ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

ჰორმონოთერაპია

ჰორმონის შემცვლელი თერაპია არის მედიკამენტოზური მკურნალობა, რომელიც მოიაზრებს ჩამნაცვლებელ თერაპიას ადამიანის სპეციფიკური ჰორმონებით ან მათი ანტაგონისტებით.


ზოგიერთი კიბოს ზრდა დამოკიდებულია ჰორმონებზე. ამის გამო, მკურნალობა, რომელიც ბლოკავს ან ცვლის ჰორმონებს, მიზანმიმართულია  ამ კიბოს განვითარების შენელებასა და ზრდის შეჩერებაზე. კიბოს ჰორმონებით მკურნალობას ეწოდება ჰორმონოთერაპია, ჰორმონული თერაპია ან ენდოკრინული თერაპია.

ჰორმონოთერაპია გამოიყენება ორი ძირითადი მიზეზის გამო:

  • ჰორმონულ თერაპიას შეუძლია შეაჩეროს ან შეანელოს კიბოს ზრდა და შეამციროს მისი განმეორების შანსი;
  • სიმსივნესთან დაკავშირებული სიმპტომების შემცირება.

ჰორმონოთერაპია გამოიყენება ისეთი სიმსივნეების დროს როგორიცაა ძუძუს კიბო, პროსტატის კიბო, საშვილოსნოს კიბო, თირკმელზედა ჯირკვლის კიბო, თუმცა ჰორმონოთერაპიის გამოყენება გარკვეულ  რისკებთან არის დაკავშირებული. ეს რისკები დამოკიდებულია ჰორმონოთერაპიის ტიპზე, დოზაზე, პრეპარატის მიღების ხანგრძლივობაზე და ჯანმრთელობის ინდივიდუალურ ფაქტორებზე. საუკეთესო შედეგების მისაღწევად, ჰორმონოთერაპია უნდა შეირჩეს ინდივიდუალურად თითოეული პაციენტისთვის და პერიოდულად ხელახლა შეფასდეს, რათა დარწმუნდეთ, რომ სარგებელი აჭარბებს რისკებს.

ჰორმონთერაპიის მიღების სხვადასხვა სახე არსებობს, როგორიცაა:

  • ტაბლეტიზირებული ფორმა;
  • საინექციო ფორმა.

ზოგიერთი სახის ოპერაცია ასევე შეიძლება იყოს ჰორმონოთერაპიის ფორმა.

მაგალითად, ორქიექტომია (ოპერაცია სათესლე ჯირკვლების ამოღების მიზნით, რომელიც ტესტოსტერონის მთავარი წყაროა) შეიძლება იყოს ვარიანტი პროსტატის კიბოს მქონე ზოგიერთი მამაკაცისთვის, რომლებსაც ესაჭიროებათ ჰორმონოთერაპია, როგორც მათი მკურნალობის ნაწილი. ასევე ოოფორექტომია (ოპერაცია საკვერცხეების ამოღების მიზნით, ესტროგენისა და პროგესტერონის  მთავარი წყარო) შესაძლოა იყოს ვარიანტი ძუძუს კიბოს მქონე ზოგიერთი ქალისთვის. ამ ტიპის მკურნალობის გვერდითი ეფექტები, როგორც წესი, მსგავსია იმ წამლებისა, რომლებიც აქვეითებენ ჰორმონის დონეს ორგანიზმში.


ჰორმონოთერაპიასთან 
დაკავშირებული რისკები

მამაკაცებს, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ თერაპიას პროსტატის კიბოსთვის, შესაძლოა ჰქონდეთ შემდეგი გვერდითი მოვლენები:

  • ალები;
  • სექსუალური სურვილის დაქვეითება;
  • ერექციული დისფუნქცია (ერექციის პრობლემა);
  • მოტეხილობების მაღალი რისკი;
  • დაღლილობა;
  • წონის მომატება (განსაკუთრებით მუცლის გარშემო) კუნთების მასის შემცირებით;
  • მეხსიერების პრობლემები;
  • ჯანმრთელობის სხვა პრობლემების გაზრდილი რისკი.

ქალებს, რომლებიც იღებენ ჰორმონალურ თერაპიას სარძევე ჯირკვლის ან ენდომეტრიუმის კიბოს გამო, შეიძლება ჰქონდეთ შემდეგი შესაძლო გვერდითი მოვლენები:

  • ალები;
  • ვაგინალური გამონადენი, სიმშრალე ან გაღიზიანება;
  • სექსუალური სურვილის დაქვეითება;
  • დაღლილობა;
  • გულისრევა;
  • ტკივილი კუნთებსა და სახსრებში;
  • ძვლის დაკარგვა და მოტეხილობების მაღალი რისკი;
  • ინსულტის, სისხლის შედედების, კატარაქტას და გულის დაავადებების მაღალი რისკი.

ჰორმონოთერაპიის დანიშვნა, მიღების წესის შერჩევა და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა გვერდითი მოვლენების შემთხვევაში ხდება ონკოლოგის მიერ. მკურნალობის ეფექტურობის შეფასების მიზნით  ტარდება ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები.

ჰორმონოთერაპიისთვის მომზადება დამოკიდებულია არჩეულ მკურნალობის მეთოდზე.