ჰემოროიდული დაავადება (ბუასილი)
ჰემოროიდული დაავადება, ასევე ცნობილი როგორც ბუასილი, წარმოადგენს კვანძების პროლაბირებას სწორ ნაწლავიდან. ამ დროს ზომაში იზრდება კავერნული სხეულაკები. ჰემოროიდული დაავადების გამომწვევი მიზეზი სწორი ნაწლავის კავერნოზულ ვენებში სისხლის მიმოქცევის რეგულაციის დარღვევაა, რაც სისხლის შეგუბებას იწვევს. ხშირ შემთხვევაში დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა თუ სიმპტომები განვითარდა, ისინი ძირითადად მოიცავს:
- ანალური ტკივილი;
- სისხლდენა დეფეკაციისას;
- ანალური გამონადენი და სისველე;
- ანალური გაღიზიანება და ქავილი;
- მუკოანალური პროლაფსი, რასაც ხელით შესწორება სჭირდება.
მნიშვნელოვანია მდგომარეობის დიაგნოსტირება და მკურნალობის დაწყება დაავადების განვითარების ადრეულ ეტაპზე. მიმართეთ ექიმს, თუ გაქვთ ბუასილის სიმპტომები.
დროული დიაგნოსტირების შემთხვევაში, ბუასილის სიმპტომები შესაძლოა კონსერვატიული მკურნალობის ჩატარების შედეგად ალაგდეს.
ბუასილის რისკს ზრდის:
- ჭარბი წონა;
- ასაკი - ასაკის მატებასთან ერთად, სხეულის დამხმარე ქსოვილები თანდათანობით სუსტდება, რაც თავის მხრივ ზრდის დაავადების განვითარების რისკს;
- ორსულობა - ორსულობის დროს შესაძლოა გაიზარდოს წნევა მენჯის სისხლძარღვებში, რაც იწვევს მათ გაფართოებას;
- მძიმე საგნების რეგულარულად აწევა;
- ხანგრძლივი ხველა ან განმეორებითი ღებინებები;
- ხანგრძლივი პერიოდებით ჯდომა.
ჰემოროიდული დაავედების (ბუასილის) ტიპები
ბუასილი შეიძლება განვითარდეს გარეთ ან შიგნით. შიგნითა ჰემოროი ვითარდება ანალური არხის ზედა ორ-მესამედში, ხოლო გარეთა ჰემოროი - ანალური არხის ქვედა მესამედში (ანუსთან ახლოს). გარეთა ჰემოროი იწვევს ტკივილს. ხოლო შიგნითა ჰემოროი მტკივნეული არ არის.
მკურნალობის ტაქტიკის არჩევის მიზნით საჭიროა დადგინდეს ხარისხი:
- პირველი ხარისხის ბუასილი არ პროლაბირდება გამოკვლევის დროს;
- მეორე ხარისხის ბუასილი პროლაბირდება, მაგრამ სპონტანურად სწორდება;
- მესამე ხარისხის ბუასილის დროს პროლაფსს ხელით შესწორება სჭირდება;
- მეოთხე ხარისხის ბუასილის დროს პროლაფსის მანუალური შესწორება ვერ ხერხდება.
ჰემოროიდული დაავედების (ბუასილის) პრევენცია და მკურნალობა
ბუასილის მკურნალობა შესაძლებელია სხვადასხვა მეთოდით - მედიკამენტოზურად ან ქირურგიულად, რაც დამოკიდებულია დაავადების ხარისხსა და სიმძიმეზე. პირველ რიგში რეკომენდებულია ცხოვრების წესის მარტივი ცვლილებები, როგორიცაა საკვები რაციონის შერჩევა და ყაბზობის (კუჭის შეკრულობის) თავიდან აცილება.
მკურნალობის ტაქტიკა ასევე დამოკიდებულია ჰემოროის ადგილმდებარეობაზე. ქირურგიული პროცედურის შედეგად ხდება დიდი ზომის, ან გარეთ გამოსული ბუასილის ზომაში შემცირება ან მოკვეთა. ქირურგიული ჩარევა მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ბუასილი განვითარებულია ქვედა ნაწილში. არსებობს ქირურგიული ჩარევის სხვადასხვა მეთოდები.
ბუასილის თანამედროვე მკურნალობა - ჰემოროიდული არტერიის ლიგირება და რექტო ანალური აღდგენა
ჰემოროიდული არტერიის ლიგირება და რექტო ანალური აღდგენა (HAL-RAR)
მეთოდი წარმოადგენს ბუასილის მკურნალობის ინოვაციურ, უმტკივნეულო და ეფექტურ პროცედურას, რომელიც ხასიათდება ნაკლები ტრავმატიზმით და გართულებებით. აღნიშნული მეთოდით ჩატარებული მკურნალობის შედეგად პაციენტს არ აქვს პოსტოპერაციული ჭრილობები და ტკივილი.
ჰემოროიდული არტერიის ლიგირება (HAL)
აღნიშნული მეთოდი გამოიყენება პირველ და მეორე ხარისხის ბუასილის სამკურნალოდ ასევე ეფექტურია ჰემოროიდული დაავადების სიმპტომების მოსაშორებლად. პროცედურის დროს ხდება ჰემოროიდული კვანძების მკვებავი არტერიების გაკერვა, სპეციალური ზემგრძნობიარე ერთჯერადი ხმოვანი დოპლერ-სენსორის კონტროლის ქვეშ და დგინდება გადიდებული ჰემოროიდული კვანძების მკვებავი არტერიის ტოტების ადგილმდებარეობა. აღმოჩენილი არტერიები იკერება ინსტრუმენტის ფანჯრიდან. ჯამში შესაძლებელია ექვსამდე ნაკერის დადება. ჰემოროიდული არტერიის ტოტების გაკერვის შემდეგ ბუასილის კვანძების სისხლსავსეობა მცირდება და სრულად ქრება ოპერაციის შემდეგ ხანმოკლე პერიოდში.
ბუასილის ქირურგიული მკურნალობა - ჰემოროიდექტომია
ქირურგიული პროცედურა - ჰემოროიდექტომია რეკომენდებულია მაშინ, როდესაც მკურნალობის სხვა მეთოდები არ გამოიღებს შედეგს ან თუ ბუასილის სახეობა არ ექვემდებარება არაქირურგიულ მკურნალობას. ჰემოროიდექტომია გულისხმობს ჰემოროიდული კვანძების ამოკვეთას და ოპერაცია ტარდება ზოგადი ანესთეზიის ქვეშ.