სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირველი ოფთალმოლოგიური ფორუმი
18-19 სექტემბერს, ბათუმში, „ნიუ ჰოსპიტალსისა“ და „საქართველოს ოფთალმოლოგიის განვითარების გაერთიანების“ ორგანიზებით სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირველი ოფთალმოლოგიური ფორუმი გაიმართა. ორდღიანმა ფორუმმა ერთ სივრცეში გააერთიანა ქართველი და უცხოელი ოფთალმოლოგები, დარგის სპეციალისტები და პროფესიული საზოგადოების წარმომადგენლები.
ფორუმში მონაწილეობდნენ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების - საქართველოსა და სომხეთის წარმომადგენლები. შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა მსმენელებს გაუზიარეს თანამედროვე კლინიკური პრაქტიკა, პროფესიული ხედვები და ოფთალმოლოგიის სფეროში არსებული ახალი მიდგომები.
აღსანიშნავია, რომ სამხრეთ კავკასიის ქვეყნების პირველი ოფთალმოლოგიური კონფერენცია 1976 წელს, სოხუმში გაიმართა. 50 წლის შემდეგ კი რეგიონული ოფთალმოლოგიური შეხვედრა კვლავ საქართველოში, ამჯერად ბათუმში ჩატარდა.
ფორუმი მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიის რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ პროფესიული თანამშრომლობის გაღრმავებას, თანამედროვე სამეცნიერო და კლინიკური მიდგომების განხილვას და სხვადასხვა ქვეყნის ოფთალმოლოგებს შორის პროფესიული კავშირების განვითარებას.
ორდღიანი პროგრამის ფარგლებში განხილული იყო თანამედროვე ოფთალმოლოგიის აქტუალური საკითხები, თვალის დაავადებების დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ახალი შესაძლებლობები, თანამედროვე ქირურგიული მიდგომები და ტექნოლოგიური სიახლეები. სპეციალისტებმა წარადგინეს საინტერესო და რთული კლინიკური შემთხვევები, ისაუბრეს თანამედროვე სამედიცინო პრაქტიკაში დანერგილ მეთოდებზე და განიხილეს სხვადასხვა კლინიკური სიტუაციის მართვის გზები.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა მხოლოდ მოხსენებების ფორმატით არ შემოიფარგლა. ფორუმი წარმოადგენდა პროფესიული დიალოგისა და დისკუსიის სივრცეს, სადაც დარგი სპეციალისტებმა იმსჯელეს სფეროში არსებულ გამოწვევებსა და ოფთალმოლოგიის განვითარების პერსპექტივებზე.