ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ბადურის ჩამოცლა

ბადურის ჩამოცლა თავის თავში გულისხმობს მდგომარეობას, რა დროსაც თვალის ნეიროსენსორული ქსოვილი - ბადურა აშრევდება თავისი ბუნებრივი მდებარეობიდან და იწვევს მხედველობის სიმახვილის მკვეთრად გაუარესებას.

ბადურის ჩამოცლა - სიმპტომები
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ის სიმპტომები, რამაც შეიძლება თავი იჩინოს ბადურის ჩამოცლის ადრეულ ეტაპზე. ხშირად ჩამოცლა უსიმპტომოდ იწყება, თუმცა პაციენტთა ნაწილი ამჩნევს ბევრ „მცურავ წერტილს“, რომელიც უეცრად ჩნდება მხედველობის ველში. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიექცეს ე.წ გაელვებას და ნათებას. ბადურის აშრევებასთან ერთად მხედველობის ველში ჩნდება მკაფიოდ გამოხატული მუქი ჩრდილი, რომელსაც ფარდის ფორმა აქვს. ეს უკვე ბადურის ჩამოცლის პროგრესირების ნიშანია.

ამრიგად, საყურადღებო ნიშნებია:

  • პატარა შავი ლაქები, რომლებიც ჩნდება მხედველობის ველში
  • უმიზეზო გაელვებები და ნათებები (ფოტოფსია)
  • მხედველობის სიმახვილის გაუარესება
  • ფარდის მსგავსი ჩრდილი მხედველობის არეში


როდის უნდა მივმართოთ ექიმს

დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, თუ შეამჩნევთ ზემოთ აღწერილ ნიშნებს. დროული მკურნალობის გარეშე, ბადურის ჩამოცლამ შესაძლოა სრული სიბრმავე გამოიწვიოს.

გაითვალისწინეთ! თვალის სპეციალისტთან (ოფთალმოლოგთან) დაუყოვნებლივ დაკავშირება დაგეხმარებათ თქვენი მხედველობის შენარჩუნებაში.


რისკ-ფაქტორები

რისკ-ჯგუფში შედიან ასაკოვანი ადამიანები, დიაბეტით და სხვადასხვა სისტემური დაავადებით დაავადებული პირები და ახლომხედველები.

გარდა ზემოაღნიშნულისა, ასევე ბადურის ჩამოცლის რისკ-ფაქტორებია:

  • თვალის ტრავმა
  • მემკვიდრული წინასწარგანწყობა  

თვალის სხვა დაავადებები:

  • უვეიტი
  • ენდოფთალმიტი
  • ბადურის პერიფერიული დეგენერაცია (გათხელება) 

ბადურის ჩამოცლა - დიაგნოზი

ბადურის ჩამოცლის სადიაგნოსტიკოდ საჭიროა თვალის ფსკერის მიკროსკოპით გამოკვლევა. ასევე ძალიან ინფორმატიულია ულტრაბგერითი კვლევა (B-scan) და ოპტიკურ კოჰერენტული ტომოგრაფია (OCT).

მკურნალობა

ბადურის ჩამოცლის ადრეულ ეტაპზე შესაძლებელია მისი პროგრესირების ფოტოლაზერკოაგულაციით შეჩერება. ჩამოცლის მიმდებარედ ბადურა შემოიფარგლება ლაზერის საშუალებით, რაც ხშირ შემთხვევაში შეაჩერებს მომავალში ბადურის აშრევების პროგრესირებას.

თუ პაციენტმა სპეციალისტს მაშინ მიმართა, როდესაც ბადურის დიდი ნაწილი უკვე ჩამოცლილია, მკურნალობის ერთადერთ გზას ქირურგიული ჩარევა წარმოადგენს. სამწუხაროდ ჩამოცლის შემდეგ ბადურა თავის ადგილს ოპერაციის გარეშე არასოდეს დაუბრუნდება.

ოპერაციის სირთულე და ხანგრძლივობა დაკავშირებულია ბადურის ჩამოცლის სიმწვავესთან. რაც უფრო ადრე მოხდება ოპერაციის ორგანიზება, მით მაღალია მხედველობითი ფუნქციის შენარჩუნების პერსპექტივა.
ოპერაცია თავის თავში გულისხმობს ჩამოცლილი ბადურის თავის ადგილზე დაბრუნებას, მისი ლაზერით გამაგრებას და ე.წ ტამპონადას, რაც იძლევა საშუალებას აშრევებული უბანი თავის ქვეშ მდებარე ქსოვილს შეუხორცდეს. ტამპონადისათვის ძირითადად გამოიყენება სპეციალური გაზი ან სილიკონის ზეთი.

პოსტოპერაციული პერიოდი

პოსტოპერაციული პერიოდი არ მოიცავს რაიმე სახის რთულად შესასრულებელ შეზღუდვას. 3-4 კვირის განმავლობაში პაციენტს დაენიშნება თვალში ჩასაწვეთებელი მედიკამენტები. რამდენიმე დღის განმავლობაში შესაძლოა მოუწიოს იძულებით პოზიციაში, მაგალითად თავდახრილ პოზიციაში ყოფნა. ასევე შესაძლოა მიეცეს რეკომენდაცია, თუ რომელ მხარეს უნდა დაწვეს ძილის დროს ამ პერიოდის განმავლობაში, თუმცა ძალიან მალევე, იგი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს.


პრევენცია

მნიშვნელოვანია რისკ-ჯგუფში შემავალი პირები პერიოდულად გადიოდნენ სრულყოფილ ოფთალმოლოგიურ შემოწმებას. ასევე მნიშვნელოვანია, პაციენტებმა არ გადადონ სპეციალისტთან მიმართვა ზემოთ ჩამოთვილი სიმპტომების გაჩენისას, რაც შესაძლებელს გახდის დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირებას და დროულად მკურნალობის დაწყებას.