პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანებები და გვირაბული სინდრომები
პერიფერიული ნერვების დაზიანება ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და რთული ტრავმაა, რომელიც ხშირად ახალგაზრდა ასაკში გვხვდება, ხოლო გვირაბული არხის სინდრომები უმეტეს წილად, შედარებით გვიან ასაკში.
პერიფერიული ნერვების დაზიანება სიცოცხლისთვის საშიშ ტრავმას არ წარმოადგენს, თუმცა შესაძლოა გამოიწვიოს შრომისუნარიანობის ნაწილობრივი ან სრული დაქვეითება. დროული დიაგნოსტიკა და სწორი მკურნალობა მნიშვნელოვანია დაავადებების განვითარების რისკის შესამცირებლად.
რა არის პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება?
პერიფერიული ნერვის ღეროს დაზიანება შესაძლოა მოხდეს სხვადასხვა მიზეზით: ბლაგვი, მჭრელი ან მჩხვლეტავი საგნის გამოყენებით, ცეცხლსასროლი იარაღით ან ტრაქციული დაზიანების შედეგად. ნერვის ღეროს დაზიანებაში იგულისხმება მისი მთლიანობის დარღვევა ან ნაწილობრივი დაზიანება, რის შედეგადაც ხდება კიდურების ფუნქციის მოშლა (მოძრაობის შეზღუდვა, მგრძნობელობის დარღვევა, ტკივილი და კუნთების განლევა).
პერიფერიული ნერვული სისტემის დიაგნოსიტებისთვის გამოიყენება რადიოლოგიური და მაღალტექნოლოგიური კვლევები:
- ელექტრო მიოგრაფია (EMG/NCS)
- ნერვის ექოსკოპია
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI)
„ნიუ ჰოსპიტალსში“ პერიფერიული ნერვების დაზიანების მკურნალობისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
- ნერვის მთლიანობის აღდგენა
- ნერვის ნევროლიზი
- ენდონევროლიზი
რა არის გვირაბული სინდრომი?
გვირაბული სინდრომი პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებაა, რომლებიც გამოწვეულია ნერვის ანატომიურად ვიწრო გვირაბებში კომპერსიით (მოჭყლეტვით, ზეწოლით). ანატომიური გვირაბის კედლები წარმოდგენილია ისეთი სტრუქტურებით, როგორიცაა - ძვლები, მყესები და კუნთები. ჩვეულებრივ, გვირაბებში გადის პერიფერიული ნერვები და სისხლძარღვები, მაგრამ გარკვეული პათოლოგიური ცვლილებების შედეგად არხი ვიწროვდება და ახდენს ნერვზე ზეწოლას. გვირაბული სინდრომების გამომწვევი მიზეზი შესაძლოა იყოს სხვდასხვა მდგომარეობა ან ტრავმა, მაგ: კიდურების ძვლების მოტეხილობა, იდაყვის ძვლის ტრავმა, დიდი ხნით ერთ პოზაში ჯდომა (მუშაობა კომპიუტერთან), ორსულობა, შაქრიანი დიაბეტი და სხვ.
გვირაბული სინდრომის დიაგნოსტირებისთვის გამოიყენება რადიოლოგიური კვლევები:
- ელექტრო მიოგრაფია (EMG/NCS)
- ნერვის ექოსკოპია
- რენტგენი
არსებობს სხვადასხვა ტიპის გვირაბული სინდრომი:
შუათანა ნერვის ნეიროპათია (კარპალური არხის სინდრომი) - ახასიათებს დაბუჟების შეგრძნება მტევნის I, II, III და IV თითის ნახევარში, დენის დარტყმის შეგრძნება, აუტანელი ტკივილები თითებში, რომელიც არ ექვემდებარება ტკივილგამაყუჩებლებს, კარპალური არხის სინდრომის ჩივილები მოგვაგონებს კისრის ოსტეოქონდროზის დროს არსებულ ჩივილებს.
იდაყვის ნერვის ნეიროპათია (კებიტალრი არხის სინდრომი) - ახასიათებს დაბუჟების შეგრძნება მტევანში, ნაწილობრივ მეოთხე და მეხუთე თითში, სისუსტე მტევანსა და მეოთხე და მეხუთე თითში, მეოთხე, მეხუთე თითების გაშლის გართულება, ცერა და საჩვენებელ თითებს შორის კუნთის განლევა, კატის ბრჭყალისებური ხელის ჩამოყალიბება.
