მშრალი თვალის და ბლეფარიტის მკურნალობა
რა არის მშრალი თვალის სინდრომი და ბლეფარიტი?
მშრალი თვალის სინდრომი არის მდგომარეობა, როდესაც ცრემლის რაოდენობა ან ხარისხი არასაკმარისია თვალის ზედაპირის სათანადო დატენიანებისთვის.
ცრემლის ფენა თვალის ზედაპირზე შედგება სამი ძირითადი კომპონენტისგან — ლიპიდური, წყლიანი და ლორწოვანი — რომელთა ბალანსი აუცილებელია თვალის დაცვისა და მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. ნებისმიერი კომპონენტის დარღვევამ შეიძლება გამოიწვიოს ცრემლის არასტაბილურობა, ანთება და სიმშრალე თვალში.
ბლეფარიტი, ანუ ქუთუთოების ქრონიკული ანთება, ხშირ შემთხვევაში ახლავს მშრალი თვალის სინდრომს და გვხვდება პაციენტების დაახლოებით 85%-ში. ეს ორივე მდგომარეობა საკმაოდ გავრცელებულია და მკურნალობის გარეშე შესაძლებელია გამოიწვიოს თვალის ზედაპირის დაზიანება, მხედველობის დაქვეითება და ცხოვრების ხარისხის გაუარესება. მათი მართვა ხდება ოფთალმოლოგის მიერ შერჩეული მკურნალობისა და შესაბამისი რეკომენდაციების საშუალებით.
რა სიმპტომებს იწვევს მშრალი თვალის სინდრომი და ბლეფარიტი?
მშრალი თვალის სინდრომი და ბლეფარიტი ხშირად იწვევს დისკომფორტს და მხედველობის დაქვეითებას, განსაკუთრებით დილით ან ეკრანთან ჯდომისას. ამ მდგომარეობების დროს მოსალოდნელია შემდეგი სიმპტომები:
- წვის, სიმხურვალის, ქავილის ან ჩხვლეტის შეგრძნება;
- ტკივილი ან დაჭიმულობის შეგრძნება თვალებში;
- მხედველობის დაბინდვა ან თვალის სწრაფად დაღლა;
- სიმშრალის შეგრძნება;
- თვალის სიწითლე;
- უცხო სხეულის შეგრძნება თვალში;
- სინათლისადმი მგრძნობელობა.
რა არის მშრალი თვალის სინდრომისა და ბლეფარიტის გამომწვევი მიზეზები?
მშრალი თვალის სინდრომის და ბლეფარიტის განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს როგორც ორგანიზმის შიდა პროცესებთან, ისე გარემო პირობებთან.
მშრალი თვალის სინდრომის გამომწვევი მიზეზებია:
- მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია , რაც იწვევს ცრემლის ლიპიდური (ცხიმოვანი) შრის უკმარისობას და ცრემლის სწრაფ აორთქლებას. მეიბომის ჯირკვლების დისფუნქცია მშრალი თვალის სინდრომის ყველაზე ხშირი გამომწვევი მიზეზია;
- საცრემლე ჯირკვლების ფუნქციის დაქვეითება, რაც შეიძლება გამოწვეული იყოს ასაკობრივი ცვლილებებით ან გარკვეული ქრონიკული დაავადებებით (მაგ. რევმატოიდული ართრიტი);
- ჰორმონული ცვლილებები, განსაკუთრებით მენოპაუზის პერიოდში;
- კონტაქტური ლინზების ხანგრძლივი ან არასწორი გამოყენება;
- გარკვეული მედიკამენტების მიღება (ანტიჰისტამინები, ანტიდეპრესანტები, ჰორმონული პრეპარატები და სხვ.);
- არახელსაყრელი გარემო პირობები – მშრალი ჰავა, ქარი, მოწევა, კონდიცირებული ჰაერი და ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარება.
ბლეფარიტის ძირითადი გამომწვევი მიზეზებია:
- მეიბომის ჯირკვლების ბლოკირება ან ცხიმის არარეგულარული გამოყოფა;
- ქუთუთოების ნაპირზე ბაქტერიების გადაჭარბებული გამრავლება;
- ქერტლი (სებორეული დერმატიტი) – თავისა და წარბების ქერტლი ხელს უწყობს ანთების განვითარებას;
- წამწამების ფოლიკულებში არსებული პარაზიტები, როგორიცაა დემოდექსის ტიკი;
- თვალის ჰიგიენის უგულებელყოფა და ლინზების არასათანადო მოვლა.
როგორ ხდება მშრალი თვალისა და ბლეფარიტის დიაგნოსტირება?
მშრალი თვალისა და ბლეფარიტის დიაგნოსტირება ხორციელდება ოფთალმოლოგის მიერ ფიზიკური დათვალიერებისა და სპეციალური კვლევების საფუძველზე. დიაგნოსტირებისას ექიმი აფასებს ცრემლის რაოდენობას, მის ხარისხს, მეიბომის ჯირკვლების ფუნქციას, წამწამების და ქუთუთოების მდგომარეობას.
დიაგნოზის დასმის შემდეგ, ოფთალმოლოგი ნიშნავს პაციენტზე მორგებულ, შესაბამის მკურნალობას.
როგორ ხდება მშრალი თვალისა და ბლეფარიტის მკურნალობა?
