შედეგად მცირდება თვალშიდა წნევა. პროცედურის დასასრულს ხდება ჭრილობის დახურვა და კეთდება ნაკერები. პროცედურის ხანგრძლივობა 45-60 წუთია.
ტრაბეკულექტომია ტარდება ამბულატორიულად, ზოგადი ან ადგილობრივი ანესთეზიის ქვეშ. პაციენტი ვერ გრძნობს ტკივილსა და დისკომფორტს. ასევე, სურვილის შემთხვევაში, მოდუნებისთვის ექიმმა შეიძლება მოგცეთ დამამშვიდებელი საშუალებები.
პროცედურისთვის მომზადება
ოფთალმოლოგი გაგესაუბრებათ და დეტალურად აგიხსნით, როგორ უნდა მოემზადოთ პროცედურამდე. შესაძლებელია, საჭირო გახდეს კონკრეტული მედიკამენტების, ასევე თვალის წვეთების გამოყენების შეწყვეტა. სპეციალისტი შეაფასებს დაზიანებულ თვალს და განიხილავს ნებისმიერ მდგომარეობას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს გართულებები პროცედურის დროს ან მის შემდეგ.
პოსტოპერაციული პერიოდი
ტრაბეკულექტომიის შემდეგ შესაძლებელია გქონდეთ გარკვეული დისკომფორტი, რომელიც ნაკერების მოხსნის შემდეგ ეტაპობრივად გაივლის. როგორც წესი, ინიშნება თვალის წვეთები, ასევე შეიძლება დაგჭირდეთ მედიკამენტების მიღება.
პოსტოპერაციული პერიოდი შესაძლებელია ინდივიდუალურად მიმდინარეობდეს სხვადასხვა პაციენტის შემთხვევაში, ამიტომ აუცილებელია ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი ჭრილობის შეხორცებისა და ზოგადი მდგომარეობის მონიტორინგისთვის.