სხივის ნერვის ნეიროპათია - სხივის ნერვის ნეიროპათიის ერთ-ერთი და ძირითადი კლინიკური სიმპტომი, მტევნის ჩამოვარდნაა, რაც გამოწვეულია მაჯისა და თითების გამშლელი კუნთების პარეზით: პაციენტი ვერ ახერხებს თითებისა და მტევნის გაშლას.
მცირე წვივის ნერვის ნეიროპათია - ამ დროს შეუძლებელია ტერფისა და თითების გაშლა (ტერფის ჩამოვარდნა), მგრძნობელობითი დარღვევები წარმოიქმნება წვივის გარეთა ზედაპირსა და ტერფის უკანა ზედაპირზე.
მხრის წნულის ნეიროპათია - მხრის წნულის დაზიანება წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე რთულ და ძნელად აღსადგენ პათოლოგიას პერიფერიულ ნერვულ სისტემაში. დაზიანება შეიძლება იყოს სრული ან არასრული ნერვული გამტარობის დარღვევით. დაზიანების დროს მთილიან კიდურზე ვლინდება როგორც მამოძრავებელი, ასევე მგძნობიარე ფუნქციის დაკარგვა ნერვული იმპულსის გამტარიანობის ბლოკადის გამო.
დიდი წვივის ნერვის ნეიროპათია - დიდი წვივის ნერვის დაზიანება (ნეიროპათია) იწვევს ტერფის და თითების მომხრელი კუნთების და ტერფის მომზიდველი კუნთების დამბლას. დიდი წვივის ნერვის ნეიროპათიის დროს მგრძნობიარობის დარღვევები ვითარდება წვივის უკანა ზედაპირზე, ტერფზე, თითების დორსალურ ზედაპირზე.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ გვირაბული სინდრომების მკურნალობისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
- ნერვის ნევროლიზი ან ენდონევროლიზი
- ნერვის დეკომპრესია გვირაბულ არხებში
- ნერვის ტრანსპოზიცია
- გამღიზიანებელი ფაქტორის მოცილება (ძვლის ფრაგმენტი, მეტალოკონსტრუქცია, ძვლის ფიქსაციის შემდეგ)
რა არის პერიფერიული ნერვების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები?
პერიფერიული ნერვების კეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, როგორიც არის შვანომა, ნეიროფიბრომა, ავთვისებიანი სიმსივნე პერიფერიული ნერვის გარსიდან, ბარრე-მასსონის სიმსივნე (Barre-Masson) - ვითარდებიან პერიფერიული ნერვებიდან რაიმე ზემოქმედების გარეშე. რაც შეეხება მორტონის ნევრომას, ის ვითარდება ტერფის ნერვის დაზიანების შედეგად. ყველა სიმსივნის მკურნალობა, იქნება ეს ავთვისებიანი თუ კეთილთვისებიანი, შესაძლებელია მხოლოდ სიმსივნის მოცილების გზით.
სიმსივნეების დიაგნოსტირება შესაძლებელია შემდეგი რადიოლოგიური კვლევებით:
- ელექტრო მიოგრაფია (EMG/NCS)
- ნერვის ექოსკოპია
- მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის (MRI)
პერიფერიული ნერვების დაზიანება შესაძლებელია იყოს როგორც ღია, ასევე დახურული. დაზიანების მიზეზი კი შესაძლოა იყოს სხვადასხვა ტრავმები, მაგალითად დანით, მინის ნამსხვრევებით ან სხვა მჭრელი საგნებით მიყენებული ჭრილობები, ძვლის მოტეხილობა, რბილი ქსოვილების ზეწოლა და სხვ. როგორც ღია, ასევე დახრული ნერვის დაზიანების შემთხვევაში, ტრავმის მიღებისთანავე, ირღვევა მისი როგორც მოძრაობის, ისე მგრძნობელობის ფუნქცია. აღნიშნული დაზიანებების დროს სიმპტომები და ჩივილები შეესაბამება დაზიანებული ნერვის ანატომიურ საინერვაციო ზონას.