მშრალი თვალის სინდრომისა და ბლეფარიტის მკურნალობა დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმესა და გამომწვევ მიზეზებზე. მკურნალობა, როგორც წესი, მოიცავს თვალის ყოველდღიურ მოვლას, მედიკამენტურ ჩარევას და საჭიროების შემთხვევაში – სპეციალურ თერაპიულ პროცედურებს. მკურნალობის ტრადიციული მეთოდებია:
- ხელოვნური ცრემლები და ლუბრიკანტები;
- თბილი კომპრესები და ქუთუთოების ჰიგიენა;
- ანტიბიოტიკები;
- ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები;
- ცრემლის შეკავების საშუალებები: ცრემლის სადრენაჟე არხებში შეიძლება მოთავსდეს სპეციალური სილიკონის საცობები, რომლებიც ხელს უშლის ცრემლის გადინებას.
როდესაც მკურნალობის ტრადიციული მეთოდები არაეფექტურია ან პაციენტისთვის ზედმეტად მოუხერხებელი, ინიშნება თანამედროვე, თერმულ იმპულსებზე (IPL) დაფუძნებული თერაპიული მკურნალობა. IPL თერაპია წარმატებით გამოიყენება მეიბომის ჯირკვლების დისფუნქციით გამოწვეული თვალის სიმშრალის და ბლეფარიტის სამკურნალოდ.
ნიუ ჰოსპიტალსში პაციენტებს საშუალება აქვთ მკურნალობა ჩაიტარონ თანამედროვე, ინოვაციური აპარატით, რომელიც ერთდროულად იყენებს როგორც თერმულ იმპულსებს, აგრეთვე სითბურ ნიღაბს. აღნიშნული მეთოდი ახდენს მეიბომის ჯირკვლების ფოტოსტიმულაციას და ხელს უწყობს მათ ნორმალურ ფუნქციონირებას, ამცირებს ანთებას,
აღადგენს სისხლის მიკროცირკულაციას და თვალის ბუნებრივ ტენიანობას, ანადგურებს ბაქტერიებს.
პროცედურა არაინვაზიური, უმტკივნეულო და უსაფრთხოა, 10-15 წუთი გრძელდება და არ საჭიროებს რეაბილიტაციას. ის ჩვეულებრივ, ინიშნება ყოველ 1-2 კვირაში ერთხელ პაციენტის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით.
რატომ არის მნიშვნელოვანი მშრალი თვალისა და ბლეფარიტის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
მშრალი თვალისა და ბლეფარიტის დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია, რათა მოხდეს ისეთი სერიოზული გართულებების თავიდან აცილება, როგორიცაა:
- თვალის ზედაპირის დაზიანება – ცრემლის უკმარისობამ ან ანთებამ შეიძლება გამოიწვიოს რქოვანას გაღიზიანება, ხახუნით გამოწვეული ნაკაწრები, წყლულები და საბოლოოდ მხედველობის დაქვეითება.
- კონტაქტური ლინზების ტარების გაძნელება – მშრალი თვალის გამო ლინზები შეიძლება გაღიზიანებას იწვევდეს და შეუძლებელი გახდეს მათი ტარება.
- კონიუნქტივიტის ან სხვა ინფექციების რისკის ზრდა – ანთებით ფონზე თვალის ბუნებრივი დამცველი მექანიზმები ირღვევა, რაც ზრდის ბაქტერიული ან ვირუსული ინფექციების განვითარების ალბათობას.
- ცხოვრების ხარისხის დაქვეითება – მუდმივი დისკომფორტი, მხედველობის გაუარესება და სინათლის მიმართ მგრძნობელობა ზღუდავს ადამიანებს ყოველდღიურ საქმიანობაში და ამცირებს ფსიქოემოციურ კეთილდღეობას.
რა რეკომენდაციები ეძლევათ პაციენტებს, რომლებსაც აწუხებთ მშრალი თვალი და ბლეფარიტი?
მშრალი თვალის სინდრომისა და ბლეფარიტის უფრო ეფექტური მკურნალობისთვის მნიშვნელოვანია კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოიცავს როგორც სამედიცინო, ასევე ცხოვრების წესის ცვლილებებს. პაციენტებს ეძლევათ შემდეგი რეკომენდაციები:
- ხელოვნური ცრემლის გამოყენება ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
- თვალის ჰიგიენის დაცვა - ქუთუთოების რეგულარული გაწმენდა და თბილი კომპრესების გამოყენება ხელს უწყობს მეიბომის ჯირკვლების ფუნქციის გაუმჯობესებას;
- ჰაერის ტენიანობის კონტროლი – მშრალი ჰაერი აძლიერებს თვალების სიმშრალეს, ამიტომ სასურველია ჰაერის დამატენიანებლის გამოყენება.
- კვების გაუმჯობესება – ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები (თევზი, თხილი, სელის ზეთი) ხელს უწყობს ცრემლის ხარისხის გაუმჯობესებას.
- რეგულარული შესვენებები კომპიუტერთან მუშაობისას, თვალების გადაღლის თავიდან აცილების მიზნით.
- სათვალეების გამოყენება – თვალების დაცვა მზიან და ქარიან ამინდში ხელს უწყობს სიმშრალის შემცირებას.