კრუპი
რა არის კრუპი?
კრუპის ქვეშ იგულისხმება ინფექცია, რომელიც აზიანებს ლორწოვანს განსაკუთრებით ტრაქეის და მბგერავი იოგების დონეზე; ყველაზე ხშირად გვხვდება 6 თვიდან 3 წლამდე ასაკის ბავშვებში. ძირითადად გაივლის თავისით, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ბავშვი აჩვენოთ ექიმს.
რა არის კრუპის სიმპტომები?
კრუპი იწყება ჩვეულებრივ გაციების ნიშნებით - ცხვირიდან გამონადენი, ერთეული ხველა, ზოგადი სისუსტე. ერთ-ორ დღეში ვითარდება:
- მყეფავი ხველა, მჭახე ხმით
- ხმის ტემბრის შეცვლა ლაპარაკის დროს
- ხშირად ერთვის ცხელება 38° ან მეტი
- პერიოდულად ხმაურიანი სუნთქვა. განსაკუთრებით ჩასუნთქვის დროს - ინსპირაციული სტრიდორი
- სიმპტომები ყველაზე ხშირად ვითარდება შუა ღამეს
როდის მივმართოთ ექიმს?
გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო დახმარება, თუ:
- ბავშვი არის ფერმკრთალი ან ციანოზური (მოლურჯო ელფერის)
- არ აქვს ხმა ან აქვს მყეფავი ხველა
- არ შეუძლია იტიროს ან იყვიროს, ვინაიდან არ ყოფნის ჰაერი
- არის უგუნებოდ
- არის ძილიანი ან არ შემოდის კონტაქტში
დაუკავშირდით პედიატრს, თუ:
- გრძელდება ხველება
- ბავშვს აქვს გაძლიერებული ნერწყვდენა ან გაძნელებული ყლაპვა
- აქვს ხმაურიანი სუნთქვა მოსვენებულ მდგომარეობაშიც კი
- შეინიშნება ნეკნებთან ჩადრეკა
- ჩვილებს (3 თვემდე ასაკის) აქვთ ცხელება 38° ან მეტი
- ბავშვებს (3 თვის ასაკიდან) აქვთ ცხელება 3 დღეზე მეტ ხანს
- ბავშვს აქვს კრუპის ნიშნები 7 დღეზე მეტ ხანს
როგორ ვუმკურნალოთ კრუპს?
ექიმი დასახმარებლად მიაწვდის ბავშვს ჟანგბადს ნიღბით და წამალს შეშუპების მოსახსნელად (ჰორმონი ან/და ადრენალინი). კრუპის დროს ანტიბიოტიკები არ გამოიყენება, ვინაიდან კრუპის გამომწვევი არის ვირუსი და ანტიბიოტიკი არ მოქმედებს ვირუსზე.
შესაძლებელია თუ არა სახლის პირობებში ბავშვის დახმარება?
დიახ, შესაძლებელია!
- აიყვანეთ ბავშვი ხელში და გყავდეთ სასურველ პოზიციაში, დაამშვიდეთ, ეცადეთ ბევრი არ იტიროს.
- ჩააცვით თბილად და გაიყვანეთ გარეთ, ან გამოაღეთ ფანჯარა და ასუნთქეთ გრილი ჰაერი.
- მიეცით თბილი სითხეები დასალევად.
- უმკურნალეთ ცხელებას პარაცეტამოლით ან იბუპროფენით.
- იყავით ბავშვთან ერთად და დაიძინეთ მასთან ერთად ოთახში.
- არავის მისცეთ ნება მოწიოს თამბაქო ბავშვთან ახლოს.
რატომ ემართება კრუპი ბავშვს?
კრუპი არის ვირუსული ინფექცია, რომელიც სავარაუდოდ გადაედება ბავშვს ირგვლივ მყოფი ვირუსული ინფექციის მქონე პირისგან ხველების ან ცემინების შედეგად. ის გადამდებია 3 დღის მანძილზე სიმპტომების დაწყებიდან და/ან ცხელების პერიოდში.
შესაძლებელია კრუპის პრევენცია?
თქვენ შეამცირებთ კრუპის განვითარების შანსს, თუ გაითვალისწინებთ შემდეგს:
- ხშირად დაიბანეთ და ასევე ხშირად დაბანეთ თქვენს შვილს ხელები საპნით და გამდინარე წყლით. შეგიძლიათ გამოიყენოთ სადეზინფექციო საშუალებები.
- მოერიდეთ ვირუსული ინფექციის მქონე პირებთან კონტაქტს.
- ბავშვებს 6 თვის ასაკიდან ჩაუტარეთ სეზონური ვაქცინაცია გრიპის წინააღმდეგ.