პერიფერიული ნერვების დაზიანებას ახლავს კლინიკური ნიშნები - სიმპტომები, რომელიც შესაძლოა მიუთითებდეს დაზიანებაზე:
მგრძნობელობის დარღვევა - მგრძნობელობითი დარღვევა ახლავს ნერვის დაზიანებას და ანატომიურად შეესაბამება მის საინერვაციო ზონას. აღნიშნული სიმპტომი ვლინდება ტრავმის მიღებისთანავე და არ აღდგება ნერვის რეკონსტრუქციის გარეშე. მგრძნობელობის არ ქონის გამო ასეთი პაციენტების ძირითად საფრთხეს წარმოადგენს მოყინვა, დამწვრობა და სხვა.
მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევა - მამოძრავებელი ფუნქციის დარღვევის დროს აღინიშნება იმ კუნთების დისფუნქცია, რომელსაც ამოძრავებდა დაზიანებული ნერვი. შედეგად, პაციენტი მკვეთრად შესუსტებულად ასრულებს ჩვეულ მოძრაობებს, ან საერთოდ ვერ ახერხებს მათ შესრულებას.
ტროფიკული დარღვევები - პერიფერიული ნერვის დაზიანების დროს შესაძლოა წარმოიშვას ტროფიკული დარღვევები, რომლის დროსაც ირღვევა კანის ელასტიურობა და ტურგორი, რაც გამოიხატება კანის გათხელებით. კანის გათხელების გამო იმატებს ტრავმატიზმისა და წყლულების განვითარების სიხშირე. აღნიშნული დარღვევის დროს ფერხდება ფრჩხილების ზრდაც. კიდურები ხდება ატროფიული. ტროფიკული ცვლილებები დროთა განმავლობაში ვრცელდება მყესებზე, სასახსრე ჩანთაზე და იოგებზე, რის შედეგადაც ვითარდება კიდურის მოძრაობის შეზღუდვა და კონტრაქტურების განვითარება.
სხივის ნერვის დაზიანება -სხივის ნერვის დაზიანების ერთ-ერთი ძირითადი კლინიკური სიმპტომი არის მტევნის ჩამოვარდნა. მტევნის ჩამოვარდნა გამოწვუელია მაჯისა და თითების გამშლელი კუნთების პარეზით. პაციენტი ვერ ახერხებს თითებისა და მტევნის გაშლას. შუათანა ნერვის დაზიანების დროს ვითარდება მგრძნობელობის გამოვარდნა მტევნის, I, II, III თითების ხელისგულის ზედაპირზე და IV თითის ნახევარზე, სხივის მხრის ზედაპირზე. მგრძნობელობა ირღვევა აგრეთვე I, II, III საფრჩხილე ფალანგების ხელის ზურგის ზედაპირზე.
რთულდება ან შეუძლებელი ხდება საგნის ფორმის, ზომის, კონსისტენციისა და ტემპერატურის აღქმა შეხებისას. დაზიანების ადრეულ ეტაპზე ვლინდება ვაზომოტორული, სეკრეტორული, ტროფიკული დაზიანებები. კანი მშრალია, ციანოზური და ადვილად ზიანდება. თითები ატროფირებლია, ფრჩხილები დეფორმირდებული და მსხვრევადი, ზრდა დაუზიანებელ ფრჩხილებთან შედარებით შენელებულია. კლინიკური სიმძიმის გამოვლინება დამოკიდებულია მისი დაზიანების ხარისხზე.
იდაყვის ნერვის დაზიანება -იდაყვის ნერვის დაზიანების ძირითად სიმპტომს წარმოადგენს მოტორული ანუ მამოძრავებელი ფუნქციის გამოვარდნა მტევანსა და თითებში, ასევე თან ახლავს მგრძნობელობის დარღვევები. შეუძლებელი ხდება მეოთხე და მეხუთე თითების გაშლა, მეხუთე თითში არ წარმოებს განზიდვა. მტევანსა და თითებში ძალა დაქვეითებულია. კუნთების ატროფია მტევანზე მკვეთრად იგრძნობა დაზიანებიდან დაახლოებით 1-2 თვის შემდეგ, განსაკუთრებით სწრაფად გამოიხატება კუნთის ჩავარდნა პირველ და მეორე თითებშუა სივრცეში. ძვალთაშუა და ჭიაყელა კუნთების განლევის გამო მკვეთრად ვიზუალიზდება ძვლები, მტევნის დორსალურ ზედაპირზე. მოგვიანებით მტევანი დეფორმირდება, მუშტის შეკვრისას IV და V თითები ვერ აღწევენ ხელისგულის ზედაპირს.