ინფექციური დაავადებები
ინფექციური დაავადებები წარმოადგენენ დაავადებების ფართო კატეგორიას, რომლებიც გამოწვეულია მავნე მიკრორგანიზმებით: ბაქტერიებით, ვირუსებით, სოკოებით და პარაზიტებით - რომელთაც პათოგენებს უწოდებენ. მათ ძალუძთ შეაღწიონ ორგანიზმში სხვადასხვა გზით, მათ შორის დაბინძურებული საკვებითა და წყლით, რესპირატორული წვეთებით (ხველებისა და ცემინების დროს), ინფიცირებულ პირებთან და მათ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, სქესობრივი ურთიერთობით ან ცხოველების და მწერების ნაკბენით. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, პათოგენებს შეუძლიათ გვერდი აუარონ ან დაძლიონ ადამიანის იმუნიტეტი, გამრავლდნენ და დაარღვიონ სხეულის ნორმალური ფუნქციები. აღნიშნული პროცესები იწვევს სხვადასხვა სიმპტომების და კლინიკური ნიშნების განვითარებას, რომლებიც დამოკიდებულია კონკრეტულ მიკროორგანიზმზე, ადამიანის იმუნურ სისტემაზე და თანმხლები ქრონიკული დაავადებების არსებობაზე.
ინფექციური დაავადებების სიმპტომები უკიდურესად ნაირგვარია, თუმცა ხშირი ჩივილებიდან შეგვიძლია გამოვყოთ: ცხელება, დაღლილობა, ძლიერი ოფლიანობა, კუნთების ტკივილი, თავის ტკივილი, ხველა, ხშირი შარდვა ან მოშარდვისას წვის შეგრძნება, დიარეა, კანის გამონაყარი და სხვა.
მკურნალობის გარეშე, ინფექციური დაავადებები შეიძლება იყოს როგორც მსუბუქი და თვითგანვლადი პროცესი ასევე შესაძლებელია იყოს უკიდურესად მძიმე და სიცოცხლისთვის საშიში. საბედნიეროდ, მრავალი ინფექციური დაავადების პრევენცია შესაძლებელია ჰიგიენური მეთოდების პრაქტიკით, როგორიცაა ხელების სათანადო დაბანა, ხველის ეტიკეტის გამოყენება, ჰაერის განიავება, საკვების სათანადო დამუშავება და მომზადება და სხვა. თუ ინფექცია მაინც განვითარდა, ადრეული დიაგნოსტიკა და მკურნალობა გადამწყვეტია, რათა დროულად დაინიშნოს შესაბამისი ანტიმიკრობული მკურნალობა, რითაც უზრუნველყოფილი იქნება გართულებების შემცირება და გამოჯანმრთელების პროცესის დაჩქარება.
ჩვენი ამბულატორიული მომსახურება მოიცავს ბავშვებში და მოზრდილებში განვითარებულ შემდეგი სპექტრის დაავადებებს:
- ვირუსული და ბქატერიული სასუნთქი გზების ინფექციები;
- საშარდე გზების ინფექციები;
- კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები;
- ნეიროინფექციები;
- კუჭ-ნაწლავის სისტემის ინფექციები;
- სქესობრივად გადამდები ინფექციები;
- ჰეპატიტები;
- ორთოპედიული ინფექციები;
- კარდიოვასკულური ინფექციები;
- ქირურგიული ინფექციები;
- გინეკოლოგიური ინფექციები;
- მოგზაურობის შედეგად განვითარებული ინფექციები;
- მწერისა და ცხოველის კბენით განვითარებული ინფექციები;
- ინფექციები იმუნოკომპრომეტირებულ პაციენტებში.