ჩაეწერეთ ვიზიტზე მოგვწერეთ ონლაინ phone დაგვირეკეთ

პანკრეატიტი

რა არის კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი)?

კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი) მდებარეობს ღრმად, მუცლის ღრუში, ზუსტად კუჭის უკან და ოდნავ ქვევით. ეს ჯირკვალი გამოყოფს ფერმენტებს, ანუ საჭმლის მომნელებელ წვენებს, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრით წვრილ ნაწლავში - დუოდენუმში (თორმეტგოჯა ნაწლავში) გამოიყოფა, სადაც განაგრძობს კუჭიდან გადასული საკვების დაშლას (მონელებას). კუჭქვეშა ჯირკვალს ასევე აქვს ენდოკრინული ფუნქცია - ის ინსულინს პირდაპირ სისხლში გამოყოფს და, შედეგად, სისხლში შაქრის რაოდენობის რეგულაციაში მონაწილეობს.

პანკრეატიტის შესახებ

კუჭქვეშა ჯირკვლის თუ მის გარეთ არსებულმა პათოლოგიამ და დაავადებამ (როგორც კეთილთვისებიანმა, ისე ავთვისებიანმა) შესაძლოა გამოიწვიოს ჯირკვლის მთავარ სადინარში კუჭქვეშა ჯირკვლის სითხის ნაკადის ობსტრუქცია (დახშობა). ყველაზე გავრცელებულ კეთილთვისებიან პათოლოგიებს, რომლებიც კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის ობსტრუქციას იწვევს, წარმოადგენს კენჭები სანაღვლე გზებსა და კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარში. ავთვისებიანი პათოლოგიების ფართო სპექტრმა, ასევე შეიძლება გამოიწვიოს კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის გარე კომპრესია და ობსტრუქცია (დახშობა).


კუჭქვეშა ჯირკვლის სითხის დინების შეფერხება იწვევს მწვავე პანკრეატიტს - მძიმე დარღვევას, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს მნიშვნელოვანი ავადობა და სიკვდილიანობაც კი. სათანადო მკურნალობის შემთხვევაშიც კი მწვავე პანკრეატიტის შემდგომ პაციენტს ხშირად აღენიშნება ქრონიკული პანკრეატიტი, რომლის რეციდივები მთელი ცხოვრების განმავლობაში იჩენს თავს და ვლინდება ტკივილით, საჭმლის მონელების პრობლემებით და კვების მუდმივი შეზღუდვის საჭიროებით. კუჭქვეშა ჯირკვლის ხანგრძლივი ობსტრუქცია და დილატაცია იწვევს პანკრეასული ქსოვილის ატროფიას, რომელიც ვლინდება ენდოკრინული ფუნქციის დარღვევით, რაც თავის მხრივ იწვევს დიაბეტის განვითარებას ან უკვე არსებულის გაუარესებას.

პანკრეატიტის მკურნალობა 

ნიუ ჰოსპიტალსის ინტერვენციული რადიოლოგიის განყოფილება გთავაზობთ კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრების დილატაციის (გაფართოების), კონსტრიქციის (შევიწროვების) და კენჭების უნიკალური და ეფექტური მკურნალობის მეთოდებს. პროფესორ მალხაზ მიზანდარისა და მისი გუნდის მიერ შემუშავებული მკურნალობა 2010 წლიდან წარმატებით უტარდება პაციენტებს. ბევრ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა მრავალი სამეცნიერო სტატია ამ თემის შესახებ, რომელიც ასევე წარმოდგენილი იქნა ინტერვენციული რადიოლოგიის საერთაშორისო სამეცნიერო სიმპოზიუმებსა და კონგრესებზე. ასეთი მიდგომა შეიძლება ძალიან სასარგებლო აღმოჩნდეს, როდესაც კონსერვატიული (მედიკამენტოზური)მკურნალობა არაეფექტურია, ხოლო ალტერნატიული მეთოდების (მაგალითად, ტრადიციული ან ულტრაბგერითი ასისტირებული ენდოსკოპიური მკურნალობა ან დიდი ქირურგიული ჩარევა) გამოყენება შეუძლებელი ან უშედეგოა.


იდეა მარტივია - პირველი ნაბიჯი კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრების დეკომპრესიაა მისი კანგავლითი დრენირების მეშვეობით. ეს არის მცირეინვაზიური პროცედურა რადიოლოგიური ვიზუალიზაციის კონტროლით, რომელიც არ საჭიროებს ზოგად ანესთეზიას. პროცედურის დასასრულს მცირე ზომის სადრენაჟე კათეტერი იდგმება კუჭქვეშა ჯირკვლის დილატირებულ სადინარში, რაც ხელს უწყობს მის უწყვეტ დეკომპრესიას კუჭქვეშა ჯირკვლის სითხის მიმღებ პაკეტში ჩადინების მეშვეობით. კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის დრენირების ეფექტი პრაქტიკულად მყისიერია და ვლინდება კლინიკური სიმპტომების (ძირითადად ტკივილის) გაუმჯობესებით და მკაცრი დიეტის აუცილებლობის მოხსნით. შემდგომი ეფექტი დიაბეტის ხარისხის თანდათანობით გაუმჯობესებაში მდგომარეობს - დეკომპრესია ხელს უწყობს ჯირკვლის ატროფიის პროცესის სრულ ან ნაწილობრივ უკუსვლას.


ე.წ. „მეორე რიგის“ პროცედურების სპექტრი ტარდება კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის დრენირებიდან რამდენიმე დღეში. ეს პროცედურები არ საჭიროებს არავითარ ქირურგიულ კვეთას. ამ პროცედურებით შესაძლებელია კუჭქვეშა ჯირკვლის სითხის ნორმალური ნაკადის აღდგენა და, საბოლოოდ, შესაძლებელი ხდება ყველა დრენაჟის ამოღება. „მეორე რიგის“ ინტერვენციებს შორისაა:

  • პანკრეასის სადინრის სანათურის აღდგენა კეთილთვისებიანი სტრიქტურისას ბალონური დილატაციის გზით, შემდგომ მეტალის სტენტის იმპლანტაციით, ან მის გარეშე.
  • პერკუტანული ლითოლაპაქსია (სრულად - ბაპდლ პროცედურა, ანუ ბალონით ასისტირებული პერკუტანული დაღმავალი ლითოლაპაქსია), რაც გულისხმობს კუჭქვეშა ჯირკვლის სადინრის კენჭის ან კენჭების ევაკუაციას დუოდენუმში.
  • პანკრეასის სადინრის სანათურის აღდგენა (რეკანალიზაცია) ავთვისებიანი სტრიქტურისას ენდოლუმინური ანუ სანათურშიდა რადიოსისხშირული აბლაციით (RFA) და მეტალის სტენტის იმპლანტაციით.