ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ფეხის ტკივილი

ფეხის ტკივილი საკმაოდ გავრცელებული ჩივილია, რომელის გამომწვევი მიზეზი მრავალი შეიძლება იყოს. თუ ტკივილი მძიმეა ან ხანგრძლივად გრძელდება, აუცილებლად უნდა მიმართოთ ორთოპედს.

ფეხის ტკივილის გამომწვევი მიზეზები

დაჭიმვა და დაძაბვა

დაჭიმვა და დაძაბვა კუნთებსა და იოგებზე ახდენს ზეგავლენას. იოგები წარმოადგენს ძლიერ ქსოვილოვან ზონრებს სახსრების გარშემო, რომლებიც ძვლებს ერთმანეთთან აკავშირებს. თქვენ შეიძლება დაგეჭიმოთ ფეხის კუნთები და იოგები გადამეტებული აქტივობის გამო. მაგალითად, ტკივილი და შესიება ფეხის ცერა თითის ფუძეზე, რაც მისი სახსრის გარშემო არსებული იოგების დაჭიმვით აიხსნება. ამ მდგომარეობას „კორდის ცერი“ ეწოდება და ხშირად ვლინდება მოცეკვავეებსა და ფეხბურთელებში, რომლებსაც ხელოვნურ კორდზე უწევთ გამოსვლა.


ნიკრისის ქარი

ნიკრისის ქარი ართრიტის ერთ-ერთი ტიპია, რომლის დროსაც დარღვეულია შარდმჟავას (გამოსაყოფი პროდუქტი) წარმოქმნა. ასეთ დროს შარდმჟავას კრისტალები ცერა თითში გროვდება, რაც იწვევს ტკივილს და ანთებას, დასვენების დროსაც კი.

ნიკრისის ქარი ხშირ შემთხვევაში ჯერ ცერა თითის სახსარზე ვრცელდება, შემდეგ კი დანარჩენ სახსრებზე გადადის. ზოგჯერ რთულია განვასხვავოთ ნიკრისის ქარი და ანთებითი აბგა ფეხის ცერა თითზე.


ვერუკა

ვერუკა ფეხის გულზე ასრებული წამონაზარდია, რომელიც მტკივნეულია სხეულის წონის ზეწოლის გამო.მისი იდენთიფიკაცია საკმაოდ მარტივია, ის ჰგავს პატარა ბრტყელ წრეს, რომელსაც ცენტრში მუქი ფერის წერტილი აქვს (სისხლძარღვი).


აბგა

აბგა მტკივნეული, ძვლოვანი შესიებაა ცერა თითის ფუძეში. ის ფეხის საკმაოდ ხშირი პრობლემაა, განსაკუთრებით ქალებში. ცერა თითი დანარჩენი თითებისკენ გადაიზნიქება და მისი სახსარი კუთვნილი ადგილიდან გადაინაცვლებს, შედეგად ქმნის ძვლოვან შემკვრივებას.

 

ინფიცირებული ჩაზრდილი ფრჩხილი

ფრჩხილის ჩაზრდა ეწოდება პროცესს, როდესაც ფრჩხილის კიდეები გარშემო კანში შეიჭრება და იზრდება - ეს იწვევს კანის გაჭრას, გაწითლებას, შესიებასა და მგრძნობელობის მომატებას.


ფეხის გულის (პლანტარული) ფასციტი

პლანტარული ფასციტი გულისხმობს ფეხის გულის კანქვეშა ფასციის (მაგარი ქსოვილოვანი წარმონაქმნის) დაზიანებას, რაც ქუსლის ტკივილს იწვევს. ეს ხშირად გამოწვეულია ისეთი აქტივობით როგორიცაა სირბილი, ან დიდი წნევის გამო ფეხის ქსოვილების დაზიანებით.

ფეხის ტკივილის გამომწვევი ნაკლებ გავრცელებული მიზეზები

ნერვის პრობლემა

ზოგჯერ ნერვი, რომელიც მიუყვება ფეხის თითებს, შესაძლოა გაღიზიანდეს ან მოიჭყლიტოს, რაც გამოიწვევს მკვეთრ, ძლიერ ტკივილს ფეხის თითების ფუძეში. ამ მტკივნეულ მდგომარეობას უწოდებენ მორტონის ნევრომას. ყოველთვის არაა ცნობილი ამ დაავადების გამომწვევი ზუსტი მიზეზი, მაგრამ არსებობს სხვადასხვა ფაქტორი რომელსაც მისი განვითარება შეუძლია, მაგალითად მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით სიარული ან ბრტყელტერფიანობა. ტკივილი ძირითადად ახასიათებს ფეხის მესამე და მეოთხე თითებს და ვლინდება მოულოდნელად, სიარულის დროს.


ფეხის ბალიშების დაძაბვა ან მასზე დიდი ზეწოლა

ფეხის ბალიშების ტკივილი შესაძლოა გამოიწვიოს დაავადებამ, რომელსაც  მეტატარსალგია ეწოდება. მეტატარსალგია ხასიათდება მწველი, მტკივნეული შეგრძნებით, რომელიც ცვალებადობს მსუბუქიდან მძიმე ფორმამდე და უარესდება მოძრაობის დროს. ის შეიძლება დაგემართოთ ფეხის ბალიშთან ახლოს ერთ ან ორ თითზე, ხანდახან კი მთლიან ფეხზე.


ყველაფერს, რაც ფეხის ბალიშის ზედმეტ ზეწოლასთან ან დაძაბვასთანაა დაკავშირებული, შეუძლია გამოიწვიოს ტკივილი. ტკივილის მიზეზი შესაძლოა გახდეს მოჭერილი ფეხსაცმლით სიარული დიდი ხნის განმავლობაში, სპორტით დატვირთვა, ან ჭარბწონიანობა.


ართრიტი

ასაკოვან ადამიანებში ფეხის ტკივილი შესაძლოა დაკავშირებული იყოს ოსტეოართრიტის უეცარ გართულებასთან, ის ართრიტის ყველაზე გავრცელებული ტიპია. ოსტეოართრიტი იწვევს ქსოვილების შესიებას სახსრებსა და მის გარშემო, მათ შორის ცერის და ქუსლის სახსრების.

შესაძლებელია ტკივილი რევმატოიდულმა ართრიტმა გამოიწვიოს, რომელიც ართრიტის ერთ-ერთი ტიპია. ამ შემთხვევაში იმუნური სისტემა უტევს სახსრებს და იწვევს მათი ქსოვილების ანთებას.


აქილევსის მყესის ანთება

თუ ქუსლის უკან არსებულ აქილევსის მყესს დაიზიანებთ (მაგალითად კოჭის გადაბრუნების გამო), შესაძლოა შედეგად მყესის ანთება მიიღოთ, სხვანაირად მას ტენდონიტს უწოდებენ.

აქილევსის ქუსლის ანთება იწვევს ტკივილსა და დაჭიმულობას ქუსლის უკან, მისგან თავის დაღწევა ტკივილგამაყუჩებლებით, დასვენებითა და ყინულების გამოყენებით არის შესაძლებელი.


ედემა

თუ ფეხი შესიაბული, დამძიმებული და მტკივნეულია, ეს შესაძლოა ედემის ნიშანი იყოს. ედემა შედგება სითხისგან (ძირითადად წყალი), რაც იწვევს შესიებას კონკრეტულ ადგილას. ედემა ხშირად მთლიან ქვედა კიდურზეც აღინიშნება.

 

მოტეხილი ძვალი (მოტეხილობა დაძაბვისგან)

თუ დატვირთულ სპორტს მისდევთ, როგორიცაა მაგალითად დიდ მანძილზე სირბილი ან კალათბურთი, შესიებული ფეხის და ტკივილის გამომწვევი მიზეზი შესაძლოა მცირე მოტეხილობა იყოს თქვენი ფეხის ერთ-ერთ ძვალში. ამას დაძაბვით გამოწვეულ მოტეხილობასაც უწოდებენ.

ასეთი მოტეხილობა ხშირად გვხვდება:

  • ძვლებში, რომლებიც მეორე და მესამე თითებისკენ მიემართება (მეტატარსული)
  • ქუსლში
  • ქვედა კიდურის გარეთა ძვალში
  • შუა ტერფის ზედა ნაწილის ძვალში

მოტეხილობის ადგილი შეხებისას მგრძნობიარეა, შესაძლოა კანის შეშუპებასაც ჰქონდეს ადგილი. ასეთ  დროს უნდა შეწყდეს ყველანაირი ფიზიკური აქტივობა და ფეხზე რაიმე სახის ზეწოლა, სანამ ექიმთან კონსულტაციას არ გაივლით